00:42, Saturday, 19.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება

29.12.2007
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები და პლებისციტი
მეორე შუალედური ანგარიში
27 დეკემბერი, 2007 წ. თბილისი, საქართველო

2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისა და პლებისციტის მოსამზადებელ პერიოდში "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ახორციელებს წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგს. კერძოდ, ის ყურადღებას ამახვილებს წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების პროცესში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ფაქტებსა და ზოგად ტენდენციებზე.
 
2007 წლის 5 დეკემბერს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" გამოაქვეყნა პირველი შუალედური ანგარიში, რომელშიც აღწერილი იყო 2007 წლის 8 ნოემბრიდან - რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესახებ მაშინდელი პრეზიდენტის პირველი საჯარო განცხადების გაკეთებიდან - ამავე წლის 5 დეკემბრამდე გამოვლენილი დარღვევები და ხარვეზები. მეორე შუალედურ ანგარიშში მოცემულია ინფორმაცია 2007 წლის 5 დეკემბრიდან 26 დეკემბრამდე განხორციელებული მონიტორინგის შედეგების შესახებ.

ისევე, როგორც მონიტორინგის პირველ ეტაპზე, მეორე ეტაპის დროსაც "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" ყურადღება ძირითადად მმართველი პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატს დაუთმო, ვინაიდან ადმინისტრაციულ რესურსზე ხელი, როგორც წესი, სწორედ მმართველ პარტიას მიუწვდება. გარდა ამისა, ორგანიზაციამ შეფასების კრიტერიუმად კვლავ აიღო არა მხოლოდ კანონდარღვევები და მათთან დაკავშირებული ფაქტები, არამედ ის, თუ რამდენად თანაბარ პირობებში უწევთ საარჩევნო სუბიექტებს წინასაარჩევნო კამპანიების წარმართვა და რამდენად უზრუნველყოფს შექმნილი გარემო არჩევნების მიმართ საზოგადოების მაღალი ნდობის ჩამოყალიბებას.

დამატებითი სოციალური ინიციატივები

2007 წლის დეკემბრის დასაწყისში ხელისუფლებამ დაიწყო რამდენიმე ახალი სოციალური ინიციატივის განხორციელება, რომლებიც, ისევე როგორც წინა ანგარიშში განხილული სოციალური პროგრამები (პედაგოგების ხელფასების გაზრდა, პენსიების გაზრდა, სხვადასხვა სახის ვაუჩერების დარიგება, დასაქმების პროგრამა და ა.შ.) 2007 წლის ბიუჯეტში და მიმდინარე წლის 30 სექტემბერს პარლამენტში შესული 2008 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული არ იყო. ესენია:

დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტებში ელექტროენერგიის დავალიანების ჩამოწერა

მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისსა და რეგიონებში მცხოვრებ დევნილებს ელექტროენერგიის დავალიანება ჩამოეწერებათ: თბილისში მცხოვრებ დევნილებს ჩამოეწერებათ 1997 წლიდან 2007 წლის მარტამდე დარიცხული დავალიანება, ხოლო რეგიონებში მცხოვრებ დევნილებს – 1997 წლიდან 2007 წლის 1 ივლისამდე დარიცხული დავალიანება. ენერგეტიკის სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ამის შესახებ შეთანხმება უკვე მიღწეულია სახელმწიფოსა და ენერგოკომპანიებს შორის. მხოლოდ თბილისში ჩამოსაწერი ვალის რაოდენობა 50 მილიონი ლარით განისაზღვრება. აქვე მითითებულია, რომ დევნილებისთვის შეღავათები დაწესდება ბუნებრივ აირზეც, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

2007 წლის 12 დეკემბერს ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა "რუსთავი 2"-სთვის მიცემულ ინტერვიუში ხაზგასმით აღნიშნა, რომ დევნილებისთვის დავალიანების ჩამოწერის ინიციატივა კავშირში არ არის წინასაარჩევნო კამპანიასთან, რადგან შესაბამისი დავალება პრეზიდენტისგან სამინისტროს ჯერ კიდევ ზაფხულში ჰქონდა მიღებული და ზაფხულიდან მოყოლებული ის კომპანიებთან შესაბამის მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

ამ საკითხთან დაკავშირებით ყურადღებას იქცევს ის გარემოებები, რომ ზაფხულში ინფორმაცია ხელისუფლების ამგვარი ინიციატივის შესახებ არ გახმაურებულა. გარდა ამისა, დღემდე არ არსებობს ამ გადაწყვეტილების დამადასტურებელი იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი (მაგალითად, წერილობითი შეთანხმება მთავრობასა და ენერგოკომპანიებს შორის, მთავრობის განკარგულება, პრეზიდენტის ბრძანებულება და ა.შ.). ენერგეტიკის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე სამინისტროს აქვს ზეპირი შეთანხმება ერთ-ერთ ენერგოკომპანიასთან –"თელასთან".

საახალწლო ნობათი

2007 წლის 13 ნოემბერს მთავრობამ მიიღო განკარგულება, რომლის თანახმადაც წინასაახალწლოდ სოციალურად დაუცველ ოჯახებს (700 000 ოჯახი) ურიგდებათ საახალწლო ნობათი, კერძოდ: 2 კგ. შაქარი, 2 კგ. ბრინჯი, 1 ლ. ზეთი, 2 ქილა შესქელებული რძე, 3 კგ. მანდარინი, 2 კგ. ვაშლი, 200 გრ. ბისკვიტი და 1 ბოთლი ღვინო. ამ განკარგულების შესასრულებლად მთავრობის ფონდიდან 6 მლნ. ლარი გამოიყო. განკარგულებაში მითითებული იყო ისიც, რომ მისი შეზღუდულ ვადებში შესრულების უზრუნველსაყოფად პროდუქტების შეძენისა და დარიგებისთვის საჭირო მომსახურების შესყიდვა ერთ პირთან მოლაპარაკების (და არა ტენდერის) საფუძველზე განხორციელდებოდა.

გარდა იმისა, რომ სხვა დროს (გასულ წლებში) წინასაახალწლო დღეებში ასეთი საჩუქრები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ხელისუფლებას არ დაურიგებია, ამ ფაქტთან დაკავშირებით ყურადღებას იმსახურებს ისიც, რომ საახალწლო ნობათის დარიგების დროს საჯარო მოხელეები აწარმოებენ წინასაარჩევნო აგიტაციას მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ და ზოგიერთ შემთხვევაში მოქალაქეებს იმასაც განუმარტავენ, რომ ჩამოთვლილი პროდუქტები მათთვის "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" შეიძინა. მსგავსი ფაქტები დაფიქსირდა საქართველოს სხვადასხვა რაიონში, მათ შორის, ყვარელში, ქვემო ქართლის რაიონებში, ოზურგეთსა და დედოფლისყაროში.

დასაქმების პროგრამა სტუდენტებისთვის

2007 წლის დეკემბერში თბილისის მერიამ დაიწყო სტუდენტთა დასაქმების პროგრამის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც 5 000 სტუდენტი ჩართულია დეკემბერში ნიადაგის მომზადებაში ხეების დასარგავად. ამ პროგრამის განხორციელებისთვის თბილისის ბიუჯეტიდან 2 მლნ. ლარი გამოიყო. თბილისის მერიის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, პროგრამაში მონაწილეობის მსურველ სტუდენტებს ხელშეკრულებების გასაფორმებლად შესაბამისი რაიონული გამგეობებისთვის 19-დან 21 დეკემბრამდე უნდა მიემართათ. სამუშაოები 21 დეკემბერს დაიწყო. სტუდენტთა დასაქმების პროგრამები პირველად თბილისის მერიის ინიციატივით 2006 წლის 5 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში განხორციელდა და მაშინაც თბილისის ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

ხელისუფლების წარმომადგენელთა განმარტებით, სხვადასხვა სახის სოციალური ინიციატივები ადრეც ხორციელდებოდა და ბოლო პერიოდში მათი გააქტიურება დაკავშირებულია არა წინასაარჩევნო კამპანიასთან, არამედ ნოემბრის აქციებთან, როდესაც აშკარა გახდა, რომ მოქალაქეები ხელისუფლებისგან უფრო აქტიური სოციალური პოლიტიკის გატარებას მოითხოვენ; შესაბამისად, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება უკვე დაგეგმილი სოციალური ინიციატივების დაჩქარების შესახებ.

ხელისუფლების წარმომადგენლების აქტიური მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში

5 დეკემბრის (პირველი შუალედური ანგარიშის გამოცემის) შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლებმა კვლავ განაგრძეს მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდასაჭერი კამპანიის წარმართვაში აქტიური მონაწილეობა. მიხეილ სააკაშვილთან ერთად წინასაარჩევნო ვიზიტებსა და შეხვედრებში მონაწილეობას იღებდნენ მინისტრები (სოფლის მეურნეობის მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი, სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში), ქ. თბილისის მერი, რეგიონული რწმუნებულები, მათი მოადგილეები, ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები და სხვა საჯარო მოხელეები.
 
საქართველოს კანონმდებლობა საჯარო მოხელეების ნაწილს (პოლიტიკური თანამდებობის პირებს) წინასაარჩევნო აგიტაციას არ უკრძალავს, მეორე ნაწილს (სახელმწიფო და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებს) აგიტაციის უფლება არა აქვს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს, თუმცა მასზე არავითარი შეზღუდვა არ ვრცელდება სამსახურისგან თავისუფალ დროს. შესაბამისად, წინასაარჩევნო კამპანიაში თანამდებობის პირებისა და სხვა საჯარო მოხელეების აქტიურ მონაწილეობასთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიცია ის არის, რომ ისინი კანონს არ არღვევენ და ამდენად პრობლემა არ არსებობს (თუმცა წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩართული რეგიონული რწმუნებულები პოლიტიკური თანამდებობის პირთა ჩამონათვალში არ ფიგურირებენ). გარდა ამისა, ხელისუფლების წარმომადგენლები განმარტავენ, რომ მინისტრები და სხვა ხელმძღვანელი პირები მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური გუნდის, მისი პარტიის წევრები არიან და ამიტომ ბუნებრივია, მხარდაჭერას გამოხატავენ თავიანთი გუნდის ლიდერის მიმართ; ასევე ლიდერის რჩევებად და დირექტივებად აღიქვამენ ისინი მიხეილ სააკაშვილის ახალ თხოვნებსა და დავალებებს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ადასტურებს, რომ წინასაარჩევნო აგიტაციაში ჩართულ საჯარო მოხელეთა ნაწილის ქმედება კანონს არ ეწინააღმდეგება, თუმცა ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ:
(ა) კანონმდებლობა ამ კუთხით დახვეწას საჭიროებს,
(ბ) წინასაარჩევნო პერიოდში ყველა კანდიდატისთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფისა და არჩევნების ლეგიტიმურობის განმტკიცებისთვის საჭიროა, რომ ხელისუფლებამ საკუთარ თავს გარკვეული შეზღუდვები დაუწესოს და მხოლოდ კანონით დაწესებული შეზღუდვებით არ იხელმძღვანელოს და
(გ) სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებისა და დემოკრატიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სამინისტროებისა და სხვა საჯარო დაწესებულებების თანამდებობის პირები და სხვა მოხელეები დაკავებულები იყვნენ მათზე კანონით დაკისრებული მოვალეობების, მათი პირდაპირი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებით და არა წინასაარჩევნო კამპანიით და სხვა სახის პარტიული საქმიანობით; სასურველია, რომ საჯარო სამსახურს მოქალაქეები უყურებდნენ როგორც პოლიტიკური ინტერესებისგან მეტნაკლებად (თუ სრულად არა) დამოუკიდებელ, ნეიტრალურ (პროფესიულ) სტრუქტურას.

2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის შემდეგ გამოქვეყნებულ ეუთო/დემოკრატიული
ინსტიტუტებისა და ადამიანთა უფლებების დაცვის ოფისისა (OSCE/ODIHR)  და ევროპის ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების კონგრესის ერთობლივ განცხადებაში მმართველ პარტიასა და ხელისუფლებას შორის "სხვაობის ბუნდოვნება" ერთ-ერთ მთავარ პრობლემად იყო გამოტანილი. მიუხედავად ამისა, ეს პრობლემა კიდევ უფრო დიდი მასშტაბებით 2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდშიც იჩენს თავს.

"მმართველმა პარტიამ ფართოდ გამოიყენა ხელისუფლებაში ყოფნის უპირატესობა და განახორციელა მეტად თვალშისაცემი სოციალური დახმარების პროექტები, რომლებიც მოიცავდნენ კომუნალური გადასახადების ვაუჩერების გამოშვებას, საპენსიო დანამატების გაცემას და დროებითი სამუშაო პროგრამების შემუშავებას. საარჩევნო კამპანიის პარალელურად წარმართულმა და მედიის მიერ ფართოდ გაშუქებულმა ზემოაღნიშნულმა პროგრამებმა სახელმწიფო საქმიანობასა და საარჩევნო კამპანიას შორის ზღვარი მეტად ბუნდოვანი გახადა". 

სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ინიციატივების მიბმა წინასაარჩევნო კამპანიაზე

2007 წლის 5 დეკემბრიდან 27 დეკემბრამდე პერიოდში კვლავ გაგრძელდა ვაუჩერების (ძირითადად, შეშისა და მედიკამენტებით სარგებლობის ვაუჩერების), ასევე საახალწლო ნობათის დარიგება და კვლავ დაფიქსირდა ამ ვაუჩერებისა და ნობათის წინასაარჩევნო აგიტაციისთვის გამოყენების შემთხვევები. რამდენიმე რაიონში ვაუჩერებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები (და არა ამისთვის უფლებამოსილი საჯარო მოხელეები) არიგებდნენ (ასეთ ფაქტებს ადგილი ჰქონდა გორში, თბილისში, ლიახვში, ოზურგეთში (სოფელი მიხაური), ახალციხეში, ბოლნისში). ბოლნისში გამგეობის შენობაში გამოკრული იყო განცხადება, რომ ვაუჩერების ასაღებად მოქალაქეებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისისთვის უნდა მიემართათ. მედიკამენტების ვაუჩერებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისისში თბილისშიც გასცემდნენ (ოფისის მისამართია დადიანის ქ. #4).

ეს ვაუჩერები და მათი გაცემის პროცესი "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" წარმომადგენლებმა თავად ნახეს აღნიშნულ ოფისში. თბილისსა და გორში ასევე იყო შემთხვევები, როდესაც მედიკამენტებით სარგებლობის ვაუჩერები და საახალწლო ნობათი არ მისცეს იმ ამომრჩევლებს, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება დააფიქსირეს ან დასვეს კითხვები იმის შესახებ, თუ რამდენად კანონიერი იყო ვაუჩერების "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების მიერ დარიგება.

ვაუჩერებთან დაკავშირებით ხელისუფლების ერთ-ერთი არგუმენტი ის იყო, რომ ვაუჩერებზე "პრეზიდენტის სუბსიდიის" და "პრეზიდენტის საჩუქრის" მითითება მიხეილ სააკაშვილის წინასაარჩევნო კამპანიასთან კავშირში არ არის, რადგან ვაუჩერების დარიგების დროს მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტი უკვე აღარ იყო, თუმცა ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ვაუჩერების შესახებ ინფორმაცია და ერთ-ერთი ვაუჩერის ნიმუში დაბეჭდილია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ 250 000-იანი ტირაჟით დაბეჭდილ სააგიტაციო ჟურნალში "გზა გამარჯვებისკენ", რომელიც მმართველმა პარტიამ სხვა სააგიტაციო მასალასთან ერთად გაავრცელა და გარდა ამისა, ვაუჩერის სატელევიზიო რეკლამაში (რეკლამა გადის ტელეარხზე "აჭარა") ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფიგურირებს.

საჯარო დაწესებულებების თანამშრომლების არანებაყოფლობითი ჩართვა წინასაარჩევნო კამპანიაში

ბოლო პერიოდში პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი, ისევე როგორც სხვა კანდიდატები, მართავს შეხვედრებს ამომრჩევლებთან სხვადასხვა რეგიონში. რამდენიმე ქალაქიდან, კერძოდ, თელავიდან, ქუთაისიდან, ახალქალაქიდან, ახალციხიდან, ბათუმიდან, განმუხურიდან, რუსთავიდან, ბოლნისიდან და დუშეთიდან მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ამ შეხვედრების ორგანიზებაში აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელი პირები და სკოლების დირექტორები, რომლებიც თავიანთ თანამშრომლებს და უფროსკლასელებს ავალდებულებდნენ შეხვედრებზე მისვლას და ოჯახის სხვა წევრების მიყვანასაც.
ეს ინფორმაცია დაგვიდასტურეს საავადმყოფოების თანამშრომლებმა, მასწავლებლებმა, გამგეობებისა და საკრებულოების თანამშრომლებმა, სკოლის მოსწავლეებმა (უფროსკლასელებმა), საბავშვო ბაღების პედაგოგებმა, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ჟურნალისტებმა.

ხელისუფლების წარმომადგენლები უარყოფენ ამგვარი ფაქტების არსებობას. მათი განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის რეგიონულ შეხვედრებში, როგორც წესი, ძალიან ბევრი ადამიანი იღებს მონაწილეობას და შეუძლებელია, რომ ყველა მათგანი საჯარო სამსახურის თანამშრომელი იყოს და მხოლოდ სამსახურის დაკარგვის შიშით მიდიოდეს შეხვედრებზე. "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო", ბუნებრივია, არ ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილის წინასაარჩევნო შეხვედრებს მხოლოდ იძულებით მიყვანილი ადამიანები ესწრებიან, თუმცა ორგანიზაციას აქვს ზუსტი ინფორმაცია (ეს ინფორმაცია გადამოწმებულია პირველწყაროსთან), რომ დამსწრეთა ნაწილი ნებაყოფლობით არ იღებს მონაწილეობას ამ შეხვედრებში.

დაცვა და შვეულმფრენით გადაადგილება

წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის დროს ოპოზიციური პარტიების ნაწილის მხრიდან ხშირი იყო შენიშვნები იმის შესახებ, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკანონოდ სარგებლობს სახელმწიფო დაცვით და შვეულმფრენით. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, კერძოდ, პრეზიდენტის 2005 წლის 15 დეკემბრის #933 განკარგულების საფუძველზე, მიხეილ სააკაშვილს, როგორც ყოფილ პრეზიდენტს, აქვს უფლება, რომ სახელმწიფო დაცვით სარგებლობდეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხელისუფლებამ სახელმწიფო დაცვა პრეზიდენტობის ყველა კანდიდატს შესთავაზა და მათ ნებაზე იყო დამოკიდებული, მიიღებდნენ თუ არა ისინი ხელისუფლების შეთავაზებას და ისარგებლებდნენ თუ არა ამ მომსახურებით.

რაც შეეხება შვეულმფრენს, ბუნებრივია, შვეულმფრენის გამოყენება ყოფილი პრეზიდენტებისთვის კანონით მინიჭებულ უფლებათა რიცხვს არ მიეკუთვნება, თუმცა ნებისმიერი საარჩევნო სუბიექტი უფლებამოსილია გამოიყენოს ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც საკუთარი (პარტიის) სახსრებით დაფინანსდება. "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" დაინტერესდა, თუ საიდან ფინანსდება მიხეილ სააკაშვილის შვეულმფრენით გადაადგილება და გაარკვია, რომ შვეულმფრენზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და არა სახელმწიფო ბიუჯეტის თანხები იხარჯება.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო ფონდის მიერ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსთვის" 2007 წლის 19 დეკემბერს გამოგზავნილი წერილის თანახმად (წერილი #08/42), 2007 წლის 28 ნოემბერს საჯარო სამართლის იურიდიული პირის (სსიპ) "საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოსა" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო კამპანიის ფონდს შორის გაფორმდა ხელშეკრულება საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის ეც155ბ ტიპის შვეულმფრენით მომსახურების შესახებ. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფონდი შვეულმფრენით მომსახურებაში 96,000 ლარს იხდის.

ზეწოლა ოპოზიციის აქტივისტებსა და ამომრჩევლებზე

რამდენიმე რაიონში ისევ ჰქონდა ადგილი ოპოზიციის აქტივისტებსა და მხარდამჭერების დაშინების მცდელობას: დუშეთში, გურჯაანში, ყვარელსა და გორში ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული კომისიის წევრები პოლიციის თანამშრომლებმა დაიბარეს და უთხრეს, რომ ზედმეტი აქტიურობის შემთხვევაში პრობლემები შეექმნებოდათ, ზოგიერთ მათგანს კომისიის წევრობაზე უარის თქმაც მოსთხოვეს; გურჯაანში ოპოზიციური პარტიების აქტივისტებს პოლიციის თანამშრომლებმა თავიანთი პრეზიდენტობის კანდიდატების შეხვედრების ორგანიზებისგან თავის შეკავება "ურჩიეს"; ზუგდიდში პოლიციელები და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები მაღაზიების მფლობელებს ავალდებულებდნენ, მაღაზიებში გამოეკრათ მიხეილ სააკაშვილის სააგიტაციო პლაკატები და ასევე ეუბნებოდნენ, რომ თუ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტთან საქმის დაჭერა არ უნდათ, ხმა მისცენ სააკაშვილს; გორში 20 დეკემბერს სახელმწიფო უნივერსიტეტის გორის ფილიალში ერთერთ ლექციაზე (ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე) მივიდნენ ახალგაზრული დეპარტამენტის წარმომადგენლები და სტუდენტებს მოსთხოვეს, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებად დარეგისტრირებულიყვნენ (მათ უნდა შეევსოთ სპეციალური ფორმები, რომლის ერთი გვერდი თავადვე რჩებოდათ, ხოლო მეორე – საარჩევნო შტაბში იგზავნებოდა), წინააღმდეგ შემთხვევაში მომავალში პრობლემების შექმნას "დაჰპირდნენ"; ურეკში პოლიციის თანამშრომლები რამდენიმე ოჯახში მივიდნენ და მოქალაქეებს მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერა მოსთხოვეს; თბილისში ერთ-ერთი საავადმყოფოს თანამშრომლებს და გურჯაანის სოფელ შაშიანში სკოლის პედაგოგებს დაავალეს, რომ არჩევნების დღეს შემოხაზული ბიულეტენებისთვის მობილური ტელეფონებით ფოტოები გადაეღოთ და მათთვის ეჩვენებინათ; ზეწოლა და სატელეფონო ანონიმური მუქარა ხორციელდება "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" კახეთის რეგიონულ კოორდინატორზეც. სამსახურის ტელეფონზე მას ორჯერ დაუკავშირდა უცნობი პირი, რომელმაც მკაცრად გააფრთხილა, რომ "ზედმეტი აქტიურობისთვის" თავი დაენებებინა.

მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელსაც "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" აწყდება იმაში მდგომარეობს, რომ ის პირები, ვისაც პოლიციის თანამშრომლები და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები აშინებენ, ერიდებიან ასეთ ფაქტებზე ღიად ლაპარაკს. ისინი "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ატყობინებენ მათზე განხორციელებული მუქარების შესახებ, მაგრამ იქვე სთხოვენ, რომ მათი ვინაობა არ გაამხილონ. ზოგიერთი იმასაც ითხოვს, რომ ორგანიზაციამ ანგარიშებსა და საჯარო განცხადებებში არც დამრღვევთა ვინაობა ახსენოს. "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ასეთ ფაქტებს რამდენიმე წყაროსთან ამოწმებს (თუ რამდენიმე წყარო არსებობს) და მხოლოდ ამის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას მათი სანდოობის შესახებ, თუმცა, ბუნებრივია, ორგანიზაცია თავს უფლებას არ აძლევს, წყაროების ნებართვის გარეშე გაახმოვანოს რომელიმე ფაქტი ან დაზარალებულისა და დამრღვევის ვინაობა. ამის გამო მნიშვნელოვნად მცირდება კონკრეტულ დარღვევებზე რეაგირების შესაძლებლობა. ხელისუფლებას არ შეუძლია გამოიძიოს დარღვევები და დასაჯოს მათ უკან მდგომი პირები, თუ ის ამ დარღვევებთან დაკავშირებით მეტნაკლებად კონკრეტულ ინფორმაციას არ მიიღებს.

როგორც წინა ანგარიშში აღვნიშნეთ, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ კახეთში ჩატარებული რამდენიმე შეხვედრის შემდეგ, ორგანიზაციის რეგიონულ კოორდინატორთან უშიშროების სამსახურის წარმომადგენელი პაატა ხაჩიშვილი მივიდა და შეხვედრების შესახებ მას დეტალურად გამოჰკითხა ინფორმაცია.

ოპოზიციური პარტიების მიერ გამოკვეთილ რამდენიმე დარღვევასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგამოძიებო სამუშაოები ჩაატარა და რამდენიმე მათგანთან მიმართებაში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოპოზიციური პარტიების მიერ დაზარალებულებად დასახელებულმა პირებმა სამინისტროს წარმომადგენლებთან საუბარში უარყვეს მათზე რაიმე სახის ზეწოლის ფაქტები. ერთის მხრივ, შესაძლებელია საზოგადოების ნაწილს გაუჩნდეს აზრი, რომ დაზარალებულებს უბრალოდ შეეშინდათ ეღიარებინათ, რომ მათზე მოხდა ზეწოლა, მეორეს მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვისაც რთულია დარღვევების დადასტურება, თუ დაზარალებული პირები, შიშის თუ სხვა მიზეზების გამო, მათ სრულად უარყოფენ.

უწყებათაშორისი ჯგუფი

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ინიციატივით შეიქმნა უწყებათაშორისი ჯგუფი, რომლის ძირითადი მიზანი წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებზე დროული რეაგირება და არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარების უზრუნველყოფაა. ჯგუფი და მისი ცალკეული წევრები საკმაოდ ინტენსიურ რეჟიმში თანამშრომლობენ სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან, მათ შორის "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსთან", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებასთან", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან" და "ახალი თაობა – ახალ ინიციატივასთან".

სასურველია, რომ უწყებათაშორისმა ჯგუფმა ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც აქტიურად ითანამშრომლოს, სრულად შეისწავლოს მათ მიერ გამოვლენილი დარღვევები და ამ დარღვევების დადასტურების შემთხვევაში, ღიად დააყენოს დამრღვევთა პასუხისმგებლობის საკითხი. ამ ჯგუფმა ღიად უნდა ისაუბროს იმ დარღვევებზეც, რომელთა შესახებაც ინფორმაციას სადამკვირვებლო ორგანიზაციები აწვდიან და რომელთა დადასტურებაც რეალურად ხერხდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დამრღვევები კანონის სრული სიმკაცრით (და არა მხოლოდ გაფრთხილებებითა და პარტიული საქმიანობისგან ჩამოშორებით) დაისაჯონ, რათა მათმა მაგალითებმა სხვებზეც იმოქმედოს და კანონის დარღვევა საჯარო მოხელეებმა თუ სხვა პირებმა უფრო სერიოზულად აღიქვან.

სასურველია, რომ უწყებათაშორისმა ჯგუფმა და არჩევნების ობიექტურად ჩატარებაზე  პასუხისმგებელმა სხვა სტრუქტურებმა მკაფიო და არგუმენტირებული განმარტებები გააკეთონ იმ დარღვევებთან და ხარვეზებთან დაკავშირებით, რომლებიც დღევანდელი მდგომარეობით ყველაზე აქტუალურ პრობლემებად იკვეთება (გარდა ზეწოლის ფაქტებისა). ესენია: პირადობის მოწმობების ან მათი ასლების შეგროვება, ხმის მიცემის კაბინაში ფარული კამერების დამონტაჟების შესახებ ცრუ ხმების გავრცელება, საარჩევნო ბიულეტენებში #5 შემოხაზვისა და მობილური ტელეფონის ფოტოკამერებით გადაღების იძულება და სიებთან დაკავშირებით გამოთქმული კრიტიკა.

პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით საზოგადოებას უნდა განემარტოს, რომ პირადობის მოწმობების ან მათი ასლების მოქალაქის ნების წინააღმდეგ ან მათთვის შესაბამისი განმარტებების მიცემის გარეშე გამორთმევა ან პირადი მონაცემების შეგროვება კანონს ეწინააღმდეგება და რომ პირადობის მოწმობების ასლები ვერ იქნება გამოყენებული ხმების გასაყალბებლად. ხმის მიცემის კაბინებში კამერების დამონტაჟებასთან დაკავშირებით ამომრჩევლებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია, რომ კაბინებში კამერები არ იქნება და რომ დიდი ქალაქების საარჩევნო უბნებში დამონტაჟებული კამერები მუდმივად მიმართული იქნება რეგისტრატორებისკენ ან საარჩევნო ყუთისკენ; რომ ხმის მისაცემ კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება იკრძალება და რომ ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. ხოლო სიებთან დაკავშირებით ხელისუფლებამ და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა ისაუბრონ იმაზე, თუ რეალურად რა ხარვეზები არსებობს დღეს სიებში, რითი არის ეს ხარვეზები გამოწვეული და როგორ გეგმავს ხელისუფლება/ცესკო მათ აღმოფხვრას ან იმის გარანტირებას, რომ არსებული ხარვეზები ხმების გასაყალბებლად არ იქნება გამოყენებული.

დასკვნა

ისევე როგორც წინა შუალედურ ანგარიშში, ამ ანგარიშშიც "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" არ შემოიფარგლა მხოლოდ კანონდარღვევებთან დაკავშირებული ფაქტების აღწერით.
დღეს, განსხვავებით წინა წლებისგან, საქართველოს აქვს პრეტენზია, რომ ის ნატო-ს წევრობას იმსახურებს, რომ ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზით მიდის და პატივს სცემს კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების უმთავრეს პრინციპებს. შესაბამისად, ხელისუფლებას ეკისრება ვალდებულება, რომ 2008 წლის 5 იანვრის არჩევნები არა მხოლოდ კანონის მოთხოვნების, არამედ საერთაშორისო სტანდარტების დაცვითაც ჩაატაროს. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ქვეყნის დემოკრატიულობის შეფასებისთვის, ასევე არჩევნების შედეგების მიმართ საზოგადოების ნდობის გამყარებისთვისაც, რაც დღეს განსაკუთრებით აქტუალური საკითხია.

ადმინისტრაციული რესურსების წინასაარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის გამოყენება, კანონის ფარგლებში იქნება ეს თუ კანონის დარღვევით, ამ მხრივ გარკვეულ პრობლემებს წარმოშობს.
მართალია, ერთის მხრივ, ამომრჩევლების გადასაწყვეტია, თუ რამდენად მიუღებლად ჩათვლიან ისინი წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას (როცა ამით კანონი არ ირღვევა) – წინასწარ დაუგეგმავი სოციალური ინიციატივების წინასაარჩევნო პერიოდში განხორციელებას, პოლიტიკოსების გადაწყვეტილებების რადიკალურ ცვლილებებს და ა.შ. (მთავარია, რომ მათ მიეწოდებოდეთ სრული ინფორმაცია სხვადასხვა სახის ინიციატივებისა და პოლიტიკოსთა აქტივობების შესახებ), მაგრამ, მეორეს მხრივ, ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა იმაზე, რომ არჩევნების დროს შექმნას თანაბარი კონკურენციის პირობები.
ამ ეტაპზე კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამომრჩევლებს ჰქონდეთ იმის რწმენა, რომ მათ აქვთ თავისუფალი არჩევანის უფლება და რომ ხმის მიცემის ფარულობა სრულად იქნება გარანტირებული.

მონიტორინგის შემდეგი (ბოლო) ეტაპი

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივი
გამოყენების მონიტორინგს არჩევნების შედეგების შეჯამებამდე და საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე განაგრძობს. მომდევნო ანგარიშს ორგანიზაცია კენჭისყრის დღის შემდეგ გამოაქვეყნებს. ამ ანგარიშში წარმოდგენილი იქნება ყველა ის დარღვევა და ხარვეზი, რომელიც მონიტორინგის პროცესში გამოიკვეთა, ასევე მედია მონიტორინგის საბოლოო შედეგები და რეკომენდაციები მომავალში დარღვევებისა და პრობლემების პრევენციისათვის.

ორგანიზაციის სათავო ოფისში კვლავ ფუნქციონირებს უფასო ცხელი ხაზი (822 009 888). ის მუშაობს ყოველდღე (გარდა შაბათ-კვირისა), დილის 10-დან საღამოს 6 საათამდე. აღნიშნულ ნომერზე დარეკვა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, ვისაც ექნება სურვილი, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიაწოდოს ინფორმაცია წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირებული დარღვევების, კერძოდ, ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივი გამოყენების შესახებ და მიიღოს დამატებითი ინფორმაცია ამ საკითხის გარშემო.
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC