კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრეზიდენტმა უმუშევარი რუსთაველები შეცდომაში შეიყვანა

16 სექტემბერი, 2010
მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

პრეზიდენტი სააკაშვილი ერთი კვირის წინ რუსთავს ესტუმრა და ერთი წლის წინ გახსნილი ქართულ-იტალიური ტყავის გადამამუშავებელი საწარმოს „სრული დატვირთვით ამუშავებას“ დაესწრო. ყოველ შემთვევაში, მედიამ ასეთი ინფორმაცია გაავრცელა. თავად მუშები კი ამბობენ, რომ საწარმოში არსებული ყველა დანადგარი ისედაც მუშაობდა და გაუგებარია, პრეზიდენტი რა მოვლენის აღსანიშნავად ესტუმრათ.

„ეს უნდა გაიგოს ამ ხალხმა! ტექნოლოგს ამ ქარხანაში აქვს 1500 ლარიანი ხელფასი. ესენი კი აბარებენ ისეთ სპეციალობებზე, რომლებზეც ან იშოვიან სამსახურს ან არა. მერე იძახიან - დაგვასაქმე დაგვასაქმეო“, – განაცხადა პრეზიდენტმა საწარმოს ხელმძღვანელ ვახტანგ ნიკოლეიშვილთან საუბრისას.

შემდეგ საზოგადოებას წარუდგინა „დასაქმებული ხატია“ - საწარმოს თანამშრომელი, რომელმაც თქვა, რომ 600 ლარი აქვს ხელფასი, უხდიან გზის და კვების ფულს, აქვს უფასო სამედიცინო დაზღვევა. ამის შემდეგ პრეზიდენტმა კითხვები დააყარა საწარმოს ხელმძღვამნელს და საუბარი საწარმოს გაფართოების პერსპექტივაზე გადავიდა. „ჩვენ ვაპირებთ დავასაქმოთ კიდევ ერთი იმდენი ადამიანი, რამდენიც ახლა გვყავს“, – უთხრა პრეზიდენტს ნიკოლეიშვილმა. ალბათ, ამ ფრაზის შედეგი იყო, რომ ტყავის გადამამუშავებელ საწარმოში პრეზიდენტის ვიზიტის მეორე დღეს კადრების განყოფილების მუშაობა შეჩერდა.

„27 სექტემრამდე ვერავის განცხადებას ვერ მივიღებთ. ასე დაგვავალა უფროსობამ. სხვას ვერაფერს გეტყვით. უკვე ორასამდე კაცი იქნება დღეს მოსული“, – უთხრა ტყავის გადამამუშავებელ საწარმოს შესასვლელთან შეკრებილ მოქალაქეებს დაცვის თანამშრომელმა. ჩვენ კი აგვიხსნა, რომ ტელევიზიაში გასული სიუჟეტის შემდეგ საწარმოში უმუშევარი მოქალაქეების ნაკადი არ წყდება.

„ჩვენ მართალია ვგეგმავთ გაფართოებას. უფრო სწორად, ტყავის წარმოებაზე გადასვლას, მაგრამ ეს იქნება დაახლოებით ნახევარი წლის შემდეგ. სწორედ მაშინ ავიყვანთ თანამშრომლებსაც - ერთი იმდენს, რაც ეხლა გვყავს და მეც სწორედ ეს ვთქვი“, – გვითხრა საწარმოს ხელმძღვანელმა ვახტანგ ნიკოლეიშვილმა.

მისივე თქმით, საწარმოში ჯერჯერობით მხოლოდ ტყავის ნახევარფაბრიკატს აწარმოებენ. ნედლეულს კი - საქონლის ტყავს საქართველოს ყველა რაიონიდან იღებენ. ერთადერთი პრობლემა საწარმოში, სადაც დღეს 170 ადამიანი მუშაობს,  ტყავის ტექნოლოგების ნაკლებობა. „ტექნოლოგები რადგან არა გვყავს ქვეყანაში, ჩვენ ჩამოვიყვანეთ სპეციალისტი იტალიიდან. ის უკვე ასწავლის ჩვენ მიერ შერჩეულ რანდენიმე პიროვნებას. თუ თავს კარგად გაართმევენ 6-8 თვიანი სწავლის შემდეგ აქ იმუშავებენ“, – დასძენს ნიკოლეიშვილი.

საწარმოში ჩვენი ყოფნის დროს სამუშაოს დაწყების მსურველები ჯგუფ-ჯგუფად მოდიოდნენ. დაცვის სამსახურის მიერ უკან გაბრუნებული ხალხი საწარმოსკენ მიმავალ ახალ ნაკადს ვითარებას უხსნიდა და ყველანი  ერთად ტოვებდნენ  იქაურობას უიმედო სახეებით.

„რა გითხრათ დირექტორმა, გვაქვს მიღებაო?! ისეთი ზარ-ზეიმით იყო პრეზიდენტი ჩამოსული, ხალხს ეგონა - არიქა, გვეშველაო. ახლა  ყურებჩამოყრილი მივდივართ უკან“, – ამბობს 34 წლის რუსთაველი, ირაკლი გობეჯიშვილი.

პრეზიდენტის პიარით რუსთავის ოთხი ნომერი სამარშუტო ხაზის მძღოლებმა იხეირეს. ეს ტრანსპორტი ერთადერთია, რომელიც ქალაქის გარეუბანში მდებარე ტყავის გადამამუშავებელ საწარმოსთან მიდის.

„თქვენც, ბიძიკო, სამუშაოსთვის იყავით მისული არა? თავიდან რომ გამომყევით, მაშინ გეთქვა, ტყუილად გზის ფულს არ დახარჯავდი. უკვე მთელი ქალაქი გვყავს ჩვენი ხაზით მაგათთან მიყვანილი, მაგრამ მაქედან დასაქმებული და ბედნიერი არავინ წამიყვანია“, - თანაგრძნობით გვითხრა სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა. 

ახალი ამბები