პრესრელიზი
2017 წლის 13-16 ივნისს, ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ყოველწლიური სტრატეგიული მრგვალი მაგიდის შეხვედრების სერია გაიმართა.
შეხვედრები შეეხებოდა არასამთავრობო სექტორსა და სასამართლოს შორის თანამშრომლობის მიმართულებებსა და სხვადასხვა ქვეყანაში გამოძიების მიმდინარეობას.
შეხვედრებს ესწრებოდნენ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მოსამართლეები და პროკურორი, ასევე პროკურორის ოფისის, რეგისტრატურისა და სასამართლოს სხვა სექციების წარმომადგენლები. არასამთავრობო სექტორის მხრიდან შეხვედრებს ესწრებოდნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები რომის სტატუტი სწევრი ქვეყნებიდან, ასევე საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
საქართველოდან შეხვედრებში მონაწილეობდნენ ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს’’, ადამიანის უფლებათა ცენტრის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის წარმომადგენლები.
ქართველმა მონაწილეებმა ისაუბრეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმდინარე გამოძიებაზე, რომელიც 2008 წლის ომს ეხება და, ამ პროცესთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოში სასამართლოს ადგილობრივი ოფისის შექმნის აუცილებლობაზე. როგორც ქართული, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, სასამართლოს მოუწოდეს მიმდინარე წლის განმავლობაში უზრუნველყოს ადგილობრივი წარმომადგენლობის გახსნა და საინფორმაციო აქტივობების განხორციელება საქართველოში.
მრგვალი მაგიდის შეხვედრებში ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს’’ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.