00:41, Sunday, 16.05.2021
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ადამიანის უფლებათა ცენტრისა და მედიის ინსტიტუტის განცხადება ტვ 'პირველთან' დაკავშირებულ სასამართლო განჩინების თაობაზე

12.03.2021

 
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) და მედიის ინსტიტუტი ეხმიანება ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ   ტელეკომპანია „პირველში“ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე მიღებულ განჩინებას.
 
ადამიანის უფლებათა ცენტრის და მედიის ინსტიტუტის შეფასებით, შექმნილი პოლიტიკური კრიზისისა და ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემაში არსებული პრობლემების გათვალიწინებით, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, რომელიც ოპოზიციურად განწყობილ ტელეკომპანიასთან მიმართებით არის მიღებული, ვერ აკმაყოფილებს დასაბუთებულობის სტანდარტს და შესაძლოა, გამოუსწორებელი საფრთხე შეუქმნას ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.

სასამართლოს გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ტვ „პირველის“ ჟურნალისტური მოკვლევა, რომელიც ეხებოდა მოქმედი პრემიერის - ირაკლი ღარიბაშვილის და ყოფილი პრემიერის - ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის, ასევე სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსის სატელეფონო საუბარს. ტვ „პირველის“ ინფორმაციით, ამ ჩანაწერებით იკვეთება, რომ ფეისბუქზე უარყოფითი კომენტარების გამო ყოფილი პრემიერის შვილი ბერა ივანიშვილი სდს-ს უფროს ჩუბინიძეს სთხოვს, ჩაერიოს და „ჭკუა ასწავლოს“ ფეისბუქ მომხმარებელს, რაზეც ჩუბინიძე უარს არ ამბობს.

საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გავრცელებულ ჩანაწერებზე გამოძიების დაწყება კერძო კომუნიკაციების საიდუმლოების დარღვევის მუხლით და საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება, იმ ფონზე, როცა სრულად არის უგულვებელყოფილი თავად ჩანაწერის შინაარსი, რომელიც ასევე შეიცავს სისხლისამართლებრივი დევნის ნიშნებს და რომლის ფიგურანტი დღეს მოქმედი მაღალი თანამდებობის პირები არიან, ცალსახად ტოვებს პოლიტიკური მოტივაციის არსებობის შთაბეჭდილებას. ეს კი, კიდევ უფრო აღრმავებს და აძლიერებს საზოგადოების სკეპტიციზმსა და უნდობლობას სახელმწიფო ინსტიტუციებისადმი.

თბილისის საქლაქო სასამართლოს განჩინება, რომელიც ტელეკომპანია „პირველში“ ჩანაწერების ამოღების ჩატარებას ეხება, დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კანონმდებლობას, ისე ადამიანის უფლებათა ევროპულ სამართალსა და საერთაშორისო სტანდარტებს. 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონვენციის მე-10 მუხლი იცავს არა მხოლოდ ინფორმაციებისა და იდეების შინაარსს, არამედ მათი გავრცელების გზებსაც. სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართლით მიხედვით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება პრესის როლს და ჟურნალისტის მიერ გამოყენებული წყაროს კონფიდენციალურობის დაცვას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში „გუდვინი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ ხაზი გაუსვა ჟურნალისტის ინფორმაციის წყაროს დაცვის მნიშვნელობას მედიის თავისუფლებისთვის. ,,ჟურნალისტის ინფორმაციის წყაროს დაცვა პრესის თავისუფლების ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობაა. ამგვარი დაცვის გარეშე, ჟურნალისტთა წყაროებს შეიძლება ხელი შეეშალოთ, დაეხმარონ პრესას საზოგადოების ინფორმირებაში საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე საკითხებზე. შედეგად, პრესის, როგორც საზოგადოებრივი დარაჯის როლი შეიძლება დაკნინდეს და ხელყოფილ იქნეს პრესის უნარი, უზრუნველყოს ზუსტი და სანდო ინფორმაცია. გადაწყვეტილება ჟურნალისტის წყაროს გამჟღავნების შესახებ ვერ იქნება კონვენციის მე-10 მუხლთან თავსებადი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის გამართლებულია საზოგადოებრივი ინტერესების მოთხოვნით.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, ჟურნალისტთა უფლება, არ გაამჟღავნონ ინფორმაციის წყარო, არ არის უბრალო პრივილეგია, რომლის არსებობაც დამოკიდებულია მათი წყაროს კანონიერებასა ან უკანონობაზე; ეს უფლება ინფორმაციის უფლების შემადგენელი ნაწილია და განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნეს განხილული.

აგრეთვე, აღსანიშნავია საქმე Nagla v. Latvia, რომელიც  ეხებოდა პოლიციის მიერ ცნობილი ჟურნალისტის სახლის ჩხრეკას და მეხსიერების ბარათების ამოღებას. ამ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევა დაადგინა. სასამართლომ აღნიშნა, რომ  ჟურნალისტთა უფლება, არ გაამჟღავნონ ინფორმაციის წყარო, არ არის უბრალო პრივილეგია, რომლის არსებობაც დამოკიდებულია მათი წყაროს კანონიერებასა ან უკანონობაზე; ეს უფლება ინფორმაციის უფლების შემადგენელი ნაწილია და განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნეს განხილული. წინამდებარე საქმეში საგამოძიებო ორგანოებმა ვერ დაიცვეს ბალანსი გამოძიების მიერ მტკიცებულების მოპოვების ინტერესსა და ჟურნალისტის გამოხატვის თავისუფლების დაცვას შორის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება არის დაუსაბუთებელი, როგორც ეროვნული კანონმდებლობის, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული სამართლის გათვალისწინებით. დემოკრატიულ საზოგადოებაში პრესის თავისუფლებისათვის ჟურნალისტური წყაროების მნიშვნელობისა და წყაროს გამჟღავნების შესახებ გადაწყვეტილების „მსუსხავი ეფექტის“ შესაძლებლობის გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და მისი აღსრულების ზომა შეუთავსებელია კონვენციის მე-10 მუხლთან, სანამ ის არ იქნება გამართლებული „ძლიერი საზოგადოებრივი ინტერესით“. 

აქედან გამომდინარე, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას, არ გადადგას ნაბიჯი, რომელიც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებასა და ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებას.

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
მედიის ინსტიტუტი (Media Institute)

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

მე აფხაზეთში მელიან
აფხაზეთში ბოლოს ხუთი წლის წინ ვიყავი. მას შემდეგ დღე არ გადის, მასზე არ ვიფიქრო, არ ვინატრო იქაური ცის ყურება, რადგან იქ ცაც კი
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
არქივი

   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2021 HRIDC