კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება კახი კალაძისა და ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმებასთან დაკავშირებით

13 აგვისტო, 2012
 
საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ, 2012 წლის 8 აგვისტოს გავრცელდა განცხადება , რომელშიც აღნიშნულია, რომ „2012 წლის განმავლობაში, გაცხადებული პოლიტიკური და საარჩევნო მიზნების მქონე პირებმა ბიძინა ივანიშვილმა და კახი კალაძემ კუთვნილი საბანკო ანგარიშებიდან ნაღდი ფულის სახით, დანიშნულების მითითების გარეშე, სოლიდური თანხები გაიტანეს. დასახელებულ პერიოდში ბიძინა ივანიშვილმა გაანაღდა 5.552.135 ლარი, ხოლო კახი კალაძემ 3.388.992 ლარი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მილიონობით ლარის ხარჯვის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ფაქტის დადასტურების მიზნით, ბიძინა ივანიშვილს და კახი კალაძეს გაეგზავნათ წერილი, რათა წარმოედგინათ დოკუმენტალურად დადასტურებული ინფორმაცია ამ თანხებით განხორციელებული საქმიანობისა და გაწეული ხარჯების შესახებ, რაზეც დაუსაბუთებელი უარი განაცხადეს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ძირითად მიზანს წარმოადგენს დარღვევების პრევენცია და არა სანქციების გამოყენება. პოლიტიკური დაფინანსების გამჭვირვალობის მიზნებიდან გამომდინარე, გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე ორივე ფიზიკურ პირს მიეცა წინადადება, დანიშნულების გარეშე, ნაღდი ფულის სახით გატანილი სოლიდური თანხები დააბრუნონ საკუთარ პირად ანგარიშებზე“.

მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი არ ითვალისწინებს პოლიტიკური და საარჩევნო მიზნების მქონე პირების მიმართ, მათი პირადი საბანკო ანგარიშებიდან, თუნდაც რაიმე სახის ოფიციალური დანიშნულების გარეშე, სოლიდური თანხის გამოტანის აკრძალვას. შესაბამისად, არც სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გააჩნია კანონით განსაზღვრული რაიმე სახის უფლებამოსილება, შესაბამისი პირები დაავალდებულოს ან მისცეს მათ „წინადადება“, ამ თანხის უკან დაბრუნების თაობაზე.

აუდიტის სამსახურის განცხადებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ „მილიონობით ლარის ხარჯვის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ფაქტის დადასტურების მიზნით, ბიძინა ივანიშვილს და კახი კალაძეს გაეგზავნათ წერილი, რათა წარმოედგინათ დოკუმენტალურად დადასტურებული ინფორმაცია ამ თანხებით განხორციელებული საქმიანობისა და გაწეული ხარჯების შესახებ“.

ამ თვალსაზრისით, მხედველობაშია მისაღები „პოლიტიკურ გაერთიანებათა შესახებ“ საქართველოს 341 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს პარტიის ფინანსური საქმიანობის კანონიერებასა და გამოჭვირვალობაზე მონიტორინგის განხორციელების დროს, საქართველოს კონტროლის პალატის, ამჟამად კი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილებას. აღნიშნული მუხლის შესაბამისად, „...საქართველოს კონტროლის პალატა უფლებამოსილია:

ა) შეიმუშაოს პარტიის წლიური საფინანსო დეკლარაციის ფორმა;

ბ) დაადგინოს პარტიის დაფინანსების აუდიტის სტანდარტები;

გ) შეამოწმოს პარტიის საფინანსო დეკლარაციისა და საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის სისრულე, სისწორე და კანონიერება;

დ) ჩაატაროს პარტიის ფინანსური საქმიანობის აუდიტი;

ე) უზრუნველყოს პარტიის დაფინანსების გამჭვირვალობა;

ვ) საჭიროების შემთხვევაში, პარტიიდან, ადმინისტრაციული ორგანოებიდან და კომერციული ბანკებიდან გამოითხოვოს ინფორმაცია პარტიის ფინანსებთან დაკავშირებით;

ზ) საჭიროების შემთხვევაში პირებისგან მოითხოვოს ინფორმაცია მათ მიერ პარტიებისთვის და ამ კანონის 261 მუხლით განსაზღვრული პირებისთვის გადაცემული ან მათგან მიღებული ქონების წარმომავლობის შესახებ;

თ) დაინტერესებულ პირებს გაუწიოს კონსულტაცია პარტიის დაფინანსების საკითხებზე;

ი) მოახდინოს რეაგირება პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დარღვევაზე და გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული სანქციები;

კ) დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში მიმართოს პროკურატურის ორგანოებს.

3. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ირღვევა ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები, სახელმწიფო ორგანოები ამის თაობაზე ინფორმაციას აწვდიან საქართველოს კონტროლის პალატას“ . 

როგორც ამ საკანონმდებლო დებულებიდან ირკვევა, საქართველს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არ გააჩნია უფლებამოსილება, მოსთხოვოს კერძო, თუნდაც საარჩევნო და პოლიტიკური მიზნების მქონე პირებს რაიმე სახის ანგარიში მათ პირად საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხების ხარჯვის თაობაზე, ისევე, როგორც ამ ანგარიშებიდან განაღდებული თანხების უკან დაბრუნება. აღსანიშნავია, რომ ორგანული კანონის 341 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, აუდიტის სამსახურს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი პირებისაგან მოითხოვოს ინფორმაცია მხოლოდ მათ მიერ პარტიებისათვის ან პარტიებთან გაიგივებული პირებისათვის გადაცემული ან მათგან მიღებული ქონების წარმომავლობის შესახებ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესაბამისი განცხადებიდან ირკვევა, საქმე არა გვაქვს დასახელებული პიროვნებებისთვის არც ქონების გადაცემასთან და არც მათ მიერ გამოტანილი თანხის ვინმესათვის გადაცემის ფაქტთან. შესაძლო სამართალდარღვევის ნიშნების არარსებობის მიუხედავად, აუდიტის სამსახური მხოლოდ დაინტერესდა, თუ რა მიზნით მოახდინეს ამ პირებმა, საკუთარი საბანკო ანგარიშებიდან, თუნდაც სოლიდური ოდენობის თანხების განაღდება. სახელმწიფო აუდიტის მიერ ამგვარი ინტერესის გამოჩენა არ გამომდინარეობს მისი უფლებამოსილებიდან და, შესაბამისად, არც ზემოაღნიშნულ პირებს გააჩნიათ რაიმე სახის ვალდებულება, დააკმაყოფილონ ამგვარი უკანონო ინტერესი.

როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადების ბოლო აბზაციდან ირკვევა, „პოლიტიკური დაფინანსების გამჭვირვალობის მიზნებიდან გამომდინარე“, ბიძინა ივანიშვილს და კახი კალაძეს მიეცათ „...წინადადება დანიშნულების გარეშე, ნაღდი ფულის სახით გატანილი სოლიდური თანხები დააბრუნონ საკუთარ პირად ანგარიშებზე“. ამრიგად, განცხადებაში საუბარია არა კონკრეტული სამართალდარღვევის გამოვლენის, ან, თუნდაც ამგვარის პრევენციის თაობაზე, არამედ უბრალოდ, შესაბამისი პირების მიერ მათი საკუთარი ანგარიშიდან გამოტანილი თანხის უკან დაბრუნების „წინადადებაზე“.

თავისთავად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ვინმესათვის ამგვარი „წინადადების“ მიცემის უფლებამოსილებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, შესაბამისად, შეუძლებელია ამგვარი მოთხოვნა თუ თხოვნა - კერძოდ კი, „წინადადების მიცემა“ ჩაითვალოს შესასრულებლად იურიდიულად სავალდებულოდ.

აქედან გამომდინარე, აუდიტის სამსახურის არასავალდებულო მოთხოვნის შეუსრულებლობა, შეუძლებელია ჩაითვალოს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონით გათვალისწინებულ აკრძალულ ქმედებად და, შესაბამისად, ამავე კანონით დადგენილი ჯარიმის დაკისრების საფუძვლად.

მიუხედავად ამისა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მაინც დააჯარიმა ეს პირები, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს უფლებამოსილების გადამეტებას და ხელისუფლების ორგანოს მიერ ადამიანის კონსტიტუციურ უფლებათა დარღვევას.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოთხოვნა და კახი კალაძეს და ბიძინა ივანიშვილს დააკისრა ადმინისტრაციული ჯარიმა მრავალი მილიონი ლარის ოდენობით, მათ მიერ, აუდიტის სამსახურის მიერ მიცემული „წინადადების“ დაუკმაყოფილებლობის გამო. სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება დააფუძნა იმ გარემოებას, რომ თითქოს კალაძისა და ივანიშვილის მიერ საკუთარი საბანკო ანგარიშებიდან სოლიდური თანხის გამოტანას მოჰყვა გარკვეული პირების მიერ შესაბამისი პოლიტიკური პარტიების ანგარიშებზე ფინანსური შემოწირულობების შეტანა. თუმცა, სასამართლოს წინაშე არ ყოფილა წარდგენილი რაიმე სახის მტკიცებულებები, რითაც დადასტურდებოდა კავშირი კალაძისა და ივანიშვილის მიერ გამოტანილ თანხებსა და სხვა პირების მიერ შეტანილ პარტიულ შემოწირულობებს შორის.

ხელისუფლების ორგანოების ამგვარი მოქმედებები, რომლებიც მიმართულია კონკრეტული პირების კერძო ფინანსების ტოტალური კონტროლისაკენ, განსაკუთრებით აღმაშფოთებელია იმ ფონზე, როცა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება აბსოლუტურად მოკლებულია ყოველგვარ შესაძლებლობას, მიიღოს კანონმდებლობით საჯარო ინფორმაცია ხელისუფლების მიერ საბიუჯეტო თანხების ხარჯვის მიზნობრიობის თაობაზე.

აღსანიშნავია ის, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონი, შესაბამისი პირების დაჯარიმებას ითვალისწინებს მხოლოდ მაშინ, როდესაც სახეზეა ამ კანონის მოთხოვნათა უშუალო დარღვევა და არა შესაძლო დარღვევების პრევენცია. სახელმწიფო აუდიტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი, ამ კონკრეტულ პირებთან მიმართებით, საუბარია არა ორგანული კანონის მოთხოვნათა დარღვევაზე, არამედ ამგვარი დარღვევის პრევენციაზე. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ იმისათვის, რათა შესაბამისმა ორგანოებმა მოახდინონ, კონკრეტული პირების მიერ კანონის დარღვევის პრევენცია, აუდიტის სამსახურს ის მაინც უნდა დაედასტურებინა, რომ ამ პირების მიერ განხორციელებული საბანკო ტრანზაქცია მიზნად ისახავდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონის მოთხოვნათა დარღვევას. თუმცა, აუდიტის სამსახურმა ამგვარი მტკიცების ტვირთი შესაბამის პირებს დააკისრა და მოსთხოვა მათ პირად საკუთრებაში არსებული ფინანსურის სახსრების განკარგვის კანონიერების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა.

ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს, შესაბამისი გადაწყვეტილების გამოტანისა და კალაძისა და ივანიშვილისათვის მრავალმილიონ ლარიანი ჯარიმის დაკისრებისათვის დასჭირდა, სულ ერთი საათი. მხედველობაშია მისაღები ის უმნიშვნელოვანესი გარემოებაც, რომ როდესაც საქმე ეხება ასეთ მაღალ ჯარიმებს, სასამართლო ვალდებულია, შესაბამის პირს მისცეს საკმარისი დრო და შესაძლებლობა, მოამზადოს თავისი პოზიციების ადეკვატური დაცვა.

როდესაც საქმე ეხება ამგვარ მაღალ ჯარიმებს, მაგალითად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, იურიდიულ ცნებათა ავტონომიური განმარტების პრინციპიდან გამომდინარე, შესაბამის იურიდიულ საქმეთა განხილვისათვის, სახელმწიფოებს უყენებს ისეთივე მაღალ სტანდარტებს, როგორიიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის პროცესისათვის.  ამდენად, ამგვარი არაგონივრულად მცირეხნიანი სასამართლო განხილვა აბსოლუტურად ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლო განხილვის როგორც ნაციონალურ, ისე საერთაშორისო პრინციპებს.

მიგვაჩნია, რომ, როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, ისე თბილისის საქალაქო სასამართლომ კახი კალაძესა და ბიძინა ივანიშვილთან მიმართებით, განზრახ და სრულიად გამიზნულად დააღვია საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული საკუთრების უფლება, სამართლიანი სასამარლო განხილვის უფლება (რომელიც, ასევე, გარანტირებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით), ასევე, კანონის წინაშე თანასწორობის უფლება (სამართლის შერჩევითი გამოყენებით).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოების მხრიდან, ადამიანის უფლებათა ამგვარ მიზანმიმართულ ხელყოფას, ჩვენ ვაფასებთ, როგორც ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების დევნას პოლიტიკური ნიშნით და ხელისუფლების მხრიდან მათი ტოტალური კონტროლისადმი დაქვემდებარების დანაშაულებრივ მცდელობას.

ჩვენს განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ხელისუფლების მიერ ადამიანთა პოლიტიკური ნიშნით დევნასა და მათი ტოტალური კონტროლისადმი დაქვემდებარების დანაშაულებრივ მცდელობაში, საქართველოს სასამართლოების თანამონაწილეობა. იმის მაგივრად, რომ სასამართლომ ადეკვატურ სამართლებრივ კონტროლს დაუქვემდებაროს ადამიანის უფლებებთან მიმართებით ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული ნებისმიერი ქმედება და დააბრუნოს ის კანონიერ ჩარჩოებში, იგი გადაქცეულია პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ, თავისი ბოლოდროინდელი გადაწვეტილებებით, სრულებით უგულვებელყო სამართლის ის უმნიშვნელოვანესი პრინციპები, რასაც ეფუძნება კონსტიტუციონალიზმით შებოჭილი მმართველობა, სამართლიანობა, სამართლის ეთიკური და ზნეობრივი იდეალები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ მოვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ შეწყდეს ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი პირების პოლიტიკური ნიშნით დევნა. ჩვენ შესაბამის ინფორმაციას მივაწოდებთ, როგორც საქართველოში არსებულ საელჩოებსა და ადამიანის უფლებათა დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებ, ისე საზღვარგარეთის შესაბამის ორგანიზაციებს.  
  
ადამიანის უფლებათა ცენტრი


[2] იხ. საქმე - „Bendenoun v. France“ 
 

ახალი ამბები