01:12, Saturday, 19.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ბრძოლა ნარკომანებთან თუ ნარკომანიასთან?

15.01.2007
drogen.gifსახელმწიფომ ნარკომანების წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა. ნარკოლოგები ხელისუფლების დამოკიდებულებას არ იზიარებენ და მიიჩნევენ, რომ ნარკომანების წინააღმდეგ მკაცრი ზომები პრობლემას კიდევ უფრო გაამწვავებს.

„რესპუბლიკური ნარკოლოგიური ცენტრის“ ინფორმაციით, აჭარაში ბოლო ორი წლის განმავლობაში ნარკომანთა რაოდენობა  გაიზარდა. 2006 წლის 9 თვის მონაცემებით, ბათუმში პოლიციის მიერ აღრიცხული ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელთა რიცხვმა 2764-ს მიაღწია. არაოფიციალური ინფორმაციით კი ნარკოტიკის მომხმარებელთა რიცხვი გაცილებით მაღალია.

„ნარკომანთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია აშკარაა. ალბათ, ამის მიზეზი ისიც არის, რომ ქვეყანაში ნარკოტიკების მოპოვება გაადვილდა“ - ცხადებს „რესპუბლიკური ნარკოლოგიური ცენტრის“ ექიმი-ნარკოლოგი, მაია კონცელიძე.
 
ნარკოტიკების მომხმარებელთა ზრდასთან ერთად, სახელმწიფომ ნარკომანების წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა და საჯარიმო თანხის ოდენობა 500 ლარამდე გაზარდა. როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტ-კონსულტანტი გენადი ქარცივაძე ამბობს, ცვლილებები კანონში აგვისტოს თვეში შევიდა: „ნარკოტიკული საშუალებების მიღებისთვის დაკავებულ პირს 500 ლარით აჯარიმებენ ან 30 დღით აპატიმრებენ. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, თანხა დაკავებულის სტიპენდიიდან, ხელფასიდან ან პენსიიდან განაღდდება. თუ დაკავებულს შემოსავალი არ გააჩნია, ჯარიმის გადახდა პირადი ან საერთო სარგებლობის ქონების გაყიდვის შედეგად მოხდება.“

ერიკ მურადოვი ნარკომანია. რამდენიმე თვის წინ ნარკოტიკების მოხმარებისთვის დააკავეს. ახალი კანონმდებლობის თანახმად, მურადოვს სასამართლომ 800 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა. არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივა ჯორჯიას“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მურადოვმა სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხა, შემოსავლების არქონის გამო ვერ გადაიხადა: „მურადოვს სააღსრულებლო ბიურომ, ჯარიმის ამოღების მიზნით, საცხოვრებელი სახლი აუქციონის წესით, 3500 დოლარად გაუყიდა. სახლიდან ერიკ მურადოვთან ერთად, მისი დედაც გამოასახლეს. მურადოვის დედა, რომელიც ფსიქიკურად არის დაავადებული, ფსიქიატრიული კვლევის ინსტიტუტში მოათავსეს.“
 
ზორია წურწუმია ნარკომანიის საკითხებზე 2001 წლიდან მუშაობს. ფიქრობს, რომ მურადოვის ფაქტის მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილება, არსებული კანონის პირობებში შეუძლებელია: „ეს არასასიამოვნო პრეცედენტი იმის დასტურია, თუ როგორ ებრძვის ხელისუფლება ნარკომანს. ფაქტიურად ისედაც გასაცოდავებულ ადამიანს არსებობის უფლებასაც ართმევს. ავადმყოფი ციხეში არ უნდა გაუშვა, ფულადი ჯარიმა არ უნდა გადაახდევინო და მით უფრო, რაც გააჩნია, ისიც არ უნდა ჩამოართვა. მთავრობა რეაბილიტაციის ცენტრების გახსნაზე უნდა იყოს ორიენტირებული. ცივილიზებული სამყარო მიხვდა, რომ ნარკომანიის პრობლემის გადასაჭრელად, ნარკომანების რეაბილიტაციისთვის დიდი რაოდენობით ფული უნდა დახარჯოს. ჩვენ კი ნარკომანიით დაავადებულებისგან ვცდილობთ თანხის ამოღებას. არ ვიცი საჯარიმო სანქციებიდან შესული თანხა სად იხარჯება, თუმცა, ზუსტად ვიცი, რომ ნარკომანების მკურნალობას არ ხმარდება.“ 

სანქციების გამკაცრებას ასევე სკეპტიკურად აფასებს მაია კონცელიძეც: „ნარკომანია ბიო-ფსიქო-სოციალური პრობლემაა და მისი გადაჭრის მცდელობა სანქციებით, არაჯანსაღი და არასერიოზული მიდგომაა. სანქციით ვებრძვით ნარკომანებს და არა ნარკომანიას. სამწუხაროა, მაგრამ ნარკომანიასთან ბრძოლა ხელისუფლებისთვის ნაკლებად პრიორიტეტულია.“
 
საქართველოში, მხოლოდ ის ცენტრები არსებობს, სადაც ნარკომანებისთვის ბიოლოგიურ მკურნალობაზე, ანუ ე.წ. „ლომკის“ მოხსნაზე ზრუნავენ (ცენტრში მკურნალობა ნებაყოფლობითია). ამის შემდეგ კი საჭიროა ნარკომანებმა რეაბილიტაციის პროცესი გაიარონ და ნარკოტიკისადმი ფსიქოლოგიური დამოკიდებულება დაძლიონ.

სარეაბილიტაციო ცენტრი კი არ არსებობს. როგორც ექიმი-ნარკოლოგები აცხადებენ „ამ ფუნქციას ხშირად ეკლესია ითავსებს, თუმცა ეს პრობლემას არ წყვეტს.“
 
მარინა შაქარიშვილს ნარკომანია უმთავრეს პრობლემად ექცა. ის ნარკომანიით დაავადებული შვილის დედაა. პრობლემის გადასაჭრელად შვილის ნარკომანობის შესახებ თავად შეატყობინა პოლიციას. მაგრამ პრობლემა ამით ვერ მოგვარდა: „ვფიქრობდი, სწორი გადაწყვეტილება მივიღე-მეთქი. დარწმუნებული ვიყავი, რომ შვილი გადავარჩინე. მერე გავიგე, ციხეში ნარკოტიკის მოპოვება ისევე ადვილი ყოფილა, როგორც ქუჩაში. ჩემი შვილი ავადმყოფია და მას სასჯელის მოხდა კი არა, მკურნალობა სჭირდება. ჯარიმების დაწესება მართლაც სასაცილოა. ეს იგივეა შიდსის ვირუსით დაინფიცირდე და მთავრობამ ამისათვის ჯარიმა გადაგახდევინოს ან ქონება გაგიყიდოს“ - ამბობს მარინა შაქარიშვილი.
 

სოფო ჟღენტი, ბათუმიდან

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC