კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გუნავას ნარკოტიკებისა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდება მოეხსნა

14 მარტი, 2013

სალომე აჩბა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს თენგიზ გუნავას ნარკოტიკისა და იარაღის უკანონო შენახვა-შეძენისათვის წაყენებული ბრალდება მოეხსნა. ამგვარი შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. პროკურატურის თქმით, ამ საქმეზე გუნავას დაკავებისას პროცესუალური დარღვევები გამოიკვეთა, რის გამოც პროკურატურამ საჭიროდ მიიჩნია, რომ ბრალი მოხსნილიყო.

გუნავას წინააღმდეგ წაყენებულ მეორე ბრალდებაზე კი, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანებას და სახელმწიფო ქონების მითვისება-გაფლანგვას ეხება,  სასამართლო განხილვა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.           

პროკურატურამ ბრალის მოხსნის საჭიროება იმ მოტივით დაასაბუთა, რომ მოკვლევის შედეგების თანახმად, გუნავა პროცესუალური ნორმების დარღვევით დააკავეს. კერძოდ: მისი დაკავების რეალური დრო დაკავების ოქმში მითითებულ დროს არ ემთხვევოდა.

თავად გუნავა ამბობს, რომ გარდა პროცესუალური დარღვევებისა, მისი დაკავებისას სამართალდამცველებმა თავიანთ უფლებამოსილებასაც გადააჭარბეს. კერძოდ, ნივთმტკიცების სახით ამოღებული ნარკოტიკული საშუალება და მაკაროვის ტიპის იარაღი მას სამართალდამცავებმა დაკავებისას ჩაუდეს.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, საგამოძიებო ორგანოების იმ თანამშრომლების მიმართ, რომლებმაც თენგიზ გუნავა დააკავეს, უფლებამოსილების გადამატების მუხლით გამოძიება უკვე მიმდინარეობს.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალის მოხსნასთან ერთად, გუნავას დაუბრუნდება 10 000 ლარიც, რომელიც მან  გირაოს სახით გადაიხადა. 

გუნავას წინააღმდეგ აღძრულ კიდევ ერთ საქმეზე, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსლების გადამეტებას, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანებას და სახელმწიფო ქონების მითვისება-გაფლანგვას ეხება,  ბრალი არ მოხსნილა და ამ მიმართულებით სასამართლო პროცესები ჩვეულ რეჟიმში წარიმართება. ამ საქმეზე 13 მარტის სასამართლო პროცესზე მხარეებმა თავიანთი შესავალი სიტყვა წარმოადგინეს.

პროკურატურა გუნავას სამ ეპიზოდში ედავება. პირველ ეპიზოდში საქმე ეხება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანებას. საგამოძიებო ორგანოების ინფრომაციით, თენგიზ გუნავასა და მის მძღოლს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც გუნავამ თავისი მაკაროვის ტიპის სამსახურებრივი იარაღით, მძღოლს, საქმეში დაზარალებულად ცნობილ იზორიას, ესროლა.

დაცვის მხარისთვის პროკურატურის ბრალდება დაუსაბუთებელია. „დაზარალებული თავის ჩვენებაში ამბობს, რომ მას არ დაუნახავს ვინ გაისროლა. ის არ ადასტურებს რომ მას გუნავამ ესროლა. იქ სხვა პირებიც იმყოფებოდნენ და ხომ შეიძებოდა ნებისმიერ მათგანს გაესროლა?! გარდა ამისა, ბრალდების მხარის ბრალი გულისხმობს გუნავას მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რადგან თითქოსდა, გუნავამ სამსახურებრივი იარაღით მიაყენა პირს განზრახ მსუბუქი დაზიანება. საქმეში არსებული ვერც ერთი მტკიცებულება და მოწმე ვერ ადასტურებს რომ გასროლა სამსახურებრივი იარაღით მოხდა. ერთ-ერთი მოწმე ამბობს, რომ გასროლა მოხდა H1 - ტიპის იარაღით, ამ პერიოდში კი, გუნავას სამსახურებრივ იარაღად H9 ტიპის იარაღი ერიცხებოდა. აქედან გამომდინარე, ის ბრალი, რაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს აქვს წაყენებული, უსაფუძვლოა“, - აღნიშნა დაცვის მხარის ადვოკატმა, მალხაზ ველიჯანაშვილმა

კიდევ ერთი ეპიზოდი, რაშიც გუნავას ედავებიან, საწვავის ტალონების არამიზნობრივ გამოყენებას ეხება.

„ეს ტალონები გუნავას არსად წაუღია, არავისთვის მიუცია. ისინი მან თავისი სამსახურებრივი მანქანისთვის გამოიყენა და როგორ შეიძლება საქმე ტალოების არამიზნობრივ ხარჯვასთან გვქონოდა. გარდა ამისა, გუნავა არ იყო ვალდებული ეწარმოებინა რაიმე სახის უწყისი, სადაც აღწერდა რა მიზნით გამოიყენა საწვავის ტალონები“, - აღნიშნა დაცვის მხარის ადვოკატმა თავის შესავალ სიტყვაში.

მესამე ეპიზოდი კი, სახელმწიფო სახსრების მიღებასა და მითვისებას ეხება. ბრალდების მხარის ინფორმაციით, გუნავამ გარკვეული ოდენობის თანხა ისე მიიღო, რომ არ დაუწერია არანაირი პატაკი ამ თანხის ხარჯვასთან დაკავშირებით.

„იმას, რომ გუნავამ მართლაც მიიღო გარკვეული რაოდენობის თანხა, არც თავად გუნავა უარყოფს. ეს თანხა საჭირო იყო საიდუმლო ოპერატიული სამძებრო საქმიანობის განსახორციელებლად. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მზადაა დეტალურად მიაწოდოს სასამართლოს ინფორმაცია, იმის შესახებ, თუ სად და როგორ დაიხარჯა ეს ფული, მაგრამ ვინაიდან საქმე საიდუმო სამძებრო საქმეს ეხება, ამგვარ განმარტებებს გუნავა მხოლოდ დახურულ სასამართლო სხომაზე გააკეთებს“, - ამბობს გუნავას ადვოკატი.

მომავალ სასამართლო სხდომაზე, რომელიც 26 მარტსაა ჩანიშნული, სასამართლო ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვას მოისმენს.

ახალი ამბები