პატიმარ რობერტ ხარაიშვილის დედა, პროტესტის ნიშნად, სასჯელაღსრულების სამინისტროს შენობის წინ თვითმკვლელობით იმუქრება.
მსჯავრდებულს სასჯელის ორ მესამედზე მეტი მოხდილი აქვს, რის გამოც მისი ადვოკატი და ოჯახის წევრები, მეშვიდე თვეა, სასჯელის მოუხდელი ნაწილისაგან პატიმრის პირობით ვადამდე გათავისუფლებას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ. არადა მსჯავრდებული მძიმე ონკოლოგიური ავადმყოფია. გარდა ამისა აქვს C ჰეპატიტი, ტუბერკულოზი და შიდსი. მსჯავრდებულს ყელიდან ჩირქი სდის, ვერ საუბრობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება.
პატიმარი ამჟამად ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული. იგი სასწრაფო ონკოლოგიურ ოპერაციას საჭიროებს, მაგრამ ადვოკატის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციას მსჯავრდებული ონკოლოგიურ საავადმყოფოში არ გადაჰყავს.
მსჯავრდებულის დედის განცხადებით, პროტესტის ნიშნად, ის, სასჯელაღსრულების სამინისტროს შენობასთან, მინისტრის, დიმიტრი შაშკინის ავტომანქანას შეუვარდება და სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებს.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი