კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია თუ ანტირუსული პროპაგანდის მორიგი გამოვლინება?

19 ოქტომბერი, 2010
სალომე აჩბა

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების მიხედვით, რომელიც 13 ოქტომბერს ამოქმედდა,  რუსეთის ფედერაციაში შემავალი რამდენიმე სუბიექტის - ჩეჩნეთის, ინგუშეთის, ჩრდილოეთ ოსეთის, ყაბარდო-ბალყარეთის, ყარაჩაი-ჩერქეზეთისა და ადიღეის რესპუბლიკის მოქალაქეებს უვიზოდ შეუძლიათ საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსვლა და 90 დღის განმავლობაში აქ დარჩენა. ლარსის სასაზღვრო-გამშვებმა პუნქტმა  ჩრდილოეთ კავკასიიდან პირველი სტუმრები უკვე მიიღო. ეროვნულმა ტელევიზიებმა მალევე გაავრცელეს უვიზო მიმოსვლით კმაყოფილი ადამიანების კომენტარები.  ერთ-ერთი მათგანი აღმოჩნდა, ცნობილი სპორტსმენი, თბილისის „დინამოს“ ყოფილი ფეხბურთელი ბახვა თედეევი, რომელიც ამბობდა, რომ საქართველოში ბევრი მეგობარი ჰყავს და ეს გადაწყვეტილება მათთან ხშირად სტუმრობას გაუადვილებს.

პრეზიდენტის ბრძანებულებამ კრემლის გაღიზიანება გამოიწვია. საქართველოშიც საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ამ გადაწყვეტილებით, შესაძლოა, პრობლემებიც შეექმნას.

კავკასიის ერთიანობის იდეა ახალი არაა. ბოლო დროს ამ საკითხზე მსჯელობა  ქართულ საზოგადოებაში ისევ განახლდა. საქართველოს ხელისუფლებამ ჩრდილოეთ კავკასიის ზოგიერთი რესპუბლიკის კეთილგანწყობის მოპოვება ჯერ კიდევ გაზაფხლზე სცადა, როცა „საქართველოს პარლამენტის კავკასიასთან მეგობრობის ჯგუფმა“ მე-19 საუკუნეში ჩერქეზების გენოციდის ფაქტებზე ინტენსიური მუშაობა დაიწყო. თუკი გენოციდის ფაქტები დადგინდა, საქართველოს პარლამენტი იქნება პირველი, ვინც ჩერქეზების გენოციდს აღიარებს.

„თავისუფალი, სტაბილური და ერთიანი“ კავკასიის იდეა ცოტა ხნის წინ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმაც გაახმოვანა. მისმა პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ კი აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ბრძანებულება ვიზების გამარტივების თაობაზე სწორედ გაეროს ასამბლეაზე გამოთქმული იდეის აღსრულებისკენ გადადგმული ნაბიჯია.

საქართველოს საგარეო უწყება ამ გადაწყვეტილების  მიღების მთავარ მიზეზად სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას ასახელებს. „ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მოქალაქეებს გარკვეული სიძნელეები ექმნებოდათ საზღვრის გადმოლახვისას, რადგან საქართველოს ვიზის მიღებისთვის მათ მოსკოვში უწევდათ ჩასვლა. ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი ისიც გახლავთ, რომ გვსურს, ტრადიციული ურთიერთობები აღვადგინოთ მეზობელ ხალხებთან. ასევე, დაინტერესებაა განათლების სფეროში - ამ ქვეყნის მოქალაქეებს სურთ, ქართულ უნივერსიტეტებში მიიღონ განათლება“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ პრეზიდენტის ბრძანებულების კომენტირებისას.

რუსეთის საგარეო უწყება კი ამ ბრძანებულებას აფასებს, როგორც პოლიტიკურ პროვოკაციას, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთისთვის ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნების ჩამოშორებას. „თბილისის ეს გადაწყვეტილება მორიგ პროპაგანდისტულ ნაბიჯს გვაგონებს. ცივილიზებულ პარტნიორებს შორის მიღებული ურთიერთობების ფარგლებში, ამგვარ საკითხებს ერთობლივად განიხილავენ“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზციის თაობაზე პრეზიდენტის ბრძანებულებას ქართულ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. პირველ პრობლემად  დასახელდა შემომსვლელ პირთა იდენტიფიკაციის საკითხი - როგორ უნდა დადგენილიყო, სტუმარი მართლაც ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკიდან იყო თუ მაგალითად, ვლადივოსტიკიდან? როგორც ცნობილია, ე. წ. საზღვარგარეთის პასპორტში არაა მითითებული, თუ სადაა რეგისტრირებული ესა თუ ის პირი. ამის პასუხად საქართველოს შსს-მ ოფიციალურად განმარტა, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში ბინადრობის დადასტურება მოხდება ბინადრობის დამადასტურებელი ნებისმიერი დოკუმენტით.

კიდევ ერთი პრობლემა ქვეყნის უსაფრთხოების საკითხს უკავშირდება. ჩრდილოეთ კავკასია ექსტრემისტული ორგანიზაციების სიმრავლით გამოირჩევა. როგორც რადიო „თავისუფლების“ ეთერში ექსპერტმა კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძემ განაცხადა, შესაძლოა, რუსეთმა დაწესებული უვიზო რეჟიმი სათავისოდ გამოიყენოს და ექსტრემისტული ორგანიზაციები მიზანმიმართულად შემოგზავნოს საქართველოს ტერიტორიაზე.

„პირველ რიგში, ეს არის ორგანიზაცია „დარიალი“, რომელიც ჩრდილოეთ ოსეთში არსებობს და რომლის წევრებიც არიან თრუსოს ხეობიდან და კობის ხეობიდან გასული ოსები. ამ ორგანიზაციას ადგილობრივი ხელისუფლება და მოსკოვიც მფარველობს და ამ ორგანიზაციის ამოცანაა, საქართველოს ყაზბეგის (სტეფანწმინდის) რაიონის მიწების მიტაცება და ჩრდილოეთ ოსეთისთვის მიერთება. მათ ჰქონდათ რამდენიმე მცდელობა, რომ საქართველოში ორგანიზებული ფორმით შემოსულიყვნენ, მაგრამ ერთი-ორჯერ ისინი რუსებმა არ გამოატარეს, ხოლო ერთხელ - საქართველოს მესაზღვრეებმა... ახლა, თუ ისინი ორგანიზებული ფორმით არ წამოვლენ და ცალ-ცალკე დააპირებენ შემოსვლას, ძალიან რთული იქნება ჩვენი სამართალდამცველებისთვის თუ მესაზღვრეებისთვის გარკვევა, ვინ არის „დარიალის“ წევრი და ვინ არა“.

პრეზიდენტის პრესსპიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადებით,  საქართველოს უასფრთხოების საკითხი სხვა მეთოდებით კონტროლდება და მას კავშირი არა აქვს ვიზების გაცმა-არგაცემასთან.

„ზოგადად ეს იდეა, ვფიქრობ, ცუდი არ არის, რადგანაც  მეზობელ ქვეყნებს უნდა ჰქონდეთ უვიზო რეჟიმი ერთმანეთთან. თუკი ეს გადაწყვეტილება ემსახურება ჩრდილოეთ კავკასიელების მეტ ინტეგრაციას და მათთან  კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარებას, მე მივესალმები ამ ბრძანებულებას, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ არავისთვისაა საიდუმლო საქართველოს ხელისუფლების ანტირუსული პროპაგანდის შესახებ, ეს გადაწყვეტილებაც ამ პროპაგანდის შემადგენელ ნაწილად მეჩვენება. ვფიქრობ, ამ გადაწყვეტილებას მოჰყვება კონფლიქტის ესკალაცია და ქართულ-რუსული ურთიერთობების კიდევ უფრო დაძაბვა“, - ამბობს კონფლიქტოლოგი, პაატა ზაქარეიშვილმა.

ამ საკითხზე კომენტარები რუსმა ექსპერტებმაც გააკეთეს. „ინტერპესნიუსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო ექსპერტი პაველ ფელგენგაუერი, მიიჩნევს რომ  პრეზიდენტის ამ ბრძანებულებით შესაძლოა, რუსულ მხარეს საბაბი მიეცეს იმისთვის, რომ ოფიცალური თბილისი „ბოევიკების“ მხარდაჭერაში დაადანაშაულოს.

საბოლოოდ, თუ როგორ იმუშავებს პრეზიდენტის ბრძანებულება და რა მოვლენებს დაუდებს სათავეს, რამდენიმე თვეში გამოჩნდება, როცა ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტს ათასობით მოქალაქე გადმოლახავს.

ახალი ამბები