კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს ხელისუფლებას, საქართველოს სახელმწიფოს სახელით ბოდიში მოუხადოს აფხაზ და ოს ხალხებს

23 მაისი, 2011

21 მაისს აფხაზები და კავკასიის სხვა ხალხები, რომლებიც მე-19 საუკუნეში რუსეთის სასტიკი იმპერიალისტური პოლიტიკის მსხვერპლნი გახდნენ, მუჰაჯირობის დღეს აღნიშნავენ. ეს თარიღი თბილისში პირველად გასულ წელს ადამიანის უფლებათა ცენტრმა აღნიშნა.

წლევანდელი 21 მაისი თბილისში პოლიტიკურად ცხელი დღე იქნება - ოპოზიციის რადიკალური ნაწილი პარლამენტის წინ რუსთაველის გამზირზე მასშტაბურ საპროტესტო აქციებს გეგმავს. ხელისუფლება კი არაადეკვატურად მშვიდია და ღამის საათებში საჯარისო ნაწილებს 26 მაისის სამხედრო აღლუმისთვის ავარჯიშებს.

სამხედრო აღლუმის რეპეტიციებზე ღამღამობით გამოყვანილი სამხედრო ტექნიკის გრუხუნი სამოქალაქო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებს ხელისუფლების მილიტარისტულ განწყობებს. სამწუხაროდ, მილიტარიზმი იქცა ხელისუფლების ქრონიკულ ავადმყოფობად, მთელი რიგი გვერდითი მოვლენებით და სავალალო შედეგებით. უახლესი ისტორიული გაკვეთილების მიუხედავად, არც პრეზიდენტს, არც მთავრობას და არც საპარლამენტო უმრავლესობას არანაირი რეალური კორექტივი არ შეუტანიათ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ეთნოკონფლიქტების დარეგულირების პოლიტიკაში.

სამაგიეროდ, საქართველოს პარლამენტი თითქმის ორი წელი ამზადებდა რეზოლუციას, რომელიც რუსეთის მხრიდან ჩერქეზთა გენოციდის საკითხს ეხება. რეზოლუციის პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტი გენოციდის აქტად აღიარებს მე-19 საუკუნეში რუსეთ-კავკასიის ომის დროს ჩერქეზების (ადიღელების) მასობრივ განადგურებას და მათ იძულებით განდევნას ისტორიული სამშობლოდან.

ხელისუფლება წელს ამ რეზოლუციით აპირებს აღნიშნოს მუჰაჯირობის დღე. საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით, რეზოლუციის ინიციატორი - „დიასპორებთან ურთიერთობასა და კავკასიის საკითხებში საპარლამენტო კომიტეტის“ თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური ამ დოკუმენტის დამტკიცებას სპეციალურად ამთხვევს 20 მაისს, რადგან მისი თქმით, 21 მაისი არის ტრაგიკული დღე, რომელიც ჩერქეზთა გენოციდს უკავშირდება.

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ ჩერქეზთა გენოციდის აღიარების შესახებ პარლამენტის რეზოლუცია, რეალურად, წარმოადგენს საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლების მოუქნელი პოლიტიკური ორთაბრძოლის ერთ-ერთ გამოვლინებას. რეზოლუციის ინიციატორს - „დიასპორებთან ურთიერთობასა და კავკასიის საკითხებში საპარლამენტო კომიტეტს“ კავკასიელ ხალხთა ბედი რომ ნამდვილად აღელვებდეს, თავდაპირველად საქართველოს სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე დაფიქრდებოდა და ესოდენ ძვირფას დროს პირველ რიგში აფხაზი მუჰაჯირების ისტორიული ბედისწერის, თანამედროვე ყოფა-ცხოვრებისა თუ მისწრაფებების კვლევას დაუთმობდა. ლოგიკურად, ამ კომიტეტისთვის სხვადასხვა ქვეყნებში გაბნეული აფხაზი მუჰაჯირების მრავალათასიანი დიასპორის პრობლემები უფრო აქტუალური უნდა იყოს. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ქართულ-აფხაზური კონფლიქტის 20-წლიანი ისტორიის განმავლობაში დღემდე არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ დადგა, დრო საქართველოს სახელმწიფომ გაიზიაროს პასუხისმგებლობის კუთვნილი ტვირთი მისსავე ტერიტორიაზე გაჩაღებულ ეთნოკონფლიქტებზე; დადგა დრო, საქართველოს ხელისუფლებამ სახელმწიფოს სახელით აფხაზ და ოს ხალხებს მოუხადოს ბოდიში, რადგან:

1) საქართველოს სახელმწიფომ რამდენჯერმე ვერ მოახერხა როგორც ფართომასშტაბიანი ომის, ისე ლოკალური შეიარაღებული ეთნოკონფლიქტების შეჩერება საკუთარ ტერიტორიაზე;
2) ვერ დაიცვა აფხაზი და ოსი მოქალაქეები ძალადობისგან; უფრო პირიქით - საქართველოს საჯარისო ნაწილები, არაერთგზის, აქტიურად მონაწილეობდნენ რუსეთის ინსპირირებით გაჩაღებულ სისხლისღვრაში აფხაზეთსა თუ სამხრეთ ოსეთში.
3) მშვიდობიანი ინიციატივებისა და შერიგების პოლიტიკის ნაცვლად, საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის მიჰყვებოდა კონფლიქტების ესკალაციის, მილიტარიზმის, სიძულვილისა და ქსენოფობიის დანერგვის გაუმართლებელ გზას;

ადამიანის უფლებათა ცენტრი 2007 წლიდან აწარმოებს კამპანიას „ბოდიში“. კამპანია აერთიანებს ადამიანებს, რომლებიც მოძმე აფხაზ ხალხს უხდიან ბოდიშს, რადგან ვერ შეძლეს დაპირისპირებოდნენ ძალადობას და ვერ მოახერხეს, შეეჩერებინათ ძმათამკვლელი ომი. ეს ადამიანები მოქმედებენ არა საქართველოს სახელმწიფოს  სახელით, არამედ აცნობიერებენ საკუთარ, ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგებზე - იმის მიუხედავად, პირადად მონაწილეობდნენ თუ არა შეიარაღებულ კონფლიქტში.

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ დადგა დრო, საქართველოს სახელმწიფომაც გაიზიაროს კუთვნილი პასუხისმგებლობა, როგორც ისტორიული, ისე თანამედროვე რეალიებიდან გამომდინარე; გადადგას არა პოლიტიკურად ანგაჟირებული და ბუტაფორიული ნაბიჯები არსაით, არამედ აწარმოოს გააზრებული, მშვიდობიანი პოლიტიკა, რომელიც ქართველ, აფხაზ და ოს ხალხებს მიიყვანს შერიგებამდე და კვლავ დააახლოებს მათ ერთმანეთთან, როგორც ეს იყო აწ უკვე შორეულ წარსულში, ეთნოკონფლიქტებამდე. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი
20.05.11.

ახალი ამბები