კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ბადენ-ბადენის“ გახუნებული ფერები გორში

17 სექტემბერი, 2010
საბა წიწიკაშვილი, გორი

80-მდე მეეზოვე და მუშა გორს წელიწადში 740 000 ლარად ასუფთავებს. პარალელურად, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა კერძო  და იურიდიულ კომპანიებს დაკავებული ფართობის მიხედვით, ერთ კვ.მ-ზე დასუფთავების მოსაკრებელს ლარსა და ათ თეთრს ახდევინებს. მიუხედავად ასეთი კოლოსალური თანხებისა, ქალაქი და განსაკუთრებით - სოფლები ნაგავს მიაქვს. ამას მეეზოვებისა და მუშების  პროტესტიც ემატება, რომლებიც 25 აგვისტოდან დღემდე ხელფასს ელოდებიან.

2007 წლის შემდეგ გორში ნაგვის გატანის საკითხებს ერთი კომპანია - „არქმშენსტუდია 2002“ აგვარებს. 2010 წლის აგვისტოდან კი, შიდა ქართლის გუბერნატორის ინიციატივით, კომპანია „არქმშენსტუდია 2002“-ს თითქმის ყველა იმ სამუშაოების შესრულების უფლება ჩამოერთვა, რასაც გამგეობის მიერ გამოცხადებული ტენდერის საფუძველზე  ასრულებდა.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2010 წლის 28 ივლისს შპს „ბზას“ ბაზაზე ჩამოაყალიბა შპს  „გორის კეთილმოწყობის სამსახური“, რომელსაც ქალაქის დასუფთავება დაევალა. შესაბამისად, ის ხალხი, რომლებიც მანამდე შპს „არქმშენსტუდია 2002“-ში მეეზოვეებად და მუშებად იყვნენ გაფორმებულები, „გორის კეთილმოწყობის სამსახურში“ გადავიდნენ. თუმცა, ამ მუშებს 25 აგვისტოდან დღემდე ხელფასი არ მიუღიათ.

შპს „გორის კეთილმოწყობის სამსახურის“ უფროსი ნუკრი აბალაკი „ადამიანის უფლებათა ცენტრთან" საუბრისას აცხადებს, რომ ხელფასების დაგვიანების მიზეზი ორგანიზაციის სამართლებრივი სტატუსის შეცვლამ, პლასტიკური ბარათების დამზადებამ და მათ შორის ბევრი მუშის პირადობის მოწმობის აღების დაგვიანებამ გამოიწვია. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, შპს „არქმშენსტუდია 2002“-მა მიმდინარე წელს უკვე აითვისა 1 483 900 ლარი, აქედან დაგვა-დასუფთავებისთვის და კეთილმოწყობისთვის 540 700 ლარი შედის.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ გორის ოფისმა ჯერ კიდევ 7 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან გამოითხოვა „არქმშენსტუდია 2002“-ის გარშემო არსებული მასალები, ეს ის კომპანია, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2007 წლის ბოლოდან ყველაფერი ევალებოდა - ასფალტის დაგება, ნაგავის გატანა, სახურავებს გარემონტება, სკოლების აშენება, გარეგანათებების მოწესრიგება, ხიდების გადება, შადრევნებში წყლის გაშვება, პარკების გალამაზება... ახალ გუბერნატორს - არსოშვილს კი გორი დაბინძურებული დახვდა.

მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტმა 2006 წელს გორი „ბადენ-ბადენად“ გამოაცხადა (საუბარია მიხეილ ქარელის გუბერნატორობის პერიოდზე), ქალაქის იერსახე არ შეცვლილა და იგივე „ბადენ-ბადენად“ დარჩა.

ოფიციალური სტატისტიკა „არქმშენსტუდია 2002“-ის შესახებ

მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ჯერ კიდევ 2008 წელს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოცხადდა ტენდერი ქალაქის ქუჩების დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და ნაგავსაყრელების მოვლა-პატრონობის შესახებ. ტენდერში გაიმარჯვა შპს „არმქშენსტუდია 2002“-მა. „არქმშენსტუდია 2002“-ის სატენდერო პირობა იყო 559 966 ლარის ათვისება. ტენდერში სხვა კონკურენტი არ ყოფილა.

2008 წელს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოცხადდა ტენდერი გორში ქუჩების რეაბილიტაციის, ქუჩების ორმოული შეკეთების და სოფლებში გზების შეკეთების შესახებ. შესყიდვა დაყოფილი იყო სამ ლოტად. მესამე ლოტში გაიმარჯვა შპს „არმქშენსტუდია 2002“-მა , რომელიც ითვალისწინებდა გორში ასფალტის საფარის ორმოულების შეკეთების სამუშაოებს. სატენდერო პირობა იყო 149 981 ლარი. ხელშეკრულება გაფორმდა 30 აპრილს. სამუშაოები დასრულდა 55 დღეში. აღნიშნულ ლოტში მას კონკურენტი არ ყოლია.

2009 წელს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამოაცხადა ტენდერი ქალაქის ქუჩების დაგვა დასუფთავების, ნარჩენების გატანის და ნაგავსაყრელების მოვლა-პატრონობის შესახებ. გაიმარჯვა შპს „არმქშენსტუდია 2002“-მა. სატენდერო პირობა იყო 680 000 ლარზე.

2009 წლის 20 მარტს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამოაცხადა ტენდერი გორში ქუჩების რეაბილიტაციისა და ქუჩის ფეხით სავალი ნაწილის მოწყობის შესახებ. შესყიდვა დაყოფილი იყო ორ ლოტად, მეორე ლოტში გაიმარჯვა შპს „არმქშენსტუდია 2002“-მა. მეორე ლოტი ითვალისწინებდა ცხინვალის გზატკეცილზე დევნილთა კომპაქტურ დასახლებასთან ქუჩის ფეხის სავალი ნაწილისა და ორი მოსაცდელის მოწყობას. სატენდერო პირობა იყო  116 917 ლარი. აღნიშნულ ლოტში მისი კონკურენტი იყო „საგზაო სამშენებლო სამმართველო #1“, რომლის სატენდერო პირობა იყო 130 000 ლარი.

2009 წელს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გაზეთ 24 საათში გამოაცხადა ტენდერი გორში ასფალტის საფარის ორმოული შეკეთების სამუშაოებზე. გაიმარჯვა შპს „არმქშენსტუდია 2002“-მა. კონკურენტი არ ყოლია. სატენდერო პირობა იყო  234 491 ლარი. ხელშეკრულება გაფორმდა 01 მაისს. სამუშაოები შესრულდა 25 ივნისამდე.

2009 წელს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამოაცხადა ტენდერი გორში და მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის რეაბილიტაციის სამუშაოებზე. შესყიდვა დაყოფილი იყო ხუთ ლოტად. მესამე ლოტში გაიმარჯვა შპს „არმქშენსტუდია 2002“-მა, რომელიც ითვალისწინებდა მდ ლიახვის კალაპოტიდან ნადირაძის ქუჩის სასმელი წყლის ამოტანას. სატენდერო პირობა იყო  74 000 ლარი. ხელშეკრულება გაფორმდა 27 მაისს სამუშაოები დასრულდა 20 აგვისტომდე.. აღნიშნულ ლოტში მას კონკურენტი არ ყოლია.

2010 წელს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამოაცხადა ტენდერი ქალაქის ქუჩების დაგვა დასუფთავების, ნარჩენების გატანის და ნაგავსაყრელების მოვლა პატრონობაზე. ტენდერში გაიმარჯვა „არმქშენსტუდია 2002“-მა. სატენდერო პირობა იყო  740 215 ლარი. აღნიშნულ ტენდერში მას კონკურენტი არ ჰყოლია.

2010 წელს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამოაცხადა ტენდერი გორში ქუჩების რეაბილიტაციაზე. შესყიდვა დაყოფილი იყო ორ ლოტად. მეორე ლოტში გაიმარჯვა „არმქშენსტუდია 2002“-მა, რომელიც ითვალისწინებდა ცხინვალის გზატკეცილზე ქუჩის გაგანიერებას და ტროტუარის მოწყობას. სატენდერო პირობა იყო 140 842 ლარი.

2010 წელს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამოაცხადა ტენდერი გორში ქუჩების ასფალტის საფარის ორმოული შეკეთებაზე. ტენდერში გაიმარჯვა „არმქშენსტუდია 2002“-მა. სატენდერო პირობა იყო 249 757 ლარი. ტენდერში სხვა კონკურენტი არ ყოფილა“.

როგორც ვხედავთ, „არქმშენსტუდია 2002“-ს კონკურენტები არ ჰყოლია. მის მფარველად გორის საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე მოიაზრება. ალიკა მაკრახიძემ „ლიბერალის“ ჟურნალისტთან, ნინო თოფურიძესთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს ჭორები ერთ-ერთმა ჟურნალისტმა გაუვრცელა. „მაგ ყველა ინფორმაციას ავრცელებს წიწიკაშვილი როა ჟურნალისტი, ეგა. რატომ არ კითხულობთ სხვა კომპანიებს? რაღა მხოლოდ ჩემს კომპანიას ხედავთ? რატომ არაფერს ამბობთ სოსო მაკრახიძეზე? გენო აბალაკზე?“ - განაცხადა ალიკა მაკრახიძემ. ცნობისათვის, ალიკა მაკრახიძის მიერ დასახლებული ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი სოსო მაკრახიძე მისი ალალი ძმაა.

ახალი ამბები