კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საკონსტიტუციო პროექტი - უკან გადადგმული ნაბიჯი

13 აგვისტო, 2010
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ძლიერი პრემიერი, ძლიერი მთავრობა და მაქსიმალურად დაკნინებული პარლამენტი - ეს საქართველოს საკონსტიტუციო პროექტის ფორმულირებაა, რომელიც საორგანიზაციო კომისიამ 19 ივლისს დაჩქარებული წესით მიიღო. ასე ფიქრობს ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორის, მათ შორის იმ ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ აღნიშნული კომისიის წევრები არიან. მათი მოსაზრებებისა და რეკომენდაციების მიუხედავად, პროექტი მიღებულია და სექტემბერში მას უკვე პარლამენტი განიხილავს.

მანამდე კონსტიტუციის ე.წ. ევროპული მოდელის საყოველთაო-სახალხო განხილვა რეგიონებში მოეწყობა. შეხვედრები ქუთაისიდან დაიწყო. ხელისუფლების მაქსიმალური მცდელობის მიუხედავად, მოაწონოს იგი საზოგადოებას, არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ პროექტი დაჩქარებული წესით არის მიღებული.
 
თამარ ხიდაშელი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, კონსტიტუციის საორგანიზაციო კომისიის წევრი: „როცა საკონსტიტუციო რეფორმა დაიწყო, გაცხადებული მიზანი იყო სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსის აღდგენა. ფაქტია, დღეს პარლამენტი არის უფლებაშეკვეცილი, პრეზიდენტს კი შეუზღუდავი ძალაუფლება აქვს. შესაბამისად, მოლოდინი იყო, რომ პარლამენტის უფლებამოსილებები გაიზრდებოდა, ხოლო  პრეზიდენტის უფლებამოსილებები შეიკვეცებოდა. ჩვენ, რეალურად, მართლაც მივიღებთ მოდელს, რომლის მიხედვით, პრეზიდენტს აქვს შეკვეცილი უფლებამოსილებები, მაგრამ ამის პარალელურად გაძლიერდა მთავრობა და პრემიერ-მინისტრი. პარლამენტი კი, ისევ სუსტი და უფლებაშეზღუდული დარჩება. ეს სისუსტე და უფლებაშეზღუდულობა იმით გამოიხატება, რომ პრეზიდენტს და მთავრობას საშუალება ექნებათ, თავიანთი დღის წესრიგი (ამ შემთხვევაში - საკანონმდებლო სფეროში) მოახვიონ პარლამენტს, რომელიც ვალდებული იქნება, გვერდზე გადადოს თავისი საქმეები და პრეზიდენტისა და მთავრობის მიერ შემოთავაზებული კანონპროექტები დაჩქარებული წესით განიხილოს“.

ექსპერტები თვლიან, რომ პროექტის მიხედვით, პარლამენტის საკანონმდებლო როლი  დაკნინებულია, მთავრობის როლი კი, შესაბამისად, გაზრდილი.

„საინტერესოა, რა ბერკეტებს ფლობს საქართველოს პარლამენტი იმისათვის, რომ დააყენოს მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი? ყველაზე ძლიერი მექანიზმია მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება. ვთქვათ, მე არ მომწონს მთავრობა და მინდა სახლში გავუშვა. აი, ეს მექანიზმია ძალიან გართულებული. ამან კი, შესაძლოა, ქვეყანა სერიოზულ კრიზისში ჩააყენოს. ვგულისხმობ იმას, რომ სულ ცოტა, საქართველოს პარლამენტს დაჭირდება 2 თვე, რათა სახლში გაუშვას მთავრობა, რომელიც მას არ მოსწონს. მაქსიმუმ, ეს პროცესი შეიძლება 3 თვის განმავლობაშიც გაგრძელდეს“, - აცხადებს თამარ ხიდაშელი.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ოფისში საკონსტიტუციო პროექტის პუნქტობრივი განხილვა მოეწყო. შეხვედრაზე აღინიშნა მოსამართლეების თემაზეც. კერძოდ, სახელისუფლებო გუნდი მოსამართლეების დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდას საკმაოდ დიდ რეკლამას უკეთებდა. „პროექტის მიხედვით კი, მოსამართლეები მართლაც დაინიშნებიან უვადოდ, მაგრამ სერიოზული პრობლემაა, რომ მათ გამოსაცდელი ვადა ჩაეწერებათ (გამოსაცდელი ვადის არსებობა ჩაიწერა სამი წლით). ეს კი, ვფიქრობ, უკან გადადგმული ნაბიჯია. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ ასევე, უარი თქვა დამოუკიდებლობის სხვა გარანტიების ჩადებაზე“, - აცხადებს თამარ ხიდაშელი.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა აზრით, პროექტის მიხედვით,  პოლიტიკურ ძალთა შორის ბალანსი არ არსებობს. იქნება ძლიერი პრემიერი, ძლიერი მთავრობა და მაქსიმალურად დაკნინებული პარლამენტი. პარლამენტი უუნაროა სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცების პროცესშიც. ამ შემთხვევაშიც იგი ვალდებულია, გაიზიაროს მთავრობის მიერ შემოთავაზებული ბიუჯეტის პროექტი. ამავე დროს, მთავრობის თანხმობის გარეშე ბიუჯეტის პროექტში ცვლილებების შეტანა დაუშვებელია.

ფაქტია, მცდელობის მიუხედავად, საკონსტიტუციო პროექტი საერთო სახალხო განხილვის საგნად აქციოს, ხელისუფლება მიზანს ვერ აღწევს. რეკომენდაციები, რომელსაც მას სთავაზობენ, პროექტში ჯერ არსად ასახულა.

„არადა, რეკომენდაციების მიღება კონსტიტუციით გათვალისწინებული მექანიზმია, რომელიც მსოფლიოშია აპრობირებული. ჩვენს ქვეყანაში კი, ამას, სამწუხაროდ, მხოლოდ ფორმალური ხასიათი აქვს“, - ფიქრობს საზოგადოება, რომელიც ამ ეჭვს ერთი მარტივი შეკითხით ამყარებს: „რატომ შეირჩა ამ პროექტის განხილვისთვის მაინცდამაინც აგვისტოს თვე - სეზონი, როცა მოქალაქეები არ აქტიურობენ და ძირითადად დასვენებაზე ფიქრობენ?“

ახალი ამბები