კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

12 სექტემბერი, 2011

ტყის კოდექსისა და იჯარის ხელშეკრულების პროექტების საჯარო განხილვის უზრუნველყოფის შესახებ
 
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს;
საქართველოს პარლამენტს;
საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს;
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს;
საქართველოს სახელმწიფო მინისტრს ევროინტეგრაციის პროცესებში;
საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს;
საქართელოს გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოს.

 
გაცნობებთ, რომ 4 სექტემბერს, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ გაავრცელა ტყის კოდექსისა და იჯარის ხელშეკრულების პროექტები. დოკუმენტები ელექტრონულად გადაეგზავნა შემდეგი ორგანიზაციების წარმომადგენლებს: ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი, მწვანე ალტერნატივა, საქართველოს მწვანეები, სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, ორჰუსის ცენტრი, CENN.
 
აღნიშნულ ორგანიზაციებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია წარმოდგენილი პროექტების განხილვის შესახებ: „სამუშაო დოკუმენტების მოსმენისა და განხილვისთვის დაგეგმილია არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრის ჩატარება მიმდინარე წლის 15 სექტემბერს. თანდართული დოკუმენტები გადმოგზავნილი იქნება აგრეთვე ოფიციალური წერილით, სადაც დაგიზუსტებთ შეხვედრის დეტალებს (ადგილსა და დროს)“.
 
დოკუმენტები წარმოდგენილია ინგლისურ ენაზე.
 
ინფორმაციისა და პროექტების გავრცელების, ასევე მათი განხილვის შემოთავაზებული ფორმა სიმპტომატურია და გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა. პირველ რიგში, ხელისუფლების ვალდებულება, უზრუნველყოს სატყეო სექტორში დაგეგმილი ცვლილებების საჯაროობა და საზოგადოების ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ფორმალურ ხასიათის იღებს. კერძოდ:
 
• წარმოდგენილი დოკუმენტები ხელმისაწვდომი არ არის საზოგადოებისა და სპეციალისტებისათვის;
• დოკუმენტები ნაკლებად ხელმისაწვდომია საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის და არ აძლევს საშუალებას, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გაანალიზონ, წარუდგინონ საზოგადოებას და მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
• სათარგმნი ტექსტი ვერ უზრუნველყოფს საკანონმდებლო აქტის უპირველეს მოთხოვნას – არ იძლეოდეს ინტერპრეტაციის საშუალებას.
 
გარდა ამისა:
 
• ჩნდება ეჭვი, რომ პროექტები კოპირებულია და მათი მომზადების პროცესში არ არის გააზრებული ქვეყნის რეალური პრობლემები;
• აშკარაა ქართველი სპეციალისტების შეზღუდული მონაწილეობა პროექტების მომზადებაში;
• პროექტების მომზადებისას გათვალისწინებული არ არის არცერთი ტექსტი (კანონი, კვლევა, დასკვნა, რეკომენდაცია), რომელიც არსებობდა სახელმწიფო ენაზე;
• პროექტების ავტორებს კონსულტაცია არ გაუვლიათ კომპეტენტური სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან.
 
ქართული ტექსტის გავრცელებამდე განხილვის დანიშვნა მიუთითებს, რომ პროექტის ინიციატორები სერიოზულად არ აღიქვამენ საზოგადოების როლს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ასევე დაკნინებულია:
 
• საქართველოს პარლამენტის როლი უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო აქტის მიღებაში;
• კომპეტენტური სახელმწიფო უწყებების როლი ბუნებრივი რესურსების მართვაში;
• საერთაშორისო და სახელმწიფო ნორმები და სტანდარტები, რაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობას უზრუნველყოფს;
 
შესაბამისად, შეიძლება შემდეგი პროგნოზების გაკეთება:
 
• სატყეო რეფორმა დაჩქარებულ რეჟიმში განხორციელდება;
• როგორც საზოგადოების, ასევე პარლამენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენტური უწყებების მონაწილეობას მხოლოდ ფორმალური ხასიათი ექნება;
• ხელისუფლება არ გაითვალისწინებს საზოგადოებრივი და საერთაშორისო ორგნიზაციების, აგრეთვე სპეციალისტების კომენტარებს, შენიშვნებს და რეკომენდაციებს.
 
ასეთ შემთხვევაში, წარმოდგენილი ინიციატივა ქვეყნის ბუნებრივ რესურსებს, ეკონომიკას, ეკოლოგიას, რეგიონების განვითარებას და მოსახლეობის ინტერესებს სერიოზული საფრთხის ქვეშ დააყენებს.
 
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება საქართველოს ხელისუფლებას და ცალკეულ უწყებებს მიმართავს თხოვნით:
• საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ უზრუნველყოს პროექტების თარგმანი და მისი გავრცელება ფართო საზოგადოებაში;
• საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებივი რესურსების სამინისტრომ განხილვის მომზადებისთვის საჭირო გონივრული ვადა განსაზღვროს საქართველოს საკანონმდებლო აქტების პროექტების ქართულ ენაზე თარგმნისა და გავრცელების შემდეგ;
• საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა დაუყოვნებლივ მოითხოვოს პროექტების ქართული ვერსია და დაიწყოს მისი განხილვა საზოგადოების მონაწილეობით;
• საკუთარი კომპეტენციისა და ფუნქციის ფარგლებში საჯარო განხილვები მოაწყოს:
 
საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრომ
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ
სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ევროინტეგაციის საკითხებში
დაცული ტერიტორიების სააგენტომ
გარემოს დაცვის ეროვნულმა სააგენტომ
 
აღნიშნულმა უწყებებმა განხილვებზე წარმოადგინონ პროექტების ანალიზი და შესაბამისობა მათ გეგმებთან და პროექტებთან (კანონპროექტები, განვითარების გეგმები...), ასევე საკუთარი ხედვა კომპეტენციის ფარგლებში;
 
• საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ წარმოადგინოს ორიგინალი დოკუმენტი, საიდანაც მოხდა საქართველოს ტყის კოდექსის პროექტის მომზადება, ასევე ინფორმაცია პროექტში ჩართული ექსპერტებისა და საჯარო მოხელეების შესახებ და უზრუნველყოს მათი შეხვედრა საზოგადოებასთან.
 

CENN
 
საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი
 
საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი
 
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
 
კავკასიური სახლი
 
კონსტიტუციის 42–ე მუხლი
 
ახალგაზრდული ალტერნატივა
 
კახეთის საინფორმაციო ცენტრი
 
მცხეთა–მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი
 
სამოქალაქო საზოგადოების განვითარების კავშირი „ბორჯღალო“
 
ჩვენი თაობა
 
ასოციაცია ფლორა და ფაუნა
 
მიგრანტთა უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის ცენტრი
 
(მიმართვა ღიაა ხელმოწერებისთვის)

ახალი ამბები