00:14, Sunday, 16.05.2021
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

კორონავირუსის პანდემია ოკუპირებულ რეგიონებში

01.03.2021

მანანა ვარდიაშვილი

ოკუპირებული ახალგორის რაიონი 2019 წლის 4 სექტემბრის შემდეგ ჩაკეტილია და დე-ფაქტო პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი ამ რეალობის შეცვლას ჩორჩანა-წნელისის კრიზისის მოგვარებამდე არ აპირებს. ახალგორში, იზოლაციაში მოქცეული მოსახლეობა ჰუმანიტარულ კრიზისში ცხოვრობს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, საკვებსა  და წამლებზე ფასები გასამმაგდა და ბევრი მედიკამენტი აფთიაქებში არც იშოვება. ადგილობრივი მოსახლეობა ვერც  კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას იღებს, რადგან ახალგორის საავადმყოფოში ყველა პროფილის ექიმი არ ჰყავთ. იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებმაც იზოლაციის გამო კვალიფიციური სამედიცინო დახმარება დროულად ვერ მიიღეს და დაიღუპნენ, ყოველთვიურად იზრდება. 

მათ შორის იყო ახალგორის საავადმყოფოს ექიმი, ცნობილი ქირურგი ონისე გათენაშვილიც. ის კორონავირუსით დაინფიცირდა. 2020 წლის 8 ნოემბერს მისი მდგომარეობა დამძიმდა. ოჯახი მის თბილისში გადმოყვანას ითხოვდა. თუმცა, მისმა მეუღლემ ავადმყოფი ქმრის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანის ნებართვა მიმართვიდან მხოლოდ მე-8 დღეს მიიღო.

კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ონისე ექიმს 14 ნოემბერს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში გული იმ დროს გაუჩერდა, როცა ის 
ცხინვალიდან სამკურნალოდ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოჰყავდათ. 

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ინფორმაციით, ოკუპირებულ დაბაში, ჯანდაცვის სერვისზე ხელმიუწვდომლობის გამო, ბოლო ერთი წლის განმავლობაში 16 ადამიანი დაიღუპა.

ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბარში ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების მონაცემები ზუსტი არ არის. 

„2019 წლიდან მოყოლებული ყველა მსგავს შემთხვევას ვინიშნავ. იმის გამო, რომ ცხინვალმა ავადმყოფების საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანის ნებართვა დროულად არ გასცა, 40 ადამიანი დაიღუპა. განსაკუთრებით დამძიმდა მდგომარეობა ნოემბერში, როცა ახალგორში კორონავირუსი გავრცელდა“, - ამბობს მეარაყიშვილი და დასძენს, რომ დეკემბრის ბოლოდან ოკუპირებულ დაბაში ამ მხრივ მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა: „ჩვენმა - ადგილობრივი მოსახლეობის ბრძოლამ შედეგი გამოიღო. ახლა თუ არსებობს ექიმის დასკვნა, რომ ავადმყოფს თბილისში სჭირდება გადაყვანა, ტრანსპორტირებაზე ნებართვის გაცემას აღარ აყოვნებენ. ახალგორი დაცარიელდა. 2002 წლის აღწერის მონაცემებით, ახალგორის რაიონში 7650 ადამიანი ცხოვრობდა. გზის ჩაკეტვამდე აქ 1500-მდე ადამიანი იყო დარჩენილი. ახლა კი მათი რაოდენობა თითქმის განახევრდა. სულ მთლად რომ არ დაცარიელდეს დაბა, ცხინვალი იძულებული გახდა, დათმობაზე წასულიყო. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცხინვალის რეგიონში პრობლემა არსად აღარ არის. პერევში მცხოვრები მოსახლეობისგან ვიცი, რომ თბილისში გადმოსვლის ნებართვის აღება ისევ ძალიან უჭირთ“.

დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას, რომ სიცოცხლისთვის საშიში პირობების გამო, მოსახლეობა დაბას მასობრივად ტოვებს, მაგრამ ადასტურებს, რომ ბოლო პერიოდში „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის პროგრამით, რომელიც ოჯახების გაერთიანებას გულისხმობს, 50-მდე ადამიანმა ისარგებლა და ნათესავებთან ცხოვრების მიზნით, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავიდა. 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ინფორმაციით, ახალი კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან 2021 წლის 1-ელ იანვრამდე,  აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ 250-ზე მეტი კოვიდინფიცირებული გადმოვიდა, სახელმწიფოს რეფერალური პროგრამით კი, რაც კონტროლირებად ტერიტორიაზე უფასო ჯანდაცვის მომსახურების მიღებას გულისხმობს, 900-მდე პაციენტმა ისარგებლა.

„სამწუხაროდ, პანდემიის საპასუხოდ ჩვენს მიერ გაცხადებული ანალოგიური დახმარების განხორციელება დღემდე ვერ ხერხდება ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, საოკუპაციო რეჟიმის დესტრუქციული მიდგომის  გამო“, - ამბობს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი. 

თუმცა, მძიმე მდგომარეობაა აფხაზეთშიც, სადაც დაახლოებით 200 ათასი ადამიანი ცხოვრობს. დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, იქ  კორონვირუსით ინფიცირების 12 700 შემთხვევა გამოვლინდა, 195 პაციენტი გარდაიცვალა, 12 017 კი გამოჯანმრთელდა. 

აფხაზეთში ახლა სამედიცინო პერსონალის მწვავე დეფიციტია. გუდაუთის ჰოსპიტალში, სადაც კოვიდინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ, დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ალხას კონჯარია მორიგე ექიმად წავიდა. 

საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ძირითადად გალში მცხოვრები მოსახლეობა გადმოდის. გალელებს ტესტირება ადგილზე, საბერიოში უტარდებათ. ტესტის ნიმუშები ზუგდიდის საავადმყოფოს ლაბორატორიაში იგზავნება. დადებითი პასუხის შემთხვევაში ავადმყოფები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოჰყავთ. პაციენტი ენგურის ხიდამდე დე ფაქტო რესპუბლიკის სასწრაფო სამედიცინო ბრიგადას მოჰყავს, 800-მეტრიანი ენგურის ხიდის მეორე მხარეს კი, იქ, სადაც საქართველოს პოლიცია დგას,  მას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაგზავნილი სასწრაფო დახმარების მანქანა ელოდება. 

ეთნიკურ ქართველებთან ერთად საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ ეთნიკური აფხაზებიც გადმოდიან. ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიის“ დირექტორი, ალუ გამახარია აცხადებს, რომ მათი ასოციაცია მხოლოდ იმ ადამიანებს ეხმარება, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობა არ აქვთ: „ჩვენმა ასოციაციამ თბილისში თუ საქართველოს სხვა ქალაქების ჰოსპიტლებში სამკურნალოდ კორონავირუსით ინფიცირებული 70-ზე მეტი ადამიანი გადმოიყვანა. აქედან 2 დაიღუპა. სოხუმში სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა არ აქვთ და კვალიფიციურ ექიმებშიც უჭირთ. აფხაზების ნაწილი სამკურნალოდ სოჭში გადადის, ან მოსკოვში მიდის. მოსკოვში წასვლა და მკურნალობა საკმაოდ ძვირია. აქ კი მათთვის მკურნალობა უფასოა. თან დარწმუნებულები არიან, რომ საქართველოში კარგი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას მიიღებენ. აქ გადმოსვლის და მკურნალობის შემდეგ ისინი ქართველების და საქართველოს სახელმწიფოს მიმართ უფრო კეთილგანწყობილები ხდებიან. პრობლემა ის არის, რომ მოლაპარაკების პროცესში ბევრი ოფიციალური უწყება ერთვება და ნებართვის გაცემა ზოგჯერ დროში ძალიან იწელება. იყო შემთხვევები, როცა პასუხს ერთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში ველოდით. ასეთი დაყოვნება კი ზოგჯერ, შესაძლოა, სიცოცხლის ფასი დაჯდეს“.

აფხაზეთში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე გვიყვება რესპონდენტი, რომლის ვინაობასაც მისი თხოვნით არ ვამხელთ. ის გალში ცხოვრობს და საბერიოს საავადმყოფოში არსებულ მდგომარეობას კარგად იცნობს. ამბობს, რომ იქ ძალიან მძიმე ვითარებაა: მწირია მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რის გამოც იქ დასაქმებულ მედპერსონალს უჭირს დიაგნოზის დასმა. საავადმყოფო უკვე რამდენიმე წელია, ითხოვს რენტგენის აპარატს, მაგრამ - უშედგოდ. არ ჰქონდათ სპეციალური ეკიპირება და ერთჯერადი ხელთათმანები, რის გამოც ექიმები PSR-ტესტისთვის საჭირო ნაცხის აღებისას პაციენტებთან შიშველი ხელებით მუშაობდნენ და რისკის ქვეშ აყენებდნენ საკუთარ ჯანმრთელობას. გარდა ამისა, ისინი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ კლინიკებში დასაქმებული კოლეგებისგან განსხვავებით 3-ჯერ ნაკლებ ხელფასს იღებენ. 

როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, პანდემიის დროს მხოლოდ კოვიდინფიცირებული პაციენტების გადმოყვანა გამარტივდა, ისიც - იმიტომ, რომ  დე ფაქტო ხელისუფლებას გუდაუთის და სოხუმის კოვიდ-ცენტრებში გალის მოსახლეობის მიღების რესურსი არ ჰქონდა. ქრონიკული ავადმყოფები და ის ონკოპაციენტები კი, ვისთვისაც ენგურსგამოღმა კლინიკებში მკურნალობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, გეგმიური სამედიცინო მომსახურების გარეშე დარჩნენ. 

გალის საავადმყოფოს მთავარი ექიმი, რომელიც ეთნიკური აფხაზია, გალში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს გეგმიური სამედიცინო მოსახურებისთვის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის ნებართვას არ აძლევს და მათ სოხუმში ამისამართებს, სადაც გალელებს ძალიან დაბალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებაში მაღალი ფასის გადახდა უწევთ. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი პროექტს - „უფასო იურიდიული ადვოკატირება და ადამიანის უფლებების მონიტორინგი კორონავირუსის პანდემიის შემდეგ“, საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს დახმარებით ახორცილებს. პროექტის მიზანია კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის და პანდემიის შემდგომ პერიოდში სავარაუდო ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების იდენტიფიცირება და ცნობიერების ამაღლება მათზე თბილისსა და საქართველოს ხუთ რეგიონში - შიდა ქართლში, კახეთში, ქვემო ქართლში, იმერეთსა და სამეგრელოში.


Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

მე აფხაზეთში მელიან
აფხაზეთში ბოლოს ხუთი წლის წინ ვიყავი. მას შემდეგ დღე არ გადის, მასზე არ ვიფიქრო, არ ვინატრო იქაური ცის ყურება, რადგან იქ ცაც კი
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
არქივი

   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2021 HRIDC