19:00, Friday, 14.05.2021
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

კარვები პარლამენტის წინ - პოლიტიკური კრიზისის ინდიკატორი

01.04.2021

 
ალეკო ცქიტიშვილი

რუსთაველის გამზირი და პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია ხშირად არის მძაფრი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი პროტესტის მთავარი ეპიცენტრი. პოლიტიკური პარტიები თუ სამოქალაქო ჯგუფები საპროტესტო შეკრებებს უმეტესწილად სწორედ პარლამენტის შენობის სიახლოვეს გეგმავენ, ძირითადად - რუსთაველის გამზირის მხარეს. ხელისუფლებასაც ყოველთვის უფრო მეტად აშფოთებს ამ ლოკაციაზე შეკრებილი უკმაყოფილო მოქალაქეები და ტრადიციულად, ძალიან მტკივნეულად რეაგირებს დროებითი კონსტრუქციების - კარვების დადგმაზე. ბოლო პერიოდშიც არაერთი შემთხვევა იყო, როცა პოლიციამ აქციის მონაწილეებს პარლამენტის წინ კარვების გაშლა და ღამის გათევა აუკრძალა. 

კარვების წინააღმდეგ ხელისუფლების ასეთი ხისტი რეაგირება განსაკუთრებით უკვირთ უცხოელ დამკვირვებლებს, ვინც ისტორიულ ჭრილში არ იაზრებს, თუ რატომ შეიძლება იყოს მიუღებელი კარავი საქართველოს ხელისუფლებისთვის, როცა ასეთი დროებითი კონსტრუქციების გამოყენება მთელ მსოფლიოში პროტესტის მშვიდობიან ფორმად არის მიჩნეული. უკანასკნელი 30-35 წლის მოვლენების ანალიზი გვიჩვენებს, რომ ხელისუფლების და საზოგადოების ისტორიული მეხსიერება რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გაშლილ კარვებს პოლიტიკური კრიზისის მანიშნებელ სიმბოლოდ აღიქვამს, როცა ხელისუფლების დღეები (თვეები) დათვლილია და სისტემური ცვლილებების დრო დადგა. ამიტომაც არის ხელისუფლებისთვის გადამწყვეტი, რომ რუსთაველზე კარავი არ გაჩნდეს, ხოლო პროტესტის ორგანიზატორებისთვის - პრინციპულად მნივნელოვანი, აქცია მიმდინარეობდეს უწყვეტად, დღედაღამ, რა დროსაც კარავი აქციის აუცილებელი ატრიბუტი ხდება.

ისტორიული ექსკურსი

ხელისუფლების საწინააღმდეგო საპროტესტო შეკრებები და მანიფესტაციები პრაქტიკულად აკრძალული იყო საბჭოთა კავშირში, როცა საქართველო ამ კავშირის შემადგენელი ერთ-ერთი სოციალისტური რესპუბლიკა იყო. ამ მხრივ, მხოლოდ ორი ცნობილი გამონაკლისი არსებობს, როცა საბჭოთა ხელისუფლების უკმაყოფილო ხალხმა საქართველოში მასობრივი პროტესტი გამოხატა: 1) 1956 წლის 9 მარტს თბილისში ხალხი სტალინის პიროვნების კულტის დაგმობის წინააღმდეგ გამოვიდა, რა დროსაც ხელისუფლებამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი ტყვიები გამოიყენა და ათობით ადამიანი დახვრიტა (დაღუპულთა შესახებ ოფიციალური მონაცემები არასანდოდ ითვლება, ზუსტი მონაცემები კი არ არსებობს). 9 მარტს დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი სწორედ რუსთაველის გამზირზეა. 2) 1978 წლის 14 აპრილს ათასობით ადამიანი გამოვიდა რუსთაველის გამზირზე, ყოფილი უმაღლესი საბჭოს შენობის (ახლანდელი - პარლამენტის) წინ, რათა გამოეხატათ პროტესტი სსრკ-ს ხელისუფლების გადაწყვეტილების მიმართ, რომლის მიხედვითაც, სსრკ-ს კონსტიტუციის 78-ე მუხლში შეტანილი ცვლილების საფუძველზე, ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა. საბჭოთა ხელისუფლებამ ამჯერად დათმო და მოკავშირე რესპუბლიკებს სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდათ.

რუსთაველის გამზირზე მასშტაბური საპროტესტო აქციები გახშირდა გასული საუკუნის 80-იანი წლების მეორე ნახევრიდან, როცა საბჭოთა კავშირის ბოლო ლიდერმა, გარდაქმნის (რუს.: перестройка) ავტორმა, მიხეილ გორბაჩოვმა საპროტესტო შეკრებებზე მოხსნა კომუნისტური დიქტატურის მიერ დაწესებული აკრძალვა. ამ „დათმობას“ რამდენიმე წელიწადში მოჰყვა საბჭოთა რესპუბლიკების ხალხების მასობრივი საპროტესტო აქციები და საბოლოოდ - საბჭოთა კავშირის დაშლა. საქართველოში ტრაგიკულად დასრულდა საპროტესტო გამოსვლები 1989 წლის 9 აპრილს, როცა ხალხის პროტესტმა კულმინაციას მიაღწია და აქციის დასაშლელად საბჭოთა ხელისუფლებამ აკრძალული მომწამლავი გაზი და ტანკები გამოიყენა.
აქციის დარბევისას 21 ადამიანი დაიღუპა.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო კარვები მალევე გამოჩნდა. საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მმართველობის პერიოდში პარლამენტის შენობის (მაშინდელი - უზენაესის საბჭო) მიმდებარე ტერიტორია მთლიანად ხელისუფლების მხარდამჭერებს ეკავათ, რის გამოც ოპოზიცია იძულებული იყო, აქციებისთვის ქალაქის სხვა ადგილები შეერჩია. ხელისუფლების მხარდამჭერი აქციები უზენაესი საბჭოს წინ უწყვეტად მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები ღამეებს სწორედ კარვებში ათევდნენ. საინტერესოა, რომ მათ შორის მდედრობითი სქესის მონაწილეები სჭარბობდნენ, რის გამოც ოპონენტებმა მათ შეარქვეს „კარვის ქალები“ და „მდედრიონი“ (ცინიკურად - „მხედრიონის“ სახეცვლილებით). სამხედრო გადატრიალებამდე ოპოზიცია ამ კარვების ბინადართა დისკრედიტაციას ცდილობდა, რაც ნაწილობრივ გამოუვიდა კიდეც, რადგან სწორედ აქედან მოყოლებული, აქციებისადმი ინდიფერენტულ (ნეიტრალურ) ქართულ საზოგადოებას ხელისუფლებაზე არანაკლებ აღიზიანებს რუსთაველზე გაშლილი კარვები თუ სხვა სახის დროებითი კონსტრუქციები. 

ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების სამხედრო გადატრიალების გზით დამხობის შემდეგ, პარლამენტის წინ მასშტაბური აქციებისა და კარვების გაშლის ორგანიზატორები უმეტესწილად ხელისუფლების მოწინააღმდეგეები იყვნენ. თუმცა, კიდევ ერთი გამონაკლისი შეიძლება გავიხსენოთ, როცა 2003 წლის ხავერდოვანი (ე.წ. ვარდების) რევოლუციის წინა დღეებში პარლამენტის წინ ხელისუფლების მხარდამჭერი აქციები იმართებოდა და მასში მონაწილეობდნენ დემოკრატიული აღორძინების კავშირის, ზვიად გამსახურდიას ქვრივის, მანანა არჩვაძისა და საქართველოს მოქალაქეთა კავშირის მომხრეები. ვინაიდან მთავარი საპროტესტო ადგილი ხელისუფლების მხარდამჭერებს ჰქონდათ დაკავებული, პარალელურ რეჟიმში ოპოზიციის აქციები თავისუფლების მოედანზე იმართებოდა და სწორედ აქედან შეუტიეს შემდეგ კანცელარიის და პარლამენტის შენობებს მომიტინგეებმა.

ვარდების რევოლუციის ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტად არჩევიდან რამდენიმე წელიწადში თვითონვე იქცა მასობრივი პროტესტის სამიზნედ. ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერები ძირითადად სააკაშვილის რეპრესიულ პოლიტიკას და ადამიანის უფლებების დარღვევებს აპროტესტებდნენ. სწორედ მისი პრეზიდენტობისას პარლამენტის წინ კარვების ნაცვლად გამოჩნდა... საკნები. 2009 წლის გაზაფხულზე რუსთაველის გამზირზე ასეთი იმპროვიზებული დროებითი კონსტრუქციების დამონტაჟების იდეა გაახმოვანა გიორგი გაჩეჩილაძემ - „უცნობმა“, რომელმაც 21 აპრილს ცოტა ხნით დატოვა მის მიერვე ტვ „მაესტროში“ დაარსებული სატელევიზიო შოუ „საკანი N5“ და რუსთაველზე შეკრებილ  მომიტინგეებს საკნების დადგმისკენ მოუწოდა. ხოლო მისმა ძმამ, ოპოზიციური მოძრაობის ლიდერმა, ლევან გაჩეჩილაძემ დაიწყო რუსთაველის გამზირზე „საკნების ქალაქის“ მშენებლობის ორგანიზება. ლევან გაჩეჩილაძე აცხადებდა, რომ ქალაქი თბილისი გადაიქცეოდა საკნების გეტოდ, ვიდრე პრეზიდენტი სააკაშვილი არ დატოვებდა თანამდებობას. ოპოზიციის აქტივისტები და მხარდამჭერები, რომელთა ნაწილი რეგიონებიდან იყო მობილიზებული, რუსთაველის გამზირზე და თავისუფლების მოედანზე განთავსებულ ასზე მეტ იმპროვიზირებულ საკანში ათევდნენ ღამეებს. ხელისუფლებას ტრადიციულად მტკივნეული რეაქცია ჰქონდა ოპოზიციის ამ ინიციატივაზე და სხვადასხვა გზით ცდილობდა ამ აქციის დისკრედიტაციას. ოპოზიციას ჰქონდა ეჭვი, რომ მოქალაქეთა სხვადასხვა ჯგუფები  (მაგალითად - ტაქსისტები) სწორედ ხელისუფლების პროვოცირებით გეგმავდნენ კონტრაქციებს და საკნებით გადაკეტილი რუსთაველის გამზირის გახსნას მოითხოვდნენ. საბოლოოდ საკნებით შექმნილი კრიზისი ზაფხულამდე გაგრძელდა და ბოლოს, როცა საპროტესტო მუხტი მინელდა და აქცია მეტ-ნაკლებად მარგინალიზებული გახდა, ოპოზიციამ საკნები აალაგა.

მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება ოპოზიციის საპროტესტო შეკრებების შეზღუდვას კანონმდებლობის ბერკეტებითაც ცდილობდა. სამოქალაქო აქტივისტები და უფლებადაცვითი ორგანიზაციები მსგავს კანონებს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებდნენ. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი საჩივრის განხილვის შემდეგ, 2011 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ნორმები, რომლებიც კრძალავდა შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებას ზოგიერთ დაწესებულებასა და ადმინისტრაციული ორგანოს, მათ შორის სასამართლოს შესასვლელიდან 20 მეტრის რადიუსში. სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელეთა მოსაზრება, რომ ასეთი სახის აკრძალვა კონსტიტუციას არ შეესაბამება, ვინაიდან რიგ შემთხვევებში იგი შეკრებისა და მანიფესტაციის გამართვას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის. ამავე დროს, სასამართლომ აღნიშნა, რომ შეკრების უფლება შეიძლება შეიზღუდოს, როცა იგი ხელს უშლის დაწესებულების გამართულ ფუნქციონირებას ან, როცა შეზღუდვა უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებით არის განპირობებული. 

„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდი

ოპოზიციის საპროტესტო აქციებზე დროებითი კონსტრუქციების - კარვების მიუღებლობა მემკვიდრეობით გადაეცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. კარავი, როგორც პოლიტიკური კრიზისის სიმბოლო, რუსთაველის გამზირზე ამჯერად 2018 წელს გამოჩნდა, როცა მართლმსაჯულებაში არსებული სისტემური პრობლემების გამო, მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა შვილმოკლული მამების, ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის პროტესტს. სარალიძე და მაჩალიკაშვილი პარლამენტთან კარვების დადგმას რამდენჯერმე შეეცადნენ, მაგრამ პოლიციამ მათ ამის უფლება არ მისცა. ერთ-ერთი შემთხვევა იყო 2018 წლის 26 სექტემბერს, როცა პარლამენტისკენ აქციაზე მიმავალი ზაზა სარალიძე პოლიციის თანამშრომლებმა ყოველგვარი განმარტების გარეშე გააჩერეს და კარავი წაართვეს. ამ შემთხვევაზე მკაცრი რეაგირება ჰქონდა საქართველოს სახალხო დამცველს, რომლის შეფასებით, კარვის ჩამორთმევას არ ჰქონდა კანონიერი საფუძველი. მან წინადადებით მიმართა გენერალურ პროკურორს, დაეწყო გამოძიება სამართალდამცავთა შესაძლო დანაშაულზე. თუმცა, გენერალურ პროკურატურას სახალხო დამცველის წინადადება არ გაუზიარებია. ამავე შემთხვევის გამო, სარალიძემ და მაჩალიკაშვილმა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვეს კარვის განთავსების აკრძალვის თაობაზე პოლიციის ქმედების უკანონოდ ცნობა.

2018 წლის 10 ნოემბერს საღამოს არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტის შენობასთან გამართეს ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერი აქცია — „კარვებით ვიცავთ თავისუფლებას!“   ორგანიზაციების წარმომადგენლები ადგილზე რამდენიმე კარვით მივიდნენ. პოლიცია შეეცადა, კვლავ არ დაეშვა პარლამენტის წინ კარვების განთავსება, მაგრამ დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თავიანთი კარვები მაინც დადგეს. ამის შემდეგ ორგანიზაციების ლიდერები მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ კარვებში, რათა ამ გზით დაეცვათ კარვები პოლიციისგან.

არასამთავრობო ორგანიზაციების ძალისხმევით პარლამენტის წინ გაშლილი კარვების შემდეგ ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა რამდენიმე თვის განმავლობაში შეძლეს თავიანთი კონსტიტუციური უფლების რეალიზება. ხელისუფლება სხვა მეთოდებით და ხრიკებითაც ცდილობდა პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის ხელის შეშლას. მაგალითად, შვილმოკლულ მამებს მიუვიდათ წერილი ქალაქ თბილისის მერიისგან, რომ 2018 წლის დეკემბერში მერიას პარლამენტის წინ საახალწლო ნაძვისხის დადგმა უნდოდა, რის გამოც მათ სთხოვდნენ, საპროტესტო აქციის ადგილი შეეცვალათ. შვილმოკლული მამებისადმი დიდი სამოქალაქო მხარდაჭერის გამო, მერიამ გეგმა შეცვალა - 2018 წლის დეკემბერში ნაძვისხე პირველი რესპუბლიკის მოედანზე განათდა, ხოლო მამების კარვები პარლამენტის წინ დარჩა. მერიამ კარვებში განათება და ელექტროღუმელებიც კი დაამონტაჟა, რითაც ხაზი გაუსვა, რომ აქციის ხელის შეშლას არ აპირებდა. ეს კარავი პარლამენტის წინ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებამდე იდგა, ვიდრე პარლამენტის წინ მასშტაბური საპროტესტო აქციის დარბევისას არ მოირღვა. თუმცა, რამდენიმე დღის შემდეგ, პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტთან კარავი კვლავ დადგა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი საპროტეტო აქციას მარტო აგრძელებდა, რადგან ზაზა სარალიძის მოთხოვნები გზადაგზა დაკმაყოფილდა და იგი აქციას გამოეთიშა. 2019 წლის 30 დეკემბერს ქალაქ თბილისის მერიამ ამჯერად ანგარიში აღარ გაუწია შვილმოკლული მამის პროტესტს და კარავი კვლავ საახალწლო ნაძვისხის დამონტაჟების საბაბით აიღო. პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია ამჯერად საახალწლო ნაძვისხისა და ბავშვების გასართობმა ატრაქციონებმა დაიკავა. საზოგადოების განსაკუთრებული დაცინვა კბილებდაკრეჭილმა გასაბერმა ზვიგენმა გამოიწვია, რომელიც სოციალურ ქსელში მოქალაქეებმა ხელისუფლების სისასტიკის სიმბოლოდ მონათლეს. ოპოზიციამ ამ ზვიგენს ხელისუფლების უზნეო სახე უწოდა.

პარლამენტის წინ საპროტესტო აქციების ორგანიზების წინააღმდეგ ხელისუფლებამ მსგავსი ხრიკები შემდეგაც გამოიყენა. ახალი წლის სადღესასწაულო დღეების გასვლის შემდეგ, 2020 წლის 20 იანვრიდან, თბილისის მერიამ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დაგეგმა და პერიმეტრი მთლიანად შემოღობა, როგორც სამშენებლო მოედანი. ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა ოპოზიციის და სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ კრიტიკა, მით უფრო - იმ ფონზე, როცა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ფაქტობრივად არანაირ რეაბილიტაციას არ საჭიროებდა.
  
კიდევ უფრო მძაფრი კრიტიკა დაიმსახურა თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ პირდაპირ ეთერში ნაჩვენებმა პროექტმა და პარლამენტის წინ მოედნის გამწვანების გეგმამ. რეაბილიტაცია სწორედ ამ პროექტით წარიმართა და საბოლოოდ, ეს ფართო სივრცე, რომელიც ათწლეულების განმავლობაში სხვადასხვა სახის შეკრებების, მათ შორის - საპროტესტო აქციებისთვის გამოიყენებოდა, დეკორატიულმა ბუჩქნარმა და შემაღლებულმა, ბასრპირიანმა კონსტრუქციებმა დაიკავა. თავისთავად, ეს კონსტრუქციები ხელს შეუშლის პარლამენტის წინ მოქალაქეთა მრავალრიცხოვან თავშეყრას.

თუმცა, 2021 წლის გაზაფხულიდან, როცა მთავრობამ ახალი კორონავორუსის პრევენციისათვის დაწესებული შეზღუდვები შეამსუბუქა და ე.წ. კომენდანტის საათამდე საპროტესტო შეკრებებიც ნებადართული გახდა, ახლად „რეაბილიტირებული“ პარლამენტის მოედანზე საპროტესტო აქციები მაინც განახლდა და კარვების დადგმისათვის ბრძოლაც თავიდან დაიწყო. 

2021 წლის 19 თებერვალს პოლიციამ დააკავა სამოქალაქო აქტივისტები, რომლებმაც პარლამენტის წინ კარვების გაშლა სცადეს. კარვების გაშლის მცდელობის გამო, აქტივისტები დააკავეს 21 თებერვალსაც. პოლიციის ქმედებები ზოგჯერ კურიოზულია და საზოგადოების დაცინვას იწვევს. მაგალითად, სამოქალაქო აქტივისტების დაკავებისას, პოლიციამ მათი კუთვნილი კარვები მოიპარა და მოქალაქეებს აღარ დაუბრუნა. საბოლოოდ, კარვებთან დაკავშირებული ორთაბრძოლა პოლიციასთან აქტივისტების გამარჯვებით დასრულდა - 2021 წლის 26 თებერვალს, ოპოზიციის მასშტაბური აქციის მიმდინარეობისას, პოლიციამ ვერ დაძლია ათიათასობით ადამიანის წინააღმდეგობა და რუსთაველის გამზირზე 11 კარავი გაიშალა. პოლიციამ ბოლოს ისღა მოახერხა, რომ აქციის მონაწილეებს გადაკეტილ რუსთაველის გამზირზე ავტოსაგზაო მოძრაობის აღდგენა და კარვების ტროტუარზე გადატანა სთხოვა, რაც პროტესტის ორგანიზატორებმა დააკმაყოფილეს, რადგან იმ დროისათვის უკვე აქციის მონაწილეთა რაოდენობაც შემცირებული იყო და რუსთაველის გამზირის გადაკეტვა აღარ იყო მიზანშეწონილი. 

დასკვნა

საქართველოს პარლამენტის წინ ტერიტორია და რუსთაველის გამზირი წლების განმავლობაში მთავარ საპროტესტო ლოკაციად ჩამოყალიბდა. ამ ტრადიციის მოშლა ფაქტობრივად შეუძლებელია და ვიდრე რუსთაველის გამზირზე პარლამენტი ფუნქციონირებს, აქ პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფების პროტესტი მუდმივად იქნება. 

ხელისუფლებას ისღა დარჩენია, პარლამენტი სხვაგან გადაიტანოს (რაც ერთხელ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ სცადა კიდეც) ან შეურიგდეს ბედს და პროტესტის ორგანიზატორებს მიმდებარე ტერიტორიაზე წესრიგის უზრუნველყოფით დაეხმაროს. სხვა ნებისმიერი მცდელობა, იქნება ეს კბილებდაკრეჭილი რეზინის ზვიგენის გაბერვა, საახალწლო ნაძვისხის აღმართვა თუ ხე-ბუჩქნარის დარგვა საპროტესტო აქციების ხელის შესაშლელად, მუდმივად გამოიწვევს საზოგადოების სამართლიან დაცინვას და გულისწყრომას. 

საუკეთესო გამოსავალი ხელისუფლებისთვის დემოკრატიული ფასეულობების და მოქალაქეთა კონსტიტიციური უფლებების პატივისცემაა, რის გამოც ბნელ წარსულში უნდა დატოვოს სამოქალაქო აქტივისტებისთვის პარლამენტის წინ გასაშლელი კარვების წართმევის თუ ქურდულად მოპარვის ტრადიცია. 

სტატია მოამზადა ადამიანის უფლებათა ცენტრმა პროექტის, „მშვიდობიანი შეკრების უფლებისა და სხვა სამოქალაქო უფლებების მდგომარეობა Covid-19-ის პანდემიის დროს საქართველოში“. პროექტი ხორციელდება არაკომერციული სამართლის ევროპული ცენტრის (ECNL) მხარდაჭერით, პროგრამა Inspires ფარგლებში, რაც შესაძლებელი გახდა არაკომერციული სამართლის საერთაშორისო ცენტრის (ICNL) მეშვეობით, USAID-ის დაფინანსებით.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

მე აფხაზეთში მელიან
აფხაზეთში ბოლოს ხუთი წლის წინ ვიყავი. მას შემდეგ დღე არ გადის, მასზე არ ვიფიქრო, არ ვინატრო იქაური ცის ყურება, რადგან იქ ცაც კი
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
არქივი

   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2021 HRIDC