კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ყოფილი დეპუტატი დანაშაულს არ აღიარებს

26 ოქტომბერი, 2010
გელა მთივლიშვილი

მთავარმა პროკურატურამ პარლამენტის ყოფილი წევრის ნიკოლოზ კვეზერელის საქმეზე გამოძიება დაამთავრა. საქმე განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაეცა. კვეზერელს ბრალი ედება კორეელი ინვესტორისათვის თაღლითური გზით ფულისა და ავტომობილის გამოძალვაში, ასევე პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევაში. ყოფილ დეპუტატს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

პროკურატურისა და შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნიკოლოზ კვეზერელი 6 აგვისტოს დააკავეს. გამოძიება კვეზერელს 2009 წელს კორეელი ინვესტორისათვის ჩელ ჰო პატისათვის თაღლითური გზით ფულისა და ავტომობილის გამოძალვაში ადანაშაულებს. გამოძიების ინფორმაციით, კორეელ ინვესტორს კვეზერელმა ჯერ 10 000 დოლარი, შემდეგ 250 000 დოლარი, მოგვიანებით კი 40 000 დოლარად შეფასებული „ინფინიტის“ მოდელის ავტომანქანა გამოსძალა. კვეზერელმა ინვესტორს 10 000 დოლარი მისი კუთვნილი ნაკვეთის გასაყიდად მოწყობილი აუქციონის ჩაშლის სანაცვლოდ, 250 000 დოლარი კი, მშენებლობის ნებართვის სანაცვლოდ გამოსძალა. გამოძიების ცნობით, დაკავებისას ნიკოლოზ კვეზერელმა სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია.

აღკვეთის ღონისძიების სახით ნიკოლოზ კვეზერელს თბილისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. „კვეზერელს დანაშაულის ჩადენაში ამხელენ დაზარალებული და მოწმეები, არსებობს საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შედეგად მიღებული ნივთიერი მტკიცებულებები. აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ კვეზერელს ბრალად ედება მძიმე დანაშაულის ჩადენა. იგი დაკავებისთანავე ეცადა, ზეგავლენა მოეხდინა და წინააღმდეგობა გაეწია პოლიციის თანამშრომლებზე, რაც თვალნათელს ხდის მის დამოკიდებულებას ბრალდებისადმი და ასევე სასამართლოს უქმნის რწმენას, რომ იგი შესაძლოა, მიემალოს გამოძიებასა და სასამართლოს. აღსანიშნავია, რომ კვეზერელი, წლების მანძილზე დაზარალებულზე მოტყუებითა და ნდობის ბოროტად გამოყენებით ზეგავლენას ახდენდა და აღნიშნულზე დაყრდნობით, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ იგი პროცესის მონაწილეებზე ზეგავლენის მოხდენას შეეცდება“, - აღნიშნულია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში, რომელიც პრესსამსახურმა კვეზერელისთვის პატიმრობის შეფარდების შემდეგ გაავრცელა.

კვეზერელის დაკავებიდან რამდენიმე დღეში საქართველოს მთავარი პროკურატურისა და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა „ნილოლოზ კვეზერელის დანაშაულებრივი დაჯგუფების კიდევ ერთი აქტიური წევრი“, ამხანაგობა „ბარნოვი-2“-ის ხელმძღვანელი ნანა ესაკია დააკავეს.

პროკურატურის ცნობით, წინასწარი გამოძიებით დადგენილია, რომ ესაკიამ ფიქტიური ფინანსური ოპერაციების განხორციელების გზით, მიითვისა კორეელი ინვესტორის კუთვნილი, დაახლოებით 1 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ქონება, შემდგომში კი - დანაშაულის შენიღბვის მიზნით, მოახდინა მისი ლეგალიზაცია, კერძოდ, სხვა პირების სახელით შეისყიდა მიწის ნაკვეთი და შენობები.

ნანა ესაკიას ბრალი ედება თაღლითობასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში (ფულის გათეთრება), დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით და  სასჯელის სახით 12 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღკვეთის ღონისძიების სახით ესაკიასაც ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. პატიმრობის ვადა მას 20 ოქტომბერს ეწურება. 

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ნიკოლოზ კვეზერელი დანაშაულს არ აღიარებს. ამასთან დაკავშირებით კვეზერელის ოჯახის წევრები კომენტარს არ აკეთებენ. ადვოკატ კახა ხვისტანის განცხადებით, რომელიც კვეზერელის ინტერესებს წინასწარი გამოძიების ეტაპზე იცავდა, ყოფილი დეპუტატი უდანაშაულოა. მისი თქმით, კორეელი ბიზნესმენი ქართველ სამართალდამცავებს ატყუებს. სასამართლომ კი კვეზერელს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მხოლოდ იმის გამო შეუფარდა, რომ აჩვენონ, თითქოს საქართველოში ინვესტორების ინტერესებს მაქსიმალურად იცავენ.

„აღკვეთის ღონისძიების შეფარდებამდე გამოძიებას კითხვაც კი არ დაუსვამს აღიარებს თუ არა კვეზერელი ბრალს. პროკურატურა დაკითხვის დროს ამ საკითხს საერთოდ არ შეხებია. კვეზერელის პარტნიორს თავის ქვეყანაში სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს. ის ქართველ სამართალდამცავებს ატყუებს. ფული, რომელიც კვეზერელს ჯიბიდან ამოუღეს, ადვოკატის ჰონორარი იყო, რომელიც სასამართლო დავისთვის ესაჭიროებოდათ“, - ამბობს ხვისტანი.

ნიკა კვეზერელი 2009 წელს, ოპოზიციის 9 აპრილის აქციების დროსაც დააკავეს, თუმცა რამდენიმე დღეში გაათავისუფლეს. მას ბრალი ედებოდა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ხულიგნობის ჩადენაში.

კვეზერელი უშიშროების სამინისტროს ქვედანაყოფის „ომეგას“ მეთაურის თანამდებობაზე მუშაობდა. იგი სასჯელს იხდიდა 1995 წლის 29 აგვისტოს, ყოფილ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე ტერაქტის განხორციელების ბრალდებით და ის „მხედრიონის“ რამდენიმე წევრთან ერთად გაასამართლეს, თუმცა მოგვიანებით სასამართლომ კვეზერელს ტერაქტის ბრალდება მოუხსნა და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ერთ-ერთი მოქალაქის გატაცების და მისთვის სხეულის დაზიანების ბრალდებით. შეწყალებით ის საპატიმროდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს, რის შემდეგაც მან საპარლამენტო არჩევნებში გურჯაანის რაიონში კენჭი იყარა და საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი იყო.

ახალი ამბები