00:05, Sunday, 25.08.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

დაუსრულებელი თავხედობა

21.12.2009
ალეკო ცქიტიშვილი

არავინ იცის, ვის თავში გაჩნდა პირველად თბილისიდან ქუთაისში პარლამენტის გადატანის იდეა. საზოგადოებამ ხეირიანად ისიც ვერ გაიაზრა, რისთვის იყო საჭირო ამ ნაბიჯის გადადგმა. მით უმეტეს, საუბარია პარლამენტის მხოლოდ ნახევრად გადატანაზე - პლენარული სხდომები თბილისში უნდა ჩატარდეს, საკომიტეტო მოსმენები - ქუთაისში.

იდეის პირველი გამხმოვანებელი პრეზიდენტი სააკაშვილია და სავარაუდოდ იდეაც მისია. არგუმენტი რკინისებურად ჟღერს - „თბილისი უნდა განიტვირთოს!“

რეგიონების კვდომა და მთელი ქვეყნის უმუშევართა არმიის თბილისში თავმოყრა, დემოგრაფიული თვალსაზრისით, მართლაც სერიოზული პრობლემაა, მაგრამ ჯერ კიდევ საკითხვია, რამდენად მოხსნის ამ პრობლემას დედაქალაქიდან რეგიონში პარლამენტის ნაწილობრივი გადატანა. ამაზე სერიოზული კვლევა არავის ჩაუტარებია. არც იმაზე უფიქრია ვინმეს, თბილისიდან ქუთაისში და უკან დეპუტატების აქეთ-იქით სიარული, ორივე ქალაქში ბინებით მათი უზრუნველყოფა როგორ გაზრდის სახელმწიფო ხარჯებს ბიუჯეტიდან და სურთ თუ არა ეს საქართველოს მოქალაქეებს - გადასახადების გადამხდელებს.  

იმ დღეებში, როცა სააკაშვილმა ეს ახირება გაახმოვანა, თბილისში ოპოზიციის მასობრივი საპროტესტო აქციები ახალდამთავრებული იყო. ამიტომ ლოგიკურად გაჩნდა ეჭვი, რომ პარლამენტის ქუთაისში ნაწილობრივ გადატანით ხელისუფლება ცდილობს, სხვაგან გადაიტანოს ყველა დროის ქართველი მომიტინგეების „მთავარი შეხვედრის ადგილი“. ალბათ, გათვლა ასეთია - თუკი ოპოზიცია თბილისში პარლამენტს ალყას შემოარტყამს და დეპუტატებს სირცხვილის დერეფნებს მოუწყობს, ეს უკანასკნელები სასტუმროებში და ველ-მინდვრებზე კი აღარ შეიკრიბებიან, არამედ პარლამენტის მეორე შენობას შეაფარებენ თავს.

კიდევ ერთი მოტივაცია, რაც სააკაშვილმა და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წარმომადგენლებმაც არაერთხელ გაახმოვანეს, ქუთაისისთვის „ქვეყნის მეორე ქალაქის“ წოდების დაბრუნებაა. ამ წოდებას ბოლო დროს ქუთაისს ბათუმი ეცილებოდა, სადაც უკეთესი პირობებია ინვესტიციებისთვის და რამდენიმე წლის წინ საკონსტიტუციო სასამართლოც გადაიტანეს. ამიტომ ხელისუფლებამ შეეცადა, დაერწმუნებინა რიგითი ქუთაისელები, რომ პარლამენტის თუნდაც ნაწილობრივ გადატანით ქალაქი გამოცოცხლდებოდა. ამ არგუმენტს გარკვეული ლოგიკა აქვს - ქუთაისი ნაწილობრივ შეითავსებს დედაქალაქის ფუნქციებს, რაც ამ ქალაქის მაცხოვრებელთა ნაწილს, ალბათ, მოსწონს კიდეც.

თუმცა, საქმე საქმეზე რომ მიდგა, ხელისუფლებამ ჩვეული ოსტატობით წყალში ჩაყარა ყველანაირი არგუმენტი და ყველანაირი დაპირება, რითაც კი აქამდე ქუთაისელი ელექტორატის გულის მოსაგებად მანიპულირებდა.

პორველი გაუთვალისწინებელი ნაბიჯი იყო ადგილის შერჩევა. პარლამენტის შენობის აგების ადგილად მაინცდამაინც ის ტერიტორია გამოცხადდა, სადაც ცნობილი ქართველი მოქანდაკის, მერაბ ბერძენიშვილის „დიდების მემორიალი“ იდგა. ამ გადაწყვეტილებამ მრავალი ქუთაისელი აღაშფოთა. ეს ავტომატურად ნიშნავდა, რომ მონუმენტი უნდა აეღოთ - ან სხვაგან გადაეტანათ ან კიდევ გაენადგურებინათ.

მოვლენებს ისეთი პირი უჩანდა, რომ ძეგლს ააფეთქებდნენ, რადგან მისი გადატანა - დიდ ხარჯებს,  ჩაქუჩებით დანგრევა კი - დიდ დროს წაიღებდა. ამ გადაწყვეტილებამ მრავალი ქუთაისელი აღაშფოთა.

მართლაც რა დააშავა „დიდების მემორიალმა“ - ფაშიზმზე გამარჯვების სიმბოლომ? ეს ხომ რუსი ოკუპანტის - წითელი ჯარისკაცის ძეგლი არ არის?.. და არც სტალინის ძეგლია, რომელიც გორში ჯერ კიდევ ამაყად დგას... ხელისუფლებამ არად ჩააგდო საზოგადოებრივი აზრი, მოქალაქეთა განწყობები და ჩვეული აგრესიულობით ხაზი გადაუსვა „დიდების მემორიალს“, მასთან ერთად - მეორე მსოფლიო ომის ასობით ვეტერანს, რომელთათვისაც ეს მონუმენტი ფაშიზმზე გამარჯვების სასიამოვნო მოგონებებთან იყო დაკავშირებული. ამავე დროს, ხელისუფლებამ ხაზი გადაუსვა მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის ღვაწლსაც და ავტორიტეტსაც, რითაც კიდევ ერთხელ დემონსტრაციულად მიანიშნა, რომ „ჩარეცხილები“ კიდევ არსებობენ. 2007 და 2009 წლის რამდენიმეთვიან საპროტესტო აქციებს პრეზიდენტისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთა ტვინებში არაფერი შეუცვლია. არ შეცვლილა დამოკიდებულებები ადამიანებისადმი, მათი სამოქალაქო უფლებებისათვის.

ამ აგრესიულმა, სპონტანურმა და დაუფიქრებელმა ნაბიჯებმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ ხელისუფლება საკუთარ შეცდომებზე ვერაფერს სწავლობს.

„დიდების მემორიალი“ 19 დეკემბერს - ნიკოლოზობის დღესასწაულზე ააფეთქეს. შეიძლება ითქვას, ხელისუფლებამ ქუთაისელებს ეს უზარმაზარი მონუმენტი თავზე დაამხო. ამბობენ, 21 დეკემბერს - პრეზიდენტის დაბადების დღეს - აქვე უნდა ჩატარებულიყო პრეზენტაცია, სადაც  სააკაშვილი პირადად უამბობდა წინასაარჩევნო ზღაპრებს ქუთაისელებს.

სამწუხაროდ, ზღაპარი ნაადრევად და თანაც ცუდად დასრულდა.

აფეთქებას საკმაოდ დიდ რადიუსში საზარელი გრუხუნი, მონუმენტის ნატეხების „წვიმა“ და უბედური შემთხვევა მოჰყვა. „ციდან“ ჩამოცვენილმა ნატეხებმა დედა-შვილის სიცოცხლე შეიწირა. წარმოუდგენელია, რამხელა სტრესი და შეურაცხყოფა მიიღეს მოქალაქეებმა, რომლებიც აიძულეს, სასწრაფოდ თავი შეეფარებინათ სადმე, მაგრამ ბევრმა ეს ვერ მოასწრო.

„ტრაგედიის მიზეზი გახდა უსაფრთხოების წესების დარღვევა“, - განაცხადა მთავარმა პროკურორმა სახელდახელო ბრიფინგზე. სინამდვილეში კი ტრაგედიის მიზეზი არის ხელისუფლების თავნებობა, უკეთ - თავნებობის რამდენიმეწლიანი ტრადიცია, რომელიც კარგა ხანია, თავხედობაში გადაიზარდა.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC