კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს სამხედრო რეზერვი - გაკვეთილები და გამოწვევები

17 სექტემბერი, 2010
თეონა აქუბარდია, სამხედრო ანალიტიკური ჯგუფი „ჰერი“

2006 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“, რომლის მიხედვითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, კერძოდ კი ეროვნული გვარდია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად იწყებდა რეზერვისტების მომზადებას.

კანონის მიხედვით, სამხედრო ძალების რეზერვი იქმნებოდა მობილიზაციის, საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის, აგრეთვე სხვა განსაკუთრებული მდგომარეობის დროს ან ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, სამხედრო ძალების მხარდასაჭერად. რეზერვში გასაწვევი კონტინგენტი საკმაოდ დიდი იყო და საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რეზერვისტთა რაოდენობას 2012 წლისათვის 100 ათასამდე უნდა მიეღწია.

2008 წლის აგვისტოს ომამდე სავალდებულო რეზერვი გაიარა 28000-მდე მოქალაქემ. ამასთანავე, ამ კანონის ამოქმედებისათვის საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა ასევე უსაფრთხოების კონცეფციაშიც, რასაც ტერიტორიული თავდაცვიდან ტოტალურ და უპირობო თავდაცვაზე გადასვლა მოჰყვა. კანონის მიხედვით, რეზერვში გაწვევა ხდებოდა წელიწადში ერთხელ 18 დღის ვადით და სამხედრო ძალების რეზერვი იყოფოდა სამ კატეგორიად: 1) აქტიურ რეზერვად, რომლის მიზანიც იყო პირთა მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნება და სამობილიზაციო მზაობა; 2) ეროვნული გვარდიის რეზერვად, რომლის მიზანი იყო საომარი მოქმედებების დროს სამხედრო ძალების ზურგის ოპერაციებში მონაწილეობა და საგანგებო და სხვა განსაკუთრებული სიტუაციების შედეგების ლიკვდაციაში მონაწილეობა; 3) ინდივიდუალურ რეზერვად, რომლის ძირითადი მიზანი იყო შეიარაღებული ძალების მოქმედი ქვედანაყოფების როტაცია და შევსება. რეზერვისტების მთავარ ბირთვს შეადგენდნენ სტუდენტები, რომელთაც კანონის მიხედვით რეზერვის სამჯერადად გავლა ეთვლებოდათ სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდად და თავისუფლდებოდნენ სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან.

2008 წლის აგვისტოს ომმა, სადაც ასევე რეზერვისტებიც მონაწილეობდნენ, ცხადყო რეზერვის სისტემის არაეფექტურობა. ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ დაიწყო დაშვებული შეცდომების გაანალიზება და 2009 წლის ოქტომბერში საზოგადოებას წარუდგინა ეროვნული გვარდიის ახალი ხედვა რეზერვის სისტემის შესახებ. ახალ ხედვაში გაანალიზებული იყო სარეზერვო სისტემაში დაშვებული შეცდომები.
ამ ნაკლოვანებებად გვარდია რამდენიმე მიზეზს ასახელებდა: რეზერვისტების არასათანადო მომზადება საბრძოლო მოქმედებებისათვის, რაც გამოწვეული იყო რეზერვის შეკრების არასაკმარისი ხანგრძლივობის გამო; რეზერვისტთა უმრავლესობის მიერ სამხედრო საქმის არცოდნა, რადგან ისინი წარმოადგენდნენ საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს, რომლებსაც მანამდე სამხედრო სამსახური გავლილი არ ჰქონდათ და აქცენტი რეზერვისტების რაოდენობაზე და არა ხარისხზე.

(მაგალითისათვის: 2007-08 წლებში მომზადდა 28000 რეზერვისტი, რაც მათი მომზადების მცირე პერიოდისათვის ძალიან დიდ რაოდენობას წარმოადგენდა, ბრიგადებისა და ბატალიონების მართვის რგოლის დეფიციტი (500 რეზერვისტის სამართავად დანიშნული იყო 5 სამხედრო მოსამსახურე მუდმივი პირადი შემადგენლობიდან) და საერთო მართვის არაეფექტურობა).

ნაკლოვანებების აღმოსაფრხველად ეროვნული გვარდია ახალ ხედვაში აცხადებდა, რომ რეზერვისტთა რაოდენობის ნაცვლად ორიენტირებული იქნებოდა მათ ხარისხსა და ეფექტურობაზე და რომ, საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარებაში, ქვეყნის ტერიტორიისა და მოსახლეობის დაცვაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მოტივირებული და კვალიფიციური რეზერვისტები.

პროექტის მიხედვით,რეზერვი ორ ძირითად ნაწილად: სავალდებულოდ და ნებაყოფლობითად იყოფოდა და სავალდებულო რეზერვი 27 წლიდან 45 წლამდე სამხედრო სამსახურისთვის ვარგისი ყოფილი სამხედრო მოსამსახურეებისგან დაკომპლექტებოდა, ხოლო ნებაყოფლობითი რეზერვისთვის შეეძლო მიემართა ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც 27 წელი შეუსრულდა, მათ შორის 2007-08 წლებში სარეზერვო სამსახურგავლილ რეზერვისტებსაც.

რეზერვში გაწვევა ახალი ხედვის მიხედვით 45-დღიანი უნდა ყოფილიყო და პირველ ეტაპზე გასაწვევ რეზერვისტთა რაოდენობა 3000 რეზერვისტს არ უნდა გასცდენოდა. აღნიშნული 3 000 პირიდან 1100 რეზერვისტი შეადგენდა ორ საბრძოლო ბატალიონს დასავლეთ და აღმოსავლეთ მიმართულებით. თითოულ ბატალიონში იქნებოდა 550 რეზერვისტი.

მართვისა და კონტროლის მიზნით, ბატალიონში გათვალისწინებული იყო მუდმივი პირადი შემადგენლობა 73 სამხედრო მოსამსახურის ოდენობით. ბატალიონები შევიდოდა ეროვნული გვარდიის კადრირებული ბრიგადის შემადგენლობაში, რომელსაც თავისი შტაბი და უზრუნველყოფის ოცეულები ეყოლებოდა (ექიმები, ინჟინრები, კავშიგაბმულობის სპეციალისტები).

რაც შეეხება კადრირებული ბრიგადის დანარჩენ შემადგენლობას, მათ ომიანობის დროს უნდა მიეღოთ მოხალისეები, გაეცათ მათზე იარაღი, ეწარმოებინათ სათანადო აღრიცხვიანობა და როგორც დამხმარე ძალა სამოქალაქო ხელისუფლებას დახმარებოდნენ დევნილების მიღება-განთავსებაში. ამავე პროექტით გათვალისწინებული იყო რეზერვისტთა მომზადების ბაზები: თბილისში, სენაკსა და თელავში.

აღნიშნული ხედვა განსახილველად 2009 წლის ოქტომბერ-დეკემბერში წარედგინა როგორც არასამთავრობო სექტორს, ასევე საქართველოს პარლამენტს და საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს, თუმცა ამ ხედვის ბედი დასრულდა ეროვნული გვარდიის სარდლის ზურა არსოშვილის გუბერნატორად დანიშვნისთანავე.

2010 წლის 28 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველოს „ტოტალური თავდაცვა“ სჭირდებოდა, რომლის დროსაც ყველა სოფელს უნდა შეძლებოდა თავის დაცვა. „ყველა სოფელში, ყველა დასახლებულ პუნქტში უნდა იყოს შესაბამისი მომზადების პატარ-პატარა ჯგუფები მინიმალური ოდენობის იარაღით იმისათვის, რომ ყველამ შეძლოს თავის მიწის, თავის სოფლის, თავის ქუჩის, ქალაქის და რეგიონის დაცვა“, - განაცხადა შეხვედრისას პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის ეს განცხადება მკვეთრად განსხვავდებოდა ეროვნული გვარდიის ახალი ხედვისგან, რომელიც ძირითადად არა რაოდენობაზე, არამედ ხარისხზე იყო ორიენტირებული. საქართველოს პარლამენტში იმავდროულად 2010 წლის 26 ივნისს შევიდა ახალი კანონპროექტი „სარეზერვო სამსახურის შესახებ“, რომელიც რეზერვისტთა 45 დღიან მომზადებას ითვალისწინებდა, თუმცა არც რეზერვისტთა რაოდენობაზე და არც რეზერვისთა მოზადების პროგრამაზე არაფერი იყო ცნობილი, რამდენადაც რეზერვისტთა მომზადების პროგრამა ამ კანონპროექტს არ მოჰყოლია.
აღნიშნული კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენები პროექტის მოუმზადებლობის მოტივაციით შეჩერდა პარლამენტში და 21 ივლისს პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა ძველ კანონში „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“, რითაც რეალურად შეცვალა ამ კანონის 6-ე მუხლი, რის მიხედვითაც დადგინდა რეზერვში გასაწვევ დღეთა (18 ის ნაცვლად 45 დღე) რაოდენობა.

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, დღეს, როდესაც საქართველოს ეროვნულ გვარდიას აგერ უკვე მეორე თვეა, არ ჰყავს გვარდიის სარდალი, არ გააჩნია გვარდიის ხედვა რეზერვისტთა მომზადების შესახებ და არ არსებობს ამ ეტაპზე რეზერვისტთა მომზადების პროგრამა, რომელიც გაწერილი იქნება 45 დღეზე, ბუნდოვანია: როგორ აპირებს ქვეყნის ხელმძღვანელობა და ეროვნული გვარდია რეზერვში მოქალაქეთა გაწვევას რა რაოდენობით რეზერვისტს მოამზადებს წელიწადში, რა თანხა დაუჯდება ეს ქვეყანას და როდის დაწყება გაწვევის პროცესი?
ამასთანავე, უცნობია, რამდენად ძალუძს ეროვნულ გვარდიას თავის ადამიანური რესურსების (სამეთაურო რგოლი და პირადი შემადგენლობის რაოდენობა) გათვალისწინებით დიდი რაოდენობით რეზერვისტების მომზადება და ასევე ამ ახალ ინიციატივაში რამდენადაა ჩვენი და ნატოს წევრი პარტნიორების გამოცდილება გაზიარებული.

ყოველივე ეს მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ შეიარაღებული ძალების და ამ ემთხვევაში ეროვნული გვარდიის განვითარება არ ხდება წინასწარ მომზადებული გააზრებული გეგმის შესაბამისად, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა განახლებული სტრატეგიული სახის (უსაფრთხოების კონცეფცია, სამხედრო სტრატეგია და სხვა) დოკუმენტებზე და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის გაკვეთილები ჯერ კიდევ სათანადოდ არ აქვს ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობას გააზრებული, რაც მეტისმეტად საზიანო და საფრთხის შემცველი შეიძლება გამოდგეს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის სამომავლოდ.

ახალი ამბები