კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქართველი სამხედროების რაოდენობა ერაყში 2000-მდე გაიზარდა

30 მაისი, 2007

erayis.gif

2007 წლიდან ერაყისა და კოსოვოს სამშვიდობო მისიებში საქართველოს კონტიგენტი 280-დან 2000-მდე იზრდება. თუ ქართველი მშვიდობისმყოფელები ადრე მწვანე ზოლში პატრულირებდნენ და განაღმვის ოპერაციებს ასრულებდნენ, ამიერიდან წითელ ზოლში გადადიან. ბევრისთვის გაუგებარია, რატომ ზრდის საქართველო კონტიგენტს მაშინ, როცა სხვა ქვეყნებმა თავიანთი სამხედროების რაოდენობა ან მინიმუმამდე შეამცირა, ან ერაყიდან საერთოდ გაიყვანა.

ამ საკითხზე განმარტებებს დეპუტატთა ერთი ნაწილი დიდი ხანია ითხოვს, თუმცა, მათ დამაკმაყოფილებელი ინფორმაცია ვერ მიიღეს. სამშვიდობო კონტიგენტის გაზრდა სამხედრო ექსპერტებისთვისაც გაუგებარია. ისინი კონცეფციას ითხოვენ, სადაც დადასტურებული იქნება,  თუ რამ გამოიწვია ეს აუცილებლობა.

ამ საკითხთან დაკავშირებით „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ თავდაცვის მინისტრს დავით კეზერაშვილს კომენტარი სთხოვა, რომლიც მოკლე განმარტებით შემოიფარგლა და კონტიგენტის გაზრდა ნატოში ინტეგრაციას დაუკავშირა: „იქიდან გამომდინარე, რომ აშშ არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე და მათ რეალურად სჭირდებათ იქ დახმარება, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კონტიგენტი 2000-მდე გაზარდოს. ბუნებრივია, ეს ჩვენ დაგვეხმარება და სერიოზულად წაგვადგება ნატოში ინტერგაციისთვის.“  

დეპუტატები კი სხვანაირად ფიქრობენ და ამტკიცებენ, რომ კონტიგენტის გაზრდა ნატოში ინტეგრაციასთან კავშირში არ არის.   
 
მამუკა კაციტაძე, „მემარჯვენე ოპოზიციის“ წარმომადგენელი: „ერაყში კონტიგენტის გაზრდა ნატოს პროექტს არ წარმოადგენს. ნატო პროექტს ავღანეთში ახორციელებს და იქ ჯარების მობილიზაცია შეადგენს მის ფორმულას. რაც შეეხება ერაყში კონტიგენტის გაზრდას, ეს სახელმწიფოს ნება-სურვილზეა დამოკიდებული. ამ თვალსაზრისით, საქართველომ გამოთქვა სურვილი, რომ 850 კაციანი კონტიგენტი 2000-მდე გაზარდოს. ამის შემდეგ საქართველო მესამე ადგილს დაიკავებს ამერიკასა და ინგლისის  შემდეგ  რაოდენობის თვალსაზრისით ერაყში, რაც თავისთავად თავის მოწონება, თავის ჩვენება და მსოფლიო საზოგადოების წინაშე ტრაბახი იქნება.  როდესაც გვინდა მსოფლიო თანაარსებობის წევრი ვიყოთ, როცა სურვილი გვაქვს ჩვენი კონფლიქტები მსოფლიოს დაკვირვების ქვეშ იყოს, ჩვენც  უნდა მივიღოთ ანალოგიურ პროექტებში მონაწილეობა, მაგრამ არავინ გვავალდებულებს,  გვინდა თუ არა, მოწინავეთა რიგებში ვიყოთ და მესამე ადგილი გვეკავოს.  საუბარია იმაზე, თუ რისთვის კეთდება ეს ყველაფერი. ვფიქრობ, ცოტა მეტი სიფრთხილეა ამ მიმართულებით საჭირო. თუმცა ეს იმას არ უნდა ნიშნავდეს, რომ მისიის შესრულებას უნდა გამოვეთიშოთ. მაგრამ ყველაფერს აქვს ზომა და წონა ქვეყნის მდგომარეობიდან გამომდინარე.“

იგივე კითხვები აქვს ოპოზიციონერ დეპუტატს გიორგი ცაგარეიშვილსაც. ის თვლის, რომ საქართველომ სამხედრო კონტიგენტი საერთოდ უნდა გამოიყვანოს ერაყიდან: „ამასთან დაკავშირებით გვეუბნებიან, რომ სამოკავშირეო ვალდებულებებს ვასრულებთ. ეს ვალდებულებები ჩვენ ნაკისრი გვაქვს კოალიციის და აშშ-ს წინაშე და საგანგაშოა ის ფაქტი, რომ თავიდან კოალიციაში ჩართული იყო 50-მდე ქვეყანა და ნახევარზე მეტმა უკან გამოყვანა თავისი კონტიგენტი, ჩვენ კი ამ ფონზე,  პირიქით, შეგვყავს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქართველთა კონტიგენტი ადრე უსაფრთხო - მწვანე ზოლში პატრულირებდა და ამიტომაც დანაკარგი არც გვქონია. ახლა ჩვენ გადავდივართ ე.წ. წითელ ზოლში. ჩვენ უბრალოდ, ყოველთვის ასე ვიყავით, სხვის ომში ვომობდით, სხვის საქმეს ყოველთვის ვაკეთებდით.  გაიხსენეთ ქართველები ავღანეთში, ქართველები ინდოეთში და ასე შემდეგ. ამიტომ, ეს არის ძალიან მწარე რეალობა. მართალია,  ჯარი მუდმივად უნდა იწვრთნებოდეს, მაგრამ ქართველები ერაყში მშვიდობას ვერ დაამყარებენ. ეს გამორიცხულია. ეს ამერიკელებმა ვერ შესძლეს და ჩვენ რას ვიზამთ. ჩვენი კონტიგენტი გამოსაყვანია. ასევე საერთოდ გამოსაყვანია იქედან ინტერნაციონალური კონტიგენტი. მან ცუდის მეტი ერაყს არაფერი მოუტანა. საქართველომ თავისი სამხედრო კონტიგენტი ისევე უნდა გამოიყვანოს ერაყიდან როგორს საფრანგეთმა, უკრაინამ, პოლონეთმა და ასე შემდეგ.“

ის, რომ საქართველო საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში უნდა მონაწილეობდეს, დეპუტატებში კამათს არ იწვევს, თუმცა, მათ სჭირდებათ მტკიცებულება, თუ რას მოუტანს საქართველოს კონტიგენტის გაზრდა. როგორც დეპუტატი ფიქრია ჩიხრაძე ამბობს, ნატოში ინტეგრაციისთვის არც 2000-იანი კონტიგენტის გაგზავნა გვიშველის და არც 10 000-ის.

ფიქრია ჩიხრაძე:  „ზოგადად, საქართველო უნდა მონაწილეობდეს საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში. ეს არის თანამონაწილეობის პრინციპი და არ შეიძლება, საქართველო აქედან ამოვარდეს. მაგრამ, აქ არის მეორე საკითხი - ჩვენ გვჭირდება დავამტკიცოთ, თუ რამდენად სრულფასოვნად ვდგავართ იმ გზაზე, რომელიც ამ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ მიდის. მხოლოდ სამხედრო კონტიგენტის გაზრდაზე არ გადის ეს ყველაფერი. თუ დემოკრატიულ ქვეყნად არ ჩამოვყალიბდით, 2 000 კი არ 10 000 ჯარისკაცი რომ გაგზავნოთ სამშვიდობო ოპერაციებში, ეს არ გვიშველის. ძალით იქ არავინ მიჰყავთ და ჩვენი ჯარისკაცებისთვის ისიც მნიშვნელოვანია, რომ კარგ ანაზღაურებას იღებდნენ და კარგ სამხედრო მომზადებასაც გადიოდნენ. მაგრამ, მეორე საკითხი ისმის - ეს მომზადებული კადრები რამდენად ადეკვატურად არიან გამოყენებულნი ჩვენს შეიარაღებულ ძალებში, თუ დაბრუნების შემდეგ ისინი იფანტებიან და აღარავის აინტერესებს, სად მიდიან?“
     
ამ კითხვაზე პასუხის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ამერიკაში საქართველოს თავდაცვის პირველი ატაშე, ამერიკა-საქართველოს სამხედრო ურთიერთობების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე, პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე, რომლისთვისაც ქართულ არმიაში ადგილი ვერ მოიძებნა. მისთვის, როგორც სამხედრო ექსპერტისთვისაც გაუგებარია, რისთვის იზრდება სამხედრო კონტიგენტი და ამის რა აუცილებლობა არსებობს.

არჩილ ცინცაძე: „სამშვიდობო მისიებში მონაწილეობას დადებითად ვაფასებ. საერთოდ, სახელი „სამშვიდობო მისია“ ძალიან სერიოზულია. იმის გამო, რომ ჩვენთან არ სრულდება სამშვიდობო მისიები, სულ მგონია, რომ ჩვენ უნდა ჩავერთოთ მეტ სამშვიდობო მისიაში, რომ მათი როლი გაიზარდოს.  მე ვიყავი პირველი სამხედრო, რომელმაც ერაყშიც და ავღანეთშიც სამშვიდობო ოპერაციებში მიიღო მონაწილეობა. პირადად ჩამოვაყალიბე საკოორდინაციო შტაბი. ეს იყო ჩემი ინიციატივა. მაშინ, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამერიკელების ინიციატივით აგზავნიდა სამშვიდობო ქვედანაყოფებს და კონტიგენტი ქვეყნის პოლიტიკურ ამბიციებს შეესაბამებოდა. თავიდან ეს იმიტომ მოხდა, რომ დაგვეფიქსირებინა, რომ ჩვენ ვართ კოალიციური ძალების შემადგენლობაში. ამ ეტაპზე არ ვიცი, რა პოლიტიკური დივიდენდების მიღება შეიძლება ჩვენი კონტიგენტის გაზრდით. მე ამ პოლიტიკურ დივიდენდებს ვერ ვხედავ. ის, რისი მიღებაც შეიძლებოდა, უკვე მივიღეთ. ეს  იყო „წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა“, ჩვენი აღიარება და ასე შემდეგ. არ შემიძლია ვთქვა ამჯერად რა პოლიტიკურ დივიდენდებს დაგვპირდნენ კონტიგენტის გაზრდის სანაცვლოდ. ამას  უფრო მეტი განმარტებები სჭირდება.“

ეს განმარტებები ამ დროისათვის ვერც საპარლამენტო ოპოზიციამ მოისმინა და ვერც დანარჩენმა საზოგადოებამ.  გაზრდილი კონტიგენტი ივლისის თვეში ქალაქ ალკუტაში გაემგზავრება. 

ეკა გულუა

ახალი ამბები