კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ აფხაზ მუჰაჯირებზე გადაღებული ფილმის პრემიერას წარმოადგენს

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ აფხაზ მუჰაჯირებზე გადაღებული ფილმის პრემიერას წარმოადგენს

19 თებერვალს, 15.00 საათზე, კინოს სახლის მცირე დარბაზში „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ წარმოადგენს პრემიერას ნიკო წულაძის დოკუმენტური ფილმისა „სინანულის სანაპირო“. ფილმი აფხაზი მუჰაჯირების ტრაგიკულ ისტორიას მოგვითხრობს მე-19 სეუკუნის 60-იანი წლებიდან დღემდე. რეჟისორმა 45-წუთიან ფილმში წარმოადგინა საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი ისტორიული საარქივო მასალა და დოკუმენტურად ასახა, როგორ მიზანმიმართულ გენოციდს უწყობდა რუსეთის იმპერია კავკასიის ხალხებს, მათ შორის - აფხაზებს.

საარქივო მასალის გარდა, ფილმში ნაჩვენებია თურქეთში მცხოვრები აფხაზი მუჰაჯირების დღევანდელი ყოფა. როგორც ირკვევა, თურქეთში გადასახლებული აფხაზებისა და მათ გვერდით მცხოვრები ქართველების ურთიერთობა ქართულ-აფხაზურ კონფლიქტს დიდწილად არ გაუფუჭებია. ორივე ხალხის წარმომადგენლები გულისტკივილით აცხადებენ, რომ ეს კონფლიქტი სამარცხვინო ლაქაა და დროა, საქართველოში მცხოვრებმა ქართველებმა და აფხაზებმა იფიქრონ შერიგებაზე.

„ეს ფილმი არის საუკუნეობრივი ბრალდება რუსეთის იმპერიის მიმართ, რომელმაც აფხაზ ხალხს გენოციდი მოუწყო. ეს არის ასევე მესიჯი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მოგვარებისათვის. ვფიქრობ, უკვე მივედით იმ კონდიციამდე, როცა ვაცნობიერებთ, რომ ეს საკითხი პოლიტიკოსების საქმე აღარ არის. ჩვენ ერთ არეალში მცხოვრები ხალხი ვართ და მეგობრობის ნათელ მაგალითს თურქეთში გადასახლებული ქართველი და აფხაზი ოჯახები გვაძლევენ - როგორ მეგობრობენ, ნათესაობენ, ქორწინდებიან და უყვართ ერთმანეთი“, - აცხადებს ფილმის რეჟისორი, ნიკო წულაძე.

რეჟისორის თქმით, საზღვარგარეთ მცხოვრები განათლებული აფხაზები დღეს რეალურად ხვდებიან, რას აპირებს რუსეთი აფხაზეთში. ისინი კარგად აცნობიერებენ, რომ რუსეთი საბოლოოდ აპირებს ამ ხალხის გადაყლაპვას.

„აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა ცდილობს, დააბრუნოს ისინი უკან. სურთ, უცხოეთში მცხოვრები აფხაზი ბიზნესმენებიც დააინტერესონ, მაგრამ მათ უნდობლობა აქვთ რუსეთის მიმართ. ამიტომ რჩება მეორე გზა- აფხაზებსა და ქართველებს შორის გულწრფელი და გულახდილი დიალოგის დაწყება არასამთავრობო სექტორის დახმარებით, სახალხო დიპლომატიით, საკლუბო შეხვედრებით და ა. შ. ფილმს „სინანულის სანაპირო“ იმიტომ ჰქვია, რომ დროა, გულწრფელი სინანული გამოვხატოთ მომხდარზე“, - ამბობს ნიკო წულაძე.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ფილმის პრემიერაზე იწვევს ქართულ-აფხაზური ურთიერთობებით დაინტერესებულ ადამიანებს. ფილმის საპრემიერო ჩვენების შემდეგ, „სინანულის სანაპიროს“ რეჟისორი მაყურებელს უამბობს, როგორ გადაიღო უმნიშვნელოვანესი კადრები და რა მასალები დარჩა კადრს მიღმა, რასაც მერე ფილმის მეორე ნაწილში გამოიყენებს.   

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ აგრძელებს „ბოდიშის“ კამპანიას და კვლავ ცდილობს, შეიცვალოს ქართველ და აფხაზ ხალხს შორის ბოლო წლებში ჩამოყალიბებული ურთიერთობის ფორმები. აპოლიტიკური, ომის საწინააღმდეგო მოძრაობა „ბოდიში“ დაშვებულ შეცდომებსა და ომის საშინელებებზე გვაფიქრებს. მისი მთავარი მიზანია, ქართველებსა და აფხაზებ შორის ნდობის აღდგენა და საინფორმაციო ვაკუუმის გარღვევა. 


„ადამიანის უფლებათა ცენტრი“
15.02.10.