აფხაზეთიდან დევნილებმა, რომლებიც კურორტ „ახტალის“ სანატორიუმებიდან იძულებით გამოასახლეს და დღემდე უსახლკაროდ არიან დარჩენილები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს, კობა სუბელიანს გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატში უჩივლეს.
დევნილები გლუკ-ის ხელმძღვანელობას ვითარებაში გარკვევას და დახმარებას სთხოვენ.
როგორც დევნილებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან, იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ შს კახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოს მათ იძულებით გამოსახლებაზე თანხმობა ისე მისცა, რომ დევნილების თხოვნა არ გაუთვალისწინებია.
„ვერავინ ვერ გადავდივართ სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ საცხოვრებელ კორპუსში, რომელიც სოფელ ბაკურციხეში, ტყეშია. მოვითხოვთ, რომ საცხოვრებელი ისევ ქალაქ გურჯაანში მოგვცენ, თუნდაც გარეუბანში, რათა არ მოვწყდეთ იმ ადგილებს, სადაც მუშაობით ლუკმა - პურის ფულს ვშოულობთ“, - აღნიშნეს დევნილებმა.
შეგახსენებთ, რომ კურორტ „ახტალის“ კორპუსებში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილები 16 ივლისს, დილის 8:00 საათზე გამოასახლეს. გამოსახლებაში მონაწილეობას კახეთის თითქმის ყველა რაიონის პოლიცია იღებდა, სულ 196 პოლიციელი. გამოსახლებას კახეთის სამხარეო პოლიციის უფროსი დავით ქოქიაშვილი ხელმძღვანელობდა. პოლიციის თანამშრომლებმა დევნილების ლეიბები, კარადები და სხვა საგნები პირდაპირ სართულებიდან გადმოყარეს. გამოსახლებაში ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მაღალჩინოსნებიც მონაწილეობდნენ.
დევნილების გამოსახლების ამსახველი ფოტო მასალა შეგიძლიათ იხილოთ ამ მისამართზე:
http://www.ick.ge/ka/photogalleries/2066-196-84-.html
ვიდეომალასა:
http://www.ick.ge/ka/videogallery/2071-2010-07-16-09-31-15.html
კახეთის საინფორმაციო ცენტრი