საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ჟურნალ „ცხელი შოკოლადის“ დეკემბერის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიას - „არშემდგარ დიალოგს“ გამოეხმაურა.
როგორც ასოციაციის განცხადებაში არის ნათქვამი, პუბლიკაციის განხილვის თემა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოადგილის, გია ჭანტურიას „შეუწყნარებლობის გამომხატველი მოსაზრებები“ გახდა. კერძოდ, ასოციაციის განცხადების თანახმად, ყველაზე მაღალმა ხელმძღვანელმა პირმა საჯაროდ ისეთი ტერმინები გამოიყენა, რომლებიც მისივე დაწესებულების ქცევის კოდექსით არის აკრძალული. ლაპარაკია უნარშეზღუდული ადამიანების, სექსუალური უმცირესობების, ხანდაზმულობისა და ა.შ. ჯგუფის ადამიანების მიმართ გამოყენებულ შეურაცხმყოფელ ტერმინებზე.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ქცევის კოდექსში შეურაცხმყოფელი ლექსიკის თავიდან აცილების მიზნით დადგენილია, რომ თავაზიანობა და აუდიტორიისადმი პატივისცემა ჟურნალისტებს ავალდებულებს, დაუფიქრებლად არ გამოიყენონ ისეთი სიტყვები თუ ფრაზები, რომლებმაც შეიძლება აუდიტორია შეურაცხყოს. ასეთი ლექსიკა შეიძლება მოიცავდეს გინებას, რასისტულს, ავადმყოფობის ან უნარშეზღუდულობის აღმნიშვნელ დამცინავ ტერმინებს და სხვა.
დაუშვებელია ისეთი სიტყვების გამოყენება, როგორებიცაა: „მამათმავალი“, „პედერასტი“, „ცისფერი“, - ნათქვამია ახალგაზრდა იურსტთა ასოციაციის განცხადებაში.
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ გია ჭანტურიას მიერ გამოთქმული მოსაზრებები იმ მიზანს ეწინააღმდეგება, რისკენაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ისწრაფვის; კერძოდ, იმას, რომ არ დაუშვას ადამიანთა დისკრიმინაცია რელიგიური, ეთნიკური, რასობრივი, გენდერული თუ სექსუალური ორიენტაციის ნიშნით.
აქვე ასოციაცია იმედს იტოვებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი გააკეთებს საჯარო განმარტებას, თუ რამდენად შეესაბამება მისი წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადებები საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფესიულ სტანდარტებსა და ეთიკის პრინციპებს, რომლითაც მისი თანამშრომლები უნდა ხელმძღვანელობდნენ.
წყარო: მედიანიუსი