კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

'ალბათ, ნებისმიერი რეგიონული ჟურნალისტი გეტყვით, რომ გადარჩენისთვის გვიწევს ბრძოლა!'

13 დეკემბერი, 2023
 ავტორი: თეონა რამაზაშვილი. ambebi.ge

“ვიდრე ამ სფეროში ფეხს შემოვდგამდი, ვიცოდი, რომ ჟურნალისტობა რთული იყო, თუმცა, დღევანდელი გადმოსახედიდან ვხვდები, რომ იმაზე რთულია, ვიდრე წარმომედგინა“, - გვითხრა ჟურნალისტმა შიდა ქართლიდან, შოთა სადაღაშვილმა. ის პროფესიის გამო დაზარალებული ადამიანია. შოთა პატარა ადგილობრივი ტელევიზიის “ტვ მონიტორინგის“ ჟურნალისტია, რომელიც პროფესიული საქმიანობისას ზეწოლის მსხვერპლი გახდა.

საქმე აღძრულია ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის მუხლით. მის უფლებებს “ადამიანის უფლებათა ცენტრი / Hუმან ღიგჰტს ჩენტერ“ - ის იურისტი ალექსი მერებაშვილი იცავს. “ადამიანის უფლებათა ცენტრი / Hუმან ღიგჰტს ჩენტერ“ “დოიჩე ველე“ აკადემიასთან ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს თანადაფინანსებით მედიის წარმომადგენლებს, მათ შორის ჟურნალისტებს, ოპერატორებს, ბლოგერებს და ფოტოგრაფებს საჭიროების შემთხვევაში უფასო სამართლებრივ დახმარებას სთავაზობს.

შემთხვევა დაახლოებით, ერთი თვის წინ მოხდა. როგორც ალექსი მერებაშვილი გვიყვება, “ტვ მონიტორინგის“ ჟურნალისტმა ადგილობრივ თემატიკაზე გააკეთა სიუჟეტი, კერძოდ, შენობაზე, რომელსაც ნარკოდამოკიდებულები იყენებდნენ. საკითხზე სურდა გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელის ჩაწერა, თუმცა სატელეფონო საუბრისას რესპოდენტმა ქალმა განუცხადა, რომ “არ ეცალა, ტრენინგზე იყო...“

ალექსი მერებაშვილი:
 “შოთა სადაღაშვილმა სიუჟეტში ახსენა, რომ ადგილობრივების პრობლემებისთვის გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელს არ სცალია. სიუჟეტის გასვლის შემდეგ მას დაუკავშირდა უცნობი პირი - მამაკაცი, მოსთხოვა პასუხი, თუ რატომ გაუშვა ეს ეპიზოდი სიუჟეტში, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. უთხრა, რომ თუ კიდევ გავიდოდა მსგავსი რამ, “ოთხში ამოიღებდა“- რაც ცოცხლად გატყავებას ნიშნავს. ფრაზა სიკვდილთან არის კავშირში. ჟურნალისტმა მოახერხა სატელეფონო საუბრის ჩაწერა და მივმართეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. საქმე აღიძრა ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის მუხლით. ფაქტი ერთი თვის წინ მოხდა, ამიტომ ჯერ რაიმე შედეგებზე საუბარი ნაადრევია.".

შოთა სადაღაშვილი ჩვენი რესპოდენტია, რომელიც პროფესიულ და რეგიონალურ პრობლემებზე გვესაუბრება. როგორც თავად აცხადებს, შეიძლება რთული დასაჯერებელია, თუმცა ფაქტია, რომ დღეს ტელევიზიაში რეალურად ორი ჟურნალისტი მუშაობს, რომელთაგან ერთ-ერთი დროდადრო ოპერატორის ფუნქციასაც ითავსებს. თუმცა, ეს არ უშლით ხელს, ცენტრალური სატელევიზიო არხებისთვის ინფორმაციის მნიშვნელოვანი მიმწოდებლები იყვნენ. შოთა ამბობს, რომ შიდა ქართლში არსებული რეალობა და პრობლემებიც საგრძნობლად განსხვავდება დედაქალაქისგან.

“არ არის მარტივი, იმუშაო ამ პროფესიით რეგიონში. საზოგადოების ნაწილი აგრესიულად არის განწყობილი. ამის მიზეზი, ჩემი აზრით, არის ადგილობრივი ხელისუფლება, რომლებიც არ სჯიან ადამიანებს, ვინც ხელს გვიშლის მუშაობაში. უფრო მეტიც, მათი განცხადებებიდან გამომდინარე, ახალისებენ ძალადობას.
შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს რეგიონში და ალბათ, ნებისმიერი რეგიონის ჟურნალისტი იტყვის, რომ გადარჩენისთვის გვიწევს ბრძოლა“.

როგორც შოთა აცხადებს, რეგიონალურ ჟურნალისტს მეტი ხელისშემშლელი ფაქტორი ხვდება ყოველდღიურობაში, ვიდრე დედაქალაქში მომუშავე მედიის წარმომადგენელს.

“ცენტრალური ტელევიზიებისგან განსხვავებით, გაცილებით დიდ დროს ვუთმობთ მოსახლეობის პრობლემების გაშუქებას. ძირითადი ჩვენი მესიჯი და მიზანია, ვიმუშაოთ მოსახლეობის პრობლემებზე და მათ საჭიროებებზე. ვცდილობთ, მაქსიმალურად ახლოს ვიყოთ ადამიანებთან. თითქმის ყოველდღიურად ჩავდივართ საოკუპაციო ხაზთან, რომელიც ჩვენგან რამდენიმე კილომეტრშია. ჩავდივართ სხვადასხვა სოფლებში, ვეცნობით მათ პრობლემებს, გვიყვებიან ხოლმე ინფრასტრუქტურულ, სოციალურ გარემოზე. თუმცა, როდესაც მივდივართ ადგილობრივ ხელისუფლებასთან პასუხების მოსასმენად, ხშირ შემთხვევაში არის დუმილი.

ჩვენ ვართ ადგილობრივი ხალხის ხმა, რომელიც უმეტეს შემთხვევაში ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან რჩება "ხმად მაღაღადებლისა...“ - ამბობს სადაღაშვილი.

კრიტიკული სიუჟეტებისა და მის მიერ მომზადებული მასალების გამო, ის არაერთხელ გამხდარა თავდასხმის, მუქარის ობიექტი. როგორც თავად ამბობს, აგრესიას მიჩვეულია, მაგრამ ბოლო დროს მნიშვნელოვნად იმატა მსგავსმა ფაქტებმა მის მიმართ, რაც აჩვენებს, რომ რეგიონული მედიის წარმომადგენლების მცირე კონტიგენტი სერიოზულ მხარდაჭერას საჭიროებს.

“ჟურნალისტობა არის ძალიან რთული და მათ შორის, რეგიონში. ბოლო პერიოდში კონკრეტული ჯგუფები ჟურნალისტების მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან, მათ შორის ჩვენთან - შიდა ქართლის რეგიონში მოქმედი კრიტიკული მედიის მიმართ.

არაერთი საქმე არსებობს ჩემი, როგორც ჟურნალისტური პროფესიის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებთან დაკავშირებით.

ერთ-ერთი ბოლო ფაქტია მუქარა, სავარაუდოდ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდან. მოვამზადეთ რეპორტაჟი ჭალის დასახლებაში არსებულ შენობაზე, რომელიც ნანგრევებად იყო ქცეული და იყენებდნენ ნარკომომხმარებლები. ამასთან დაკავშირებით რედაქციაში შემოვიდა ზარი და გვთხოვეს გაგვეშუქებინა. ბუნებრივია, დავინტერესდით...

ჟურნალისტის ვალდებულებაა, რომ მოისმინოს ყველა მხარის პოზიცია. მათ შორის მოსახლეობის, მერიის წარმომადგენლის, სწორედ ამ პროცესში დავუკავშირდით მერიის წარმომადგენელს ჭალის დასახლებაში და ვთხოვეთ კომენტარი. მან გვიპასუხა, რომ არ იყო სამსახურში, იყო ტრენინგზე და ამ ეტაპისთვის მოსახლეობის პრობლემებისთვის არ ეცალა. მისი ეს ნათქვამი ვახსენეთ რეპორტაჟში - თქვით, რომ მერიის წარმომადგენელს არ სცალია ხალხის პრობლემებისთვის და თავს არიდებს ჩვენს კითხვებზე პასუხს. ამის შემდეგ ტელევიზიაში რეკავს მამაკაცი, რომელიც სავარაუდოდ, არის მერიის წარმომადგენლის ოჯახის ახლობელი ან მისი თანამშრომელი და გვეუბნება, რომ ჩვენ ეს არ უნდა გაგვეშვა ეთერში. მისი თქმით, ქალბატონი ნამდვილად იმყოფებოდა ტრენინგზე, ჩვენ კი მოვახდინეთ მისი დისკრედიტაცია.

როგორც კი დავიწყე ახსნა, რომ ჟურნალისტები ვალდებულები ვიყავით მისი პოზიცია გაგვევრცელებინა, დაიწყო მუქარა სიცოცხლის ხელყოფით.

ეს მუქარა, აბსოლუტურად, რეალური იყო. შესაძლოა, მე და ჩემს კოლეგებს ხვალ ისევ მოგვიწიოს ჩასვლა ჭალის დასახლებაში, დაგვჭირდეს იგივე მერიის წარმომადგენლის შესახებ რაიმე კონკრეტული რეპორტაჟის მომზადება, რატომ არის გამორიცხული, რომ ამ დროს აგრესორმა თავისი ნათქვამი სისრულეში მოიყვანოს?! აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, მიგვემართა სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის", - გვიყვება შოთა სადაღაშვილი.

წყარო: www.ambebi.ge/article/302515-albat-nebismieri-regionuli-zhurnalisti-getqvit-ro/

ახალი ამბები