07:03, Monday, 14.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

გუბერნატორმა ჟურნალისტს სასამართლოში უჩივლა და მისგან 10 ათასი ლარი მოითხოვა

24.04.2008
პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულმა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ზაზა გოროზიამ ზუგდიდელ  ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას  და თბილისში გამომავალ ყოველკვირეულ  „თავისუფალ გაზეთს“ ადგილობრივ სასამართლოში უჩივლა, „თავისუფალ გაზეთში“  გამოქვეყნებული ინტერვიუსთვის, რომელშიც, გოროზიას მტკიცებით, გაზეთის რესპონდენტი, კერძოდ, კი ილია ჩაჩიბაია, მის მაკომპრომეტირებელ არარსებულ ფაქტებზე საუბრობს.

ზაზა გოროზია მისი „პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის“ 19 წლის ილია ჩაჩიბაიასგან, კომპენსაციის სახით, 10 ათას ლარს მოითხოვს, ხოლო „თავისუფალი გაზეთისგან“ ინტერვიუში მოყვანილი ინფორმაციის უარყოფას.
გოროზიამ სასამართლოს საჩივრით 24 მარტს მიმართა.
„თავისუფალი გაზეთის“  2008 წლის 7-13 თებერვლის ნომერში გამოქვეყნდა ინტერვიუ  ილია ჩაჩიბაიასთან. ინტერვიუში ჟურნალისტი ამბობს, რომ მას, რომელსაც   კრიტიკული სტატიებისთვის  ადგილობრივი ხელისუფლება დღესაც დევნის, ზაზა გოროზიამ 2007 წელს 10 ათასი ლარი შესთავაზა, „დუმილის სანაცვლოდ“.

„20 აპრილს ზუგდიდის რაიონული სასამართლოდან მომივიდა ზაზა გოროზიას 15-გვერდიანი საჩივრის ასლი, რომელიც გუბერნატორის ბეჭდით არის დამოწმებული.  ამ საჩივარში გოროზია კატეგორიულად  უარყოფს საგაზეთო ინტერვიუში ჩემს მიერ მოყვანილ ფაქტს და მისი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის გამიზნულად შელახვისათვის, ჩემგან 10 ათას ლარს მოითხოვს“, განუცხადა media.ge-ს ილია ჩაჩიბაიამ.

ჩაჩიბაიამ განაცხადა, რომ მან გუბერნატორის ამ  წინადადებაზე კატეგორიული უარი თქვა და ეს საგაზეთო სტატიაშიც აღნიშნა.  ჟურნალისტმა „თავისუფალი გაზეთის“ კორესპონდენტთან საუბარში გაიხსენა 2008 წლის 4 იანვრის ინციდენტიც, როცა ზუგდიდის  გამგეობის შენობასთან ის შენობის დაცვის თანამშრომელმა სცემა და ამ დროს, ჩაჩიბაიას სიტყვებით,  „გოროზია გაღიმებული იდგა და ბედნიერი სახით უყურებდა ამ ყველაფერს“.

 „მე ვაპირებ შესაგებელი სარჩელის შეტანას სასამართლოში  და როგორც ჟურნალისტი არ გავჩერდები.  არ მივცემ გოროზიას და სასამართლოს იმის საშუალებას, კიდევ ერთხელ უკანონოდ დამაჯარიმონ“, განუცხადა media.ge-ს ილია ჩაჩიბაიამ, რომელიც, ამავე დროს, ზუგდიდში გამომავალი ჟურნალის „ღია ბოქლომის“ რედაქტორია. „ჩვენ რაღაც თანხა შევაგროვეთ და, იძულებითი ექვსთვიანი პაუზის შემდეგ, ჟურნალის მორიგი მე-8 ნომერი ორი დღის წინ გამოვეცით“, თქვა ჩაჩიბაიამ.

შესაგებელი სარჩელის  შეტანას სასამართლოში „თავისუფალი გაზეთიც“ აპირებს.
„ჩვენ კონსტიტუციის 42 მუხლი გვიცავს“, თქვა „თავისუფალი გაზეთის“  რედაქტორმა თამუნა ლეფსვერაძემ.
რედაქტორის  თქმით, იმ დროს, როცა  ილია ჩაჩიბაიას პრობლემები აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ხოლო   იქაურ  დამოუკიდებელი მედია სუსტია და მასზე ზეწოლა ხორციელდება, რედაქციამ საჭიროდ მიიჩნია ჟურნალისტთან ინტერვიუს ჩაწერა.

„გოროზიას შესახებ გაცილებით სკანდალური სტატიები ადგილობრივ მედიაში იბეჭდებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, გუბერნატორის  მეტისმეტი გაღიზიანება, გამოიწვია  კრიტიკული  მასალის ცენტრალურ  გამოცემაში, ამ შემთხვევაში,  „თავისუფალ გაზეთში“   დაბეჭდვამ“,   თქვა თამუნა ლეფსვერიძემ.
ზაზა გოროზიას პრესმდივნის ლალი გელენავას განცხადებით, მისი კომპეტენცია არ არის გუბერნატორის ხსენებულ სარჩელზე კომენტარის გაკეთება, რადგან ზაზა გოროზიამ სასამართლოს როგორც კერძო პირმა მიმართა.

თუმცა, ლალი გელენავამ იქვე დასძინა, რომ ჩაჩიბაიას მოუწევს სასამართლოზე იმის დამტკიცება,  „თუ სად და როდის შეხვდა  მას   გუბერნატორი, რათა მისთვის თანხა   შეეთავაზებინა“.
„პირიქით, ჩაჩიბაიამ არაერთხელ ითხოვა  გუბერნატორთან  პირად საქმეზე შეხვედრა, მაგრამ   ყოველთვის უარს ეუბნებოდნენ“, თქვა ლალი გელენავამ.

წყარო: Media.ge

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC