კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საზარელი ავტოავარია, დაუსჯელი მკვლელები და უპასუხოდ დარჩენილი კითხვები

28 აპრილი, 2006

საზარელი ავტოავარია, დაუსჯელი მკვლელები და უპასუხოდ დარჩენილი კითხვები

2001 წლის 25 მარტს ქ. გურჯაანში კოტეხის უბანში, ღამის 12 საათისთვის, „ნივის“ მარკის ავტომანქანა ფეხით მიმავალ სამ ადამიანს დაეჯახა. 22 წლის ილია ნადაშვილი და 35 წლის გოჩა მახარაშვილი ადგილზე გარდაიცვალნენ, მძიმე მდგომარეობაში მყოფი რევაზ ქიტოშვილი კი მოგვიანებით რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 276 მუხლის მე-7 ნაწილით აღიძრა. გამოძიება დამნაშავის დაუდგენლობის მოტივით, რამდენჯერმე შეჩერდა და განახლდა. გარდაცვლილთა ახლობლების მტკიცებით, ძიება თავიდანვე მიზანმიმართულად, არასწორად წარიმართა, რადგან ავარიის დროს მანქანაში გურჯაანის პოლიციის მაღალჩინოსნები, იმდროინდელი პოლიციის უფროსი ლექსო გილიგაშვილი და საგზაო პოლიციის უფროსის მოადგილე ოთარ რუაძე ისხდნენ.

„ავარიის შესახებ მოგვიანებით გავიგეთ. ჩემი შვილი მაშინვე გარდაცვლილა. გოჩა მახარაშვილის გადარჩენა კი შესაძლებელი ყოფილა, მაგრამ ოთხი საათის განმავლობაში დახმარება არავინ აღმოუჩინა. მესამე, რეზო ქიტოშვილი გადარჩა, მაგრამ ისე დააშინეს, რომ დღემდე აცხადებს, არაფერი დამინახავსო. ავარია ოთარ რუაძის საცხოვრებელ სახლთან მოხდა. იგი მაშინ რაიონის საგზაო პოლიციის უფროსის მოადგილე იყო. დაჯახების ხმაზე ქუჩაში პირველი სწორედ ოთარ რუაძის ვაჟი - გოგიტა რუაძე გამოსულა და როგორც აცხადებდა, ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრში დაინახა „ბმვ“-ის მარკის ავტომანქანა 525, რომელიც, მისი თქმით, მალევე გაიქცა”,- ამბობს გარდაცვლილი ილია ნადაშვილის მამა გერონტი ნადაშვილი და ამტკიცებს, რომ „ბმვ“-ს მარკის ავტომანქანა საქმეში სპეციალურად ჩართეს, რათა მოხდეს ნამდვილი დამნაშავისათვის ბრალის არიდება. დაზარალებულები კი ხელს ავტომანქანა „ნივის“ მფლობელს ოთარ რუაძეს და მასთან მჯდომ ლექსო გილიგაშვილს ადებენ, რის საფუძველსაც ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილის დასკვნა აძლევთ.

„მას შემდეგ რაც ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა დადო დასკვნა იმის შესახებ, რომ გარდაცვლილი ილია ნადაშვილის ტანსაცმელზე თეთრი ფერის საბჭოთა წარმოების „ნივის“ მარკის ავტომობილის საღებავი აღმოჩნდა, გამომძიებელმა გიოშვილმა გვითხრა, ნამდვილად ასეაო. გამომძიებელი ამბობდა, რაიონში არსებული თითქმის ყველა ასეთი მონაცემების ავტომობილი შევამოწმე, მათ შორის ოთარ რუაძის კუთვნილი სამი ნივიდან ორიც, მაგრამ ერთის შემოწმების საშუალება არ მომეცა, რადგან ოთარ რუაძემ მითხრა, ერთი „ნივა“ 2000 წელში გავყიდეო. არადა თავად გიოშვილმა გვითხრა ისიც, რომ ავარიამდე რამდენიმე დღის წინ სწორედ იმ ნივაში იჯდა პოლიციის ეზოში. რა უნდოდა 2000 წელში გაყიდულ „ნივას“ 2001 წელს პოლიციის ეზოში? ავარიიდან რამდენიმე დღის შემდეგ პოლიციის უფროსმა ლექსო გილიგაშვილმა ოთარ რუაძე დააწინაურა და მანქანების გაფორმების სამსახურის უფროსად გადაიყვანა. რუაძემ ეს ნივა გააკეთა, თბილისში აიღო დოკუმენტი, რომ მანქანის საღებავი ქარხნული იყო და „ნივა“ გარდაბანში გაყიდა“,- აღნიშნავს გარდაცვლილი გოჩა მახარაშვილის და - ნანული მახარაშვილი.

დაზარალებულების დახმარებით ჩვენთვის მოწმის ჩვენებაც გახდა ცნობილი, რომელმაც გასაგები მიზეზების გამო ვინაობის გამჟღავნებისგან თავი შეიკავა. „ბენზინგასამართ სადგურზე მანქანისთვის საწვავს ვიღებდი. ამოირბინა თეთრი ფერის „ნივის“ ავტომანქანამ, რომელსაც ჩამტვრეული ჰქონდა საქარე მინა და ფარები. საწვავის აღების შემდეგ გზა გავაგრძელე და დაახლოებით ხუთას მეტრში, გზაზე, ასფალტზე ორი ახალგაზრდა შევნიშნე. მაშინვე პოლიციას ვაცნობე“,- აღნიშნავს მოწმე.

საოლქო და გენერალური პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პარლამენტის თავმჯდომარისა და პრეზიდენტის სახელზე მიმართული დაზარალებულთა არაერთი საჩივრის მიუხედავად, საქმე გამოძიებული ჯერაც არ არის. 

ჩვენთან სატელეფონო საუბარში გამომძიებელი გოგი პასიკაშვილი, რომელსაც დაზარალებულთა თქმით, მოწმეთა დაკითხვისას ოთარ რუაძე აკონტროლებდა და უყვიროდა, მისდამი წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს. „აღნიშნულ საქმეს ჩემამდეც იძიებდენ და ჩემს შემდეგაც. თვით შს სამხარეო სამმართველოს საგამოძიებო სამსახურის უფროსი მალვიძეც იძიებდა“.
 
ჟურნალისტი: - გამოძიებისას თუ დაკითხეთ ოთარ რუაძე და ლექსო გილიგაშვილი და რა გაირკვა?

გამომძიებელი პასიკაშვილი: - „ოთარ რუაძე დავკითხე, მაგრამ ლექსო გილიგაშვილი არ დამიკითხავს. მართალია, საქმეში დევს ექსპერტის დასკვნა, რომ ფეხით მოსიარულეებს თეთრი ფერის „ნივის“ მარკის ავტომანქანა დაეჯახათ. ჩვენ ვერ გავარკვიეთ ვის ეკუთვნოდა ეს მანქანა და ვინ მართავდა მას შემთხვევის დროს. 
ავტოსაგზაო შემთხვევისას, ოთარ რუაძის მიერ „ნივის“ მარკის მანქანის მართვას კატეგორიულად უარყოფენ რუაძის ოჯახის წევრები. მათი თქმით, ოთარ რუაძე ავარიის დროს თბილისში იმყოფებოდა და მის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები სიცრუეა და მეტი არაფერი“.

მომხდართან დაკავშირებით, კომენტარზე უარს აცხადებენ გოგიტა რუაძე და რევაზ ქიტოშვილი. რაც შეეხება ლექსო გილიგაშვილს, მასთან დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა.

„თუ ვცდებით და რუაძე და გილიგაშვილი არაფერ შუაში არ არიან, რატომ წამოკრიფეს მანქანის ნამსხვრევები და მერე რატომ გააქრეს ყველაფერი; რატომ ერეოდნენ გამოძიებაში, რატომ გაყიდა ოთარ რუაძემ აღნიშნული „ნივა“ სასწრაფოდ; ვინ გააყალბა პრეზიდენტ შევარდნაძის წერილი, თითქოს მან ჩვენი განცხადება განსახილველად მაშინდელ შს მინისტრს კახა თარგამაძეს გადაუგზავნა და საკითხი პირად კონტროლზეც აიყვანა, რატომ არ აღმოჩნდა დეპეშის ასლი ფოსტაში და საერთოდ, რატომ გაჭიანურდა ასე ამ საქმის გამოძიება?“ - კითხულობენ დაზარალებულები და ამ კითხვებს პასუხსაც თავად სცემენ, „მხოლოდ იმიტომ, რომ ავტოავარია გავლენიანმა პირებმა მოახდინეს და საქმის ყველა გამომძიებელი გააჩუმეს და აჩუმებენ“...   

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები