08:09, Thursday, 24.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

დევნილთა და გარემოვაჭრეთა აქციაზე ოპოზიციის აქტივისტები დააკავეს

18.08.2010

ალექსი ბეჟანიშვილი

19 თებერვალს, ფერიცვალების დღეს, ოპოზიციონერების დაკავებით დასრულდა დევნილებისა და გარემოვაჭრეების ერთობლივი საპროტესტო აქცია. პოლიციამ  „ხალხის პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო შალამბერიძე და ახალგაზრდული მოძრაობა „არას“ დამფუძნებელი ლევან ჩიტაძე დააკავა. ისინი „კონსერვატიული პარტიის“ წევრის, ლაშა ჩხარტიშვილის დაკავებასაც ცდილობდნენ, მაგრამ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგობის გამო, ვერ მოახერხეს.

დილის 12:00 საათზე გარემოვაჭრეები და დევნილები პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან შეიკრიბნენ. დევნილები თბილისში ალტერნატიული საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას და ამ ფართების დაკანონებას ითხოვდნენ. გარემოვაჭრეები კი მოითხოვდნენ - ლეგალური გახდეს გარევაჭრობა და პარლამენტმა მიიღოს შესაბამისი სამართლებრივი ნორმები; მოწესრიგდეს გარევაჭრობის პირობები.

პრეზიდენტის რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია, დაახლოებით, ერთი საათი გაგრძელდა და მასში 200-მდე ადამიანი მონაწილეობდა. აქციას ორგანიზებას უწევდნენ „კონსერვატიული“ და „ხალხის“ პარტიების წარმომადგენლები, ლაშა ჩხარტიშვილი და ალეკო შალამბერიძე. სოლიდარობის ნიშნად, აქციას შეუერთდნენ: მოძრაობა „არა“, არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის“ და ორგანიზაცია „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“.

პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციიდან აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან გადაინაცვლეს, სადაც ასევე საპროტესტო აქციის დაწყებას აპირებდნენ. „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, ამ მომენტში გამოჩნდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც აქციის ორგანიზატორების, ლაჩა ჩხარტიშვილისა და ალეკო შალამბერიძის დაკავებას ცდილობდნენ.

ფიზიკური დაპირისპირების შედეგად აქციის მონაწილეებმა სხეულის დაზიანებები მიიღეს. საბოლოოდ, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს „ხალხის პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, წინა მოწვევის პარლამენტის დეპიტატი, ალეკო შალამბერიძე და მოძრაობა „არა“-ს რამდენიმე აქტივისტი. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ისინი პოლიციის მთაწმინდის განყოფილებაში გადაიყვანეს.

ლაშა ჩხარტიშვილი კი დაკავებას გადაურჩა, რადგან დევნილებმა და გარემოვაჭრეებმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მისი წაყვანის შესაძლებლობა არ მისცეს. ინციდენტის შესახებ ვიდეოკადრები „ინტერპრესნიუსმა“ გაავრცელა: http://new.interpressnews.ge/ge/video.html?view=video&video=85

შემთხვევის ადგილზე თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი, გიორგი გეგეჭკორიც იმყოფებოდა. იგი ადრეც არაერთხელ არის შემჩნეული აქციის მონაწილეთა უკანონო დაკავებაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია 2009 წლის 15 ივნისს თბილისის შს მთავარი სამმართველოს წინ გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეთა დაკავება და წამება, რის შესახებაც მაშინდელმა სახალხო დამცველმა, სოზარ სუბარმა ობიექტური გამოძიება მოითხოვა (ამის შესახებ ვრცლად იხ. : http://humanrights.ge/index.php?a=article&id=3973&lang=ge ).

შალამბერიძისა და ჩიტაძის დაკავების შემდეგ საპროტესტო აქციამ პარლამენტიდან დიღომში, თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გადაინაცვლა. ლაშა ჩხარტიშვილმა გადაწყვიტა, პოლიციის სამმართველოსთან მისულიყო და პოლიციის თანამშრომლებს ჩაბარებოდა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ღია პროვოკაცია მოაწყო: „პოლიცია ცდილობდა, უკანონოდ დაეკავებინა აქციის ორგანიზატორები. უკანონოდ დააკავეს კიდეც რამდენიმე მათგანი, მათ შორის - „ხალხის პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო შალამბერიძე და მოძრაობა „არას“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ჩიტაძე. მე არ ვაპირებ, შევეგუო ხელისუფლების უკანონო ქმედებებს და ვიბრძოლებ ბოლომდე. მივალ პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, ჩავბარდები მათ და მოვითხოვ ოფიციალურ პასუხი, თუ რატომ მოხდა დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და პატრულის თანამშრომლებს შორის, რატომ გაგვისწორდნენ ფიზიკურად და რატომ დააკავეს ჩვენი თანამოაზრეები“.

პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის დასასრულს ლაშა ჩხარტიშვილმა შემდგომი აქციების გრაფიკი წარმოადგინა. გარემოვაჭრეების შემდგომი საპროტესტო აქცია 24 აგვისტოს, 15:00 საათზე აკაკი წერეთლის ბაღში გაიმართება; 25 აგვისტოს, 16:00 საათზე კი, დევნილები „მზიურში“ შეიკრიბებიან, 26 აგვისტოს კი, უკვე ტრადიციული ერთობლივი აქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან გაიმართება.

მოგვიანებით პოლიციის სამმართველოსთან, აქციის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ჩხარტიშვილმა განაცხადა: „ჩვენ ხუთი დღის წინ მერიაში შევიტანეთ გაფრთხილება გზის გადაკეტვის შესახებ და ამ ხნის განმავლობაში პასუხი არ მოგვსვლია, რაც თანხმობას ნიშნავს. შესაბამისად, პოლიციამ ისინი უკანონოდ დააკავა. ვეჭვობ, რომ დაკავებულებს პირდაპირ სასამართლოში გადაიყვანენ და ამიტომ გადავწყვიტეთ, დიღომში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან საპროტესტო აქცია გავმართოთ. ჩვენ მოვითხოვთ დაკავებულთა გათავისუფლებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მეც დამაპატიმრონ. ამ აქციის ორგანიზატორი მე ვიყავი და თუ ვინმე უნდა იყოს უკანონოდ დაპატიმრებული, ეს მე ვარ“.

პოლიციის სამმართველოდან აქციის მონაწილეებმა ქალაქ თბილისის სასამართლოს წინ გადაინაცვლეს, სადაც მათი ვარაუდით, ალეკო შალამბერიძისთვის და ლევან ჩიტაძისთვის აღმკვეთი ღონისძიების საკითხი უნდა განხილულიყო. თუ როგორ დასრულდა ეს აქცია, ამის შესახებ humanrights.ge ხვალინდელ გამოშვებაში შეგატყობინებთ.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC