20:36, Thursday, 19.09.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

მარნეული – ინფრასტრუქტურის პრობლემები და ინფორმაციული ვაკუუმი

24.08.2010

მანონ ბოკუჩავა

„საქართველო უპირველეს ყოვლისა“ - ასეთი წარწერაა ბილბორდზე, რომელიც მარნეულის შესასვლელშია. საქართველოს დროშის ფონზე დაწერილ ტექსტს, უმცირესობათა საკითხების ევროპულ ცენტრს’’ (ECMI) თუ დავუჯერებთ, მარნეულის მოსახლეობის მხოლოდ 3%-ი წაიკითხავდა.

აღნიშნული საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტი ჯონათან უიტლი ქვემო ქართლის შესახებ თავის ანგარისში წერს, რომ მარნეულის მოსახლეობის 83.10%-ს  აზერბაიუჯანელები წარმოადგენს, მათგან კი ქართულად კითხვა მხოლოდ 3%-ს შეუძლია. „მარნეულში განსაკუთრებული პრობლემები არ გვაქვს“- მეუბნება სემირ გაჯიევი, რომელიც ღია ცის ქვეშ მოწყობილ ჩაიხანაში გვხვდება. ემადლიერება გამგებელს, თუმცა საუბარში ნელ-ნელა ახსენებს ქალაქში არსებულ სასმელი წლის პრობლემას.

„რა თქმა უნდა, გასულ წლებთან შედარებით უკეთესი მდგომარეობაა, მაგრამ სასმელი წყალი კვირაში სამჯერ გვაქვს და ისიც 8 საათი. ელექტროენერგია  ქარის დროს ქრება, ალბათ კაბელების პრობლემაა“, –ამბობს გაჯიევი.

მარნეულის რუსთაველის ცენტრალურ ქუჩაზე მსხვილი 4-სანტიმეტრიანი ოცამდე კაბელია ხეს შემოხვეული. კაბელების აბლაბუდა კორპუსებზე გადადის და მთელ ქუჩაზე ნაწილდება. მოსახლეობა ამ ხის ქვევით გასვლას არ გვიჩევს, თუმცა ამბობენ, რომ ჯერ-ჯერობით დენი არავისთვის დაურტყია.

ცენტრალურ ქუჩაზე ჩაიხანების სიმრავლეა. ასე მხოლოდ მამაკაცები ერთობიან. „ამ ხიდზე გოგონა დღისით არავინ გადადის ზევიდან. მაგიტომაც გისიგნალეს მაგდენი“,-  ღიმილით მიხსნის 26 წლის ალინა ისმაილოვა. „ეს ხიდი მართალია ქალაქის ცენტრშია, მაგარამ პროვინციული წესები აქაც მოქმედებს. ქალი აქ ასეთ გამოსაჩენ ადგილას არ დადის. მაგ ხიდს ქვევით გადასასვლელი აქვს და იქიდან უნდა გადმოსულიყავი“- მიხსნის ალინა. აღმოჩნდა რომ ყველაზე მეტად მას მარნეულში სისუფთავის საკითხი არ მოსწონს. „ნაგავი ყრია ყველგან, პატარა წყლის არხებია შიგნით ქალაქში, შეგიძლიათ ჩაიხედოთ და ნახოთ რა მდგომარეობაა. ბოთლები და  საკვები პროდუქტის ნარჩენებე ყრია ყველგან. ახლად გაკეთებულ სკვერშიც ახალგაზრდები ნაგავში ზიან. პატარა ურნები ბოძებზეა მიმაგრებული, მაგრამ მათ დაცლაზე ნაგავისგან არავინ ზრუნავს“,- საუბრობს მარნეულში მცხოვრები ალინა ისმაილოვა.

ალინა ქალაქში გიდობას მიწევს. ამბობს, რომ ერთადერთი რაც მარნეულში გაკეთდა და ,,ქების’’ ღირსია შიდა ტრანსპორტის საკითხია. „წინათ ერთი უბნიდან მეორეში, რომ წასულიყავი ტაქსი გჭირდებოდა. ახლა სამარშუტო ტაქსებიცაა და ავტობუსებიც. თუმცა აგერ ხედავთ, რომ ჩვენი ავტობუსის გაჩერება ნაღმდაცემულს გავს“.

ავტობუსის გაჩერების მოსაცდელ ობიექტს არ აქვს სახურავი, მაგრამ კიდევ შერჩენია წინასაარჩევნო პლაკატი ხუთიანით, პრეზიდენტით და სლოგანით გასაკეთებელი კიდევ ბევრია.

„მარნეულში ელექტრო ენერგიის ხშირ ჩაქრობაზე ქარის გამო მე ნამდვილად ვერაფერს გეტყვით. რაც შეეხება სასმელ წყალს ეს საკითხი დღის წესრიგში დგას. მსოფლიო ბანკმა დააფინანსა სამწლიანი პროექტი, რომელიც მარნეულის სასმელი წყლის და საკანალიზაციო გაყვანილობების სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. მომავალი წლიდან ქალაქში 24 საათი გვექნება სასმელი წყალი. პროექტის პირველი ნაწილი სექტემბრის ბოლოს იწყება“,- ამბობს www.humanrights.ge-სთან საუბარში მარნეულის გამგებელი ზაზა დეკანოიძე. ჩვენ კითხვაზე, თუ როგორ აფასებს მარნეულში დასაუფთავების სამსახურის მუშაობას გვპასუხობს, რომ პრობლემას ქმნის  სათანადო ტექნიკის არ ქონაა. „გასულ წელთან შედარებით დასუფთავების მხრივ უკეთესი მდგომარეობა, თუმცა კმაყოფილი ნამდვილად არ ვარ. ძველი ტექნიკა გვაქვს დ ავერ ხერხდება ქალაქის სრულყოფილად დასუფთავება. ორი მანქანა შევიძინეთ და კიდევ არის საჭირო“,- საუბრობს მარნეულის გამგებელი.

ინფრასტრუქტურის და კომუნალური პრობლემების გარდა მარნეულში სხვა პრობლემაც აქვთ: „ჩვენ აქ მარტო სააკაშვილს ვიცნობთ. ნამდვილად არ ვიცი საქართველოს პრემიერმინისტრი ვინ არის, არც ოპოზიციონერებს ვიცნობ“,- საუბრობს მარნეულელი ისამაილოვა.

ის რომ მარნეულში მცხოვრები აზერბაიჯანლები სააკაშვილის  გარდა არავის იცნობენ, ამისი ერთ-ერთი მიზეზი აზერბაიჯანული არხებია, რომელსაც ქართულის არ მცოდნე ადგილობრივი მოსახლეობა უყურებს. აქ ე.წ „თეფშები“ ანუ სატელიტური ტელევიზია თითქმის ყველა ოჯახშია. კორპუსების  ფანჯრებში ერთიმეორის მიყოლებით დამონტაჟებული თეფშები აზერბაიჯანის პირველი არხის საინფორმაციოს აჩენებებს. ამ არხზე ქვემო ქართლის შესახებ ხშირად საუბრობენ, რადგან ყველა მსხვილ აზერბაიჯანულ მედიას აქ თავისი კორესპოდენტი ჰყავს, რითაც ქართული საინფორმაციო საშუალებები ვერ დაიკვეხნიან.

ბაქოსთან კავშირები მარნეულში აქტუალური საკითხია. „ჩემ ორ შვილს ბაქოში აქვს უმაღლესი დამთავრებული. მესამე როცა სკოლას მორჩება მაგასაც გავაგზავნი“,- ამბობს მარნეულის ჩაიხანის სტუმარი ფაზილ მამედოვი.

მარნეულში აზერბაიჯანის სახელმწიფო სანომრე ნიშნებით მანქანების სიმრავლეა. ქალაქის ფანტანიან მოედანზე, როგორც ადგილობრივები ეძახიან, ბაქოსკენ მიმავალი ავტობუსები დღეში ორჯერ გადიან. „ნათესავები გვყავს ბაქოში. წელიწადის ნახევარს მანდ ვატარებ. იქიდან უამრავი რამ ჩამოგვაქვს: ტანსაცმელები ოჯახის წევრებისთვის და ჩაიც კი“,– საუბრობს მამედოვი. ბაქოდან ჩამოტანილ ახალ სიმღერების დისკს უსმენენ მარნეულის ბაზარშიც, სადაც ორ ლარად შეგიძლიათ შეიძინოთ  აზერბაიჯანული პასპორტების წითელი გარეკანები.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC