აფხაზი სეპარატისტები აფხაზეთისა და სამეგრელოს ადმინისტრაციული საზღვრის ჩაკეტვას გეგმავენ. ჩაკეტვის შემთხვევაში საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ აფხაზური პასპორტის მქონე პირებს შეეძლებათ და ისიც სპეციალური საშვის აღების შემთხვევაში, რომლის ღირებულებაც ვადის მიხედვით იქნება განსაზღვრული.
როგორც „მედიანიუსს“ აფხაზეთის მედიაცენტრის ხელმძღვანელმა რაულ ქირიამ განუცხადა, მათი ინფორმაციით, სამთვიანი საშვის ღირებულება 5000 რუბლი ეღირება, ექვსთვიანი საშვი 10 000 რუბლი. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქის მიერ აფხაზეთის ტერიტორიის დატოვება საშვის მიხედვით განსაზღვრულ ვადას გადასცდება, 15 000-დან 20 000 რუბლამდე ჯარიმას დააკისრებენ.
თუ სამეგრელოდან აფხაზეთის მხარეს აფხაზეთში არარეგისტრირებული მოქალაქე გადაკვეთს, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
როგორც „მედიანიუსს“ გალის რაიონის სოფელ ოტობაიას მცხოვრებმა განუცხადა, საზღვრის ჩაკეტვის შესახებ ჯერჯერობით მხოლოდ საუბარი მიმდინარეობს.
წყარო: მედიანიუსი.