კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის“ განცხადება

26 ნოემბერი, 2009

„უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი“ გმობს 2009 წლის 23 ნოემბერს მოძრაობა „7 ნოემბრის“ ლიდერების - დაჩი ცაგურიას, ჯაბა ჯიშკარიანის და ირაკლი კორძაიას დაკავების ფაქტს იმ დროს, როცა ისინი თავიანთი სამოქალაქო პოზიციას სრულიად მშვიდობიანი ფორმით გამოხატავდნენ. ასევე ვგმობთ სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა დაჯარიმების ფაქტს.

2009 წლის 23 ნოემბერს საღამოს, თბილისის საპატრულო პოლიციამ მოძრაობა „7 ნოემბრის“ ლიდერები: დაჩი ცაგურია, ჯაბა ჯიშკარიანი და ირაკლი კორძაია პარლამენტის წინ დააკავა. მოძრაობის ლიდერები ისხდნენ პარლამენტის შენობის წინ ტროტუართან. ხელში ეჭირათ პოლიციის თანამშრომლების მიერ მოკლული ახალგაზრდების - ამირან რობაქიძისა და სანდრო გირგვლიანის სურათები და პლაკატი - „საზოგადოებრივი მაუწყებელი – ხალხს!“ ისინი მდუმარე აქციით აპროტესტებდნენ ხელისუფლების პოლიტიკას. საპატრულო პოლიცია აქციის დაწყებიდან რამდენიმე წუთში მივიდა პარლამენტის წინ და ახალგაზრდები დააკავა. თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა გიორგი გეგეჭკორმა, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა, განაცხადა, რომ ახალგაზრდებმა დაარღვიეს კანონი „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“, რომელიც მისი აზრით, კრძალავს ადმინისტრაციული შენობის წინ 50 მეტრის რადიუსში აქციის ჩატარებას.

დაკავებიდან მოკლე ხანში გაიმართა დაჩი ცაგურიას, ჯაბა ჯიშკარიანის და ირაკლი კორძაიას სასამართლო პროცესი და თითოეულს ადმინისტრაციული წესით შეეფარდა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

მოძრაობა „7 ნოემბრის“ აქტივისტთა ადვოკატის, გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, სასამართლოს დადგენილება თავად ხდის ნათელს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფთ კანონი არ დაურღვევიათ. კერძოდ, სასამართლოს დადგენილებაში მოსამართლემ თვითონვე აღნიშნა, რომ აქტივისტები ისხდნენ პარლამენტის შენობიდან 25-30 მეტრის მოშორებით. ამ დროს, კანონი შეკრებას და მანიფესტაციას კრძალავს მხოლოდ ოცი მეტრის რადიუსში.

სასამართლოს დადგენილებაში ასევე აღნიშნულია, რომ აქტივისტები ხელს უშლიდნენ მოქალაქეების გადაადგილებას, პოლიციის მოწოდებაზე არ დაიშალნენ და წინააღმდეგობა გაუწიეს სამართალდამცავებს. საყურადღებოა ისიც, რომ დადგენილების გამოტანისას მოსამართლე დაეყრდნო პოლიციის ჩვენებას და უარი განაცხადა ვიდეო-მასალების ნახვაზე, რომლებიც აქარწყლებს ზემოაღნიშნულ ბრალდებებს.  

აღნიშნული შემთხვევა არის ცოტა ხნის წინ „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონში  შეტანილი ცვლილებების პრაქტიკაში გამოყენების ერთ-ერთი პირველი მაგალითი, რომელმაც კიდევ უფრო ნათელი გახადა, რომ აღნიშნული კანონი საფრთხეს უქმნის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების - შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებების დაცვასა და რეალიზაციას. 

კერძოდ, შეკრებისა და მანიფესტაციის კანონი საშუალებას აძლევს აღმასრულებელ ხელისუფლებას, გამოხატვის თავისუფლება შეუზღუდოს ადამიანებს მაშინ, როცა არ არსებობს ამ უფლებაზე აღმატებული ღირებულების დაცვის საჭიროება და არც რეალური საფრთხე ექმნება სხვა ადამიანების უფლებებსა და თავისუფლებებს. შეტანილი ცვლილებები,  ასევე, უფლებას აძლევს აღმასრულებელ ხელისუფლებას, კანონის სახელით შეწყვიტოს სრულიად არაძალადობრივი გზით ალტერნატიული აზრის გამოხატვის პროცესი და გამოიყენოს სანქციები ადამიანების წინააღმდეგ, როგორც ეს კონკრეტულ შემთხვევაში მოხდა.

ზემოაღნიშნული მიზეზების გამო, კარგად გამოჩნდა, რომ არსებული კანონი არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას.

„უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი“ მოუწოდებს:

 საქართველოს ხელისუფლებას, სამართალდამცავ და სასამართლო ორგანოებს, ყველა ღონე იხმარონ, რათა თავიდან იქნეს აცილებული ალტერნატიული აზრის მქონე ადამიანების წინააღმდეგ კანონის სადამსჯელო მექანიზმად გამოყენება.

 საქართველოს პარლამენტს  - კიდევ ერთხელ გადახედოს კანონში შეტანილ ცვლილებებს და მოიყვანოს იგი შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო ხელშეკრულებებთან.

• საერთაშორისო ორგანიზაციებს - განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდონ კანონში შეტანილ ცვლილებებს, განახორციელონ მონიტორინგი მისი პრაქტიკაში გამოყენების შემთხვევებზე და მოუწოდონ საქართველოს ხელისუფლებას, კანონი მიუსადაგოს საქართველოს კონსტიტუციას და საერთაშორისო ხელშეკრულებებს.

„უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიული ქსელი“ აერთიანებს 30 უფლებადამცველ ორგანიზაციას საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. საქართველოში ქსელის კოორდინატორია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“.

ახალი ამბები