სტატია
8 სექტემბერი, 2008
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს 6 სექტემბრის მონაცემებით, თბილისში დევნილთა რაოდენობამ 39 596, რეგიონებში - 21 776, სულ - 61 372 ადამიანი შეადგინა. თბილისში ფუნქციონირებს 400 დროებითი თავშესაფარი, რეგიონში - 118, სულ _ 518 ობიექტი. 22 აგვისტოსთვის, ცხინვალის რეგიონიდან და შიდა ქართლიდან დევნილი 121 167 მოქალაქე იყო რეგისტრირებული. აქედან, თბილისში, 670 დროებით თავშესაფარში 22 576 პირი ცხოვრობდა, რეგიონებში კი 89 თავშესაფარი ფუნქციონირებდა. დევნილების დიდი ნაწილი ახლობლების ოჯახებში იმყოფება. ჰუმანიტარული ტვირთის სიდიდის მიუხედავად, იძულებით ადგილნაცვალ პირთა ბევრი ოჯახი პურის და ჰიგიენური საშუალებების გარეშეა დარჩენილი. იმის დასადგენად რამდენად მიზნობრივად ნაწილდება დახმარება, დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციას მონიტორინგის განხორციელების საშუალება არ ეძლევა.
8 სექტემბერი, 2008
8 - 10 სექტემბერს გაეროს საერთაშორისო სასამართლო (ჰააგის ტრიბუნალი) რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელს განიხილავს. ამის შესახებ მხარეებს სასამართლოს თავმჯდომარემ როზალინ ჰიგინსმა ოფიციალურად შეატყობინა. საქართველო მოითხოვს, საერთაშორისო სასამართლომ ყველა ზომა მიიღოს, რათა რუსეთმა შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიაზე ქართველების დისკრიმინაცია და ეთნიკური წმენდა, მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა, ქალაქებისა და სოფლების მასობრივი ძარცვა, სეპარატიზმის მხარდაჭერა, გალის რეგიონისა და კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ქართველებზე ზეწოლა - მიიღონ რუსეთის მოქალაქეობა. შესაძლოა, ჰააგის სასამართლომ პირველივე სხდომაზე დააკმაყოფილოს საქართველოს მოთხოვნა დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო რუსეთს მშვიდობის, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ქმედების განხორციელებას აუკრძალავს.