თამთა თვალავაძე
16 ივლისს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ადამიანის უფლებათა ცენტრმა მედიის წარმომადგენლებს წამების მსხვერპლი მსჯავრდებულის, თამაზ რასოიანის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.
ადამიანის უფლებათა ცენტრი სასჯელაღსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივ მუდმივმოქმედ კომისიას თამაზ რასოიანის ვადაზე ადრე გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართავს. მსჯავრდებული 2004 წლიდან პატიმრობაშია, განზრახ მკვლელობის ბრალდებით მას სასჯელი პრაქტიკულად მოხდილი აქვს , თუმცა 2009 წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ახალი ბრალი, ქურდული სამყაროს წევრობა, წაუყენეს და 11 წელი მიუსაჯეს. თამაზ რასოიანი თავს დამნაშავედ არ ცნობს.
ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის განმარტებით, თამაზ რასოიანი ქურდული ტრადიციებით არ ცხოვრობდა და დაკავებამდე მანქანების რეცხვით არჩენდა ოჯახს. ეს ბრალდება მას ციხის ადმინისტრაციამ უკანონოდ წაუყენა, მას შემდეგ, რაც მის წინააღმდეგ სხვა პატიმრებს ჩვენებები იძულებით მიაცემინეს. ეს მსჯავრდებულები ამჟამად მზად არიან, პროკურატურასა რეალური ჩვენებები მისცენ.
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განხორციელებულმა ფიზიკურმა და ფსიქოლოგიურმა წამებამ რასოიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესესება გამოიწვია. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე მისმა მამიდამ, ზინა შაბეშოვმაც ისაუბრა.
ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ნესტან ლონდარიძე აცხადებს, რომ „პატიმრობის შესახებ“ კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილში მოცემული დაავადებათა ჩამონათვალიდან მსჯავრდებულს რამდენიმე აწუხებს და ამიტომ ექვემდებარება გათავისუფლებას.
ალეკო ცქიტიშვილის თქმით , სახელმწიფო ვალდებულია, იზრუნოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფი წამების მსხვერპლთა სამართლებრივ და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციაზე. ამავე დროს, გადახედოს პროკურატურამ თავისი კომპეტენციის ფარგლებში უნდა შეისწავლოს ამ პატიმართა საჩივრები და მოახდინოს დროული რეაგირება. წინააღმდეგ შემთხვევაში, წამების ტოლფასია ყოველი ის დღე, რასაც წამებისა და უკანონობის მსხვერპლი პატიმრები საპატიმროში ატარებენ.
პრესკონფერენციას ასევე ესწრებოდა მსჯავრდებულ ისლამ დერბოევის ნათესავი. დერბოევსაც იგივე პრობლემები აქვს, რაც რასოიანს და იურიდიული დახმარებისთვის ადამიანის უფლებათა ცენტრს ცოტა ხნის წინ მომართა. ცენტრი უკვე მის ინტერესებსაც იცავს.