კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახელმწიფოს ფული „სამთავრობო“ არასამთავრობოებს

18 ნოემბერი, 2010
ლელა ხეჩოშვილი, კახეთის საინფორმაციო ცენტრი

„სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდი“ ხელისუფლების დემოკრატიული რეფორმების მეორე ტალღის ფარგლებში 2009 წელს შეიქმნა. ფონდი მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ფინანსდება და მისი მიზანი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელშეწყობაა. ჟურნალისტური გამოძიებით გაირკვა, რომ გრანტები ძირითადად იმ ორგანიზაციებს მისცეს, რომლის დამფუძნებლები და ხელმძღვანელები საჯარო მოხელეები, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები, ან ხელისუფლების ნდობით აღჭურვილი პირები არიან.

„სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის“ უშუალო დამფუძნებელია საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო.

1 მლნ 490 ათასი ლარი - მხოლოდ გრანტებისთვის

2009 წელს ფონდმა 2 საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობა შეეძლოთ როგორც მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე საინიციატივო ჯგუფებს. კონკურსი არ გამოყოფდა პრიორიტეტულ მიმართულებებს. მონაწილეებს შეეძლოთ, მოემზადებინათ განაცხადი ნებისმიერ თემაზე. ფონდმა თავიდანვე განაცხადა, რომ კონკურსის ფარგლებში უფრო მეტი ყურადღება რეგიონებში არსებული პრობლემების მოგვარებას მიექცეოდა. ორივე კონკურსში მონაწილეობისთვის ფონდში სულ 607 განაცხადი შევიდა. პირველ კონკურსში შესული 531 განაცხადიდან 65 პროექტი დაფინანსდა, ხოლო მეორე კონკურსში შესული 76 განაცხადიდან დაფინანსება 26-მა განმცხადებელმა მიიღო. ფონდის ვებგვერდზე მითითებულია, რომ სულ გაიხარჯა 840 000 ლარი. 2010 წლის პირველ საგრანტო კონკურსში ფონდმა 33 პროექტი დააფინანსა. მთლიანი საკონკურსო თანხა 300 000 ლარს შეადგენდა. 2010 წლის მეორე საგრანტო კონკურსში ფონდმა 53 პროექტი დააფინანსა. კონკურსის ბიუჯეტი 350 000 ლარს შეადგენდა. საერთო ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფონდის მიერ მხოლოდ გრანტების გასაცემად მიღებულმა დაფინანსებამ 1 მლნ 490 ათასი ლარი უკვე შეადგინა.

ჩვენ დავინტერესდით „სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდიდან“ კახეთში მომუშავე რომელმა ორგანიზაციებმა მოიპოვეს დაფინანსება.

„არასაჯარო“ საჯარო ინფორმაცია

2010 წლის 11 ივლისს წერილით მივმართეთ „სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის“ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს და მოვითხოვეთ შემდეგი საჯარო ინფორმაცია: „2009 წლის პირველ და მეორე საგრანტო კონკურსებში, ასევე 2010 წლის პირველ საგრანტო კონკურსში დამტკიცებული პროექტების სახელი, პროექტის განხორციელების ადგილი, ვადები და ღირებულება; განმცხადებლის სახელი, სტატუსი, მისამართი, ინფორმაცია პროექტის ხელმძღვანელის ან პროექტის განმახორციელებელი საინიციატივო ჯგუფის წევრების შესახებ“.
 
ფონდის დებულების მე-6 მუხლის თანახმად, გამარჯვებული პროექტების შესახებ ინფორმაცია არის საჯარო. ამავე მუხლის მიხედვით, კონკურსში არასამეწარმეო იურიდიული პირებისა და საინიციატივო ჯგუფების მონაწილეობა ჩაითვლება იმაზე თანხმობად, რომ გამარჯვების შემთხვევაში, საჯარო გახდება ინფორმაცია მათი პროექტების შესახებ. მიუხედავად ამისა, „სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლალი ყიფშიძემ თავისი 2010 წლის 21 ივლისის წერილით უარი გვითხრა ჩვენს მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცის გაცემაზე.

„წერილში მითითებული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლები ჩვენს ორგანიზაციაზე არ ვრცელდება, რადგანაც „სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდი“ არ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ჩვენი იურიდიული სტატუსია კერძო სამართლის იურიდიული პირი, რაც ფონდს ანიჭებს უფლებამოსილებას, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები, მათ შორის, თუ რა სახით მოახდინოს საკუთარი საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება და რა სახის ინფორმაცია გახადოს საჯარო საზოგადოებისთვის. ფონდის მიერ საჯაროდ აღიარებული ინფორმაცია უკვე განთავსებულია ორგანიზაციის ინტერნეტ-გვერდზე“, - აღნიშნულია წერილში.

ფონდის ვებგვერდზე მოცემულია მხოლოდ კონკურსში მონაწილეობისათვის რეგისტრირებული განაცხადების რაოდენობა რაიონებისა და თემატიკის მიხედვით, გამარჯვებული პროექტების კოდი, სახელწოდება და განმხორციელებელი ორგანიზაციების სახელები. საინიციატივო ჯგუფების შემთხვევაში, არავითარი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ არის, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნებოდა დაგვედგინა, ვინ არიან ისინი.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ „სამოქალაქო  ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის“ მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი უსაფუძვლო და უკანონოა.

„ფონდის გადაწყვეტილება არ არის კანონიერი და დასაბუთებული. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ეს ფონდი არის დაარსებული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე და მისი მიზნები არის საჯარო სამსართლებრივი, ანუ ახალი საინიციატივო ჯგუფების, სათემო საზოგადოებებისა და არასამთავრობო სექტორის განვითარების ხელშეწყობა; სამოქალაქო საზოგადოების წევრთა აქტიურად ჩაბმა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტაში; რეგიონების განვითარების ხელშეწყობა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი აქტიური თანამშრომლობით გამოთანაბრების პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების სტიმულირება. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ნორმატიული აქტის საფუძველზე აღნიშნული ფუნქციების ფონდის შექმნა, რა ფორმითაც არ უნდა არსებობდეს ის, ნიშნავს იმას, რომ ეს ფონდი საჯარო ინტერესებს ემსახურება და ასრულებს ნორმატიული აქტის საფუძველზე საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას. უფრო მეტიც, აღნიშნული ფონდი დაფინანსებას იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კერძოდ, 2009 წელს, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ფონდს გამოეყო 1 მილიონი ლარი. აქედან გამომდინარე, ფონდი არის საჯარო დაწესებულება და ვალდებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით გასცეს მასთან დაცული საჯარო ინფორმაცია“, - აცხადებს თამარ კორძაია.

გრანტები „ჩვენიანებისთვის“

დაზუსტებული ინფორმაციით, 2009 წლის პირველ საგრანტო კონკურსში კახეთიდან სულ 6 პროექტი დაფინანსდა. „გურჯაანი 1“ ერთ-ერთი ის ორგანიზაციაა, რომელმაც „სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდიდან“ გრანტი მიიღო. ჩვენი ოფიციალური მიმართვის პასუხად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეწარმეო რეესტრიდან გვაცნობეს, რომ ორგანიზაცია რეგისტრირებულია 2009 წლის 7 ოქტომბერს, თელავის საგანასახადო ინსპექციის მიერ. ორგანიზაციას იურიდიულ მისამართად მითითებული აქვს გურჯაანი, ვაჟა ფშაველას 6. ორგანიზაციის დამფუძნებელია გიორგი მაჭარაშვილი. სხვა მონაცემები სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებული არ არის.

შპს „გურჯაანის ტექინპროექტის“ ინფორმაციით, გურჯაანში, ვაჟა ფშაველას 6-ში კერძო საცხოვრებელი სახლი დგას, რომელიც მოქალაქე გელა მეგრელიშვილს ეკუთვნის. გელა მეგრელიშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპეციალისტია სამოქალაქო - საგანგებო სიტუაციებისა და თავდაცვის საკითხებში.

გელა მეგრელიშვილი: „2009 წლის ზაფხულში, გურჯაანის გამგეობის თანამშრომელმა თემურ ბუწაშვილმა, რომელიც ახალგაზრდულ განყოფილებას ხელმძღვანელობს, მთხოვა, რომ ახალგაზრდები აპირებდნენ ორგანიზაციის რეგისტრაციას და თუ შესაძლებელი იყო, მისამართად ჩემს საცხოვრებელ სახლს მიუთითებდნენ, რაზედაც მე მას თანხმობა ვუთხარი. გიორგი მაჭარაშვილს ვიცნობდი და პრობლემა არ იყო. მოსწავლე ახალგაზრდებისთვის კომპიუტერული პროგრამები უფასოდ უნდა ესწავლებინათ.

- საიდან იცნობდით გიორგი მაჭარაშვილს, ვინ არის?

- მაშინ გამგეობის კულტურის სამსახურს დავით მაჭარაშვილი ხელმძღვანელობდა. გიორგი მაჭარაშვილი მისი შვილია. მას შემდეგ, რაც მათ პროექტი მოიგეს, მე ჩემს სახლში ერთი ოთახი დავუთმე. მაგიდები მოიტანეს, მაგრამ მალევე უკან წაიღეს. კულტურის ცენტრში ოთახი იშოვეს და იქ გადავიდნენ“.

არაერთი მცდელობის მიუხედავად ჩვენ გიორგი მაჭარაშვილთან შეხვედრა ვერ მოვახერხეთ. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი თემურ ბუწაშვილი დაგვპირდა, რომ იმ ახალგაზრდების სიას მოგვაწვდიდა, ვისაც პროექტის ფარგლებში კომპიუტერული პროგრამები უფასოდ შეასწავლეს, თუმცა სია არ მოგვაწოდა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი ლია ხუროშვილი, რომელიც კახეთში 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისა და წინასაარჩევნო დარღვევების მონიტორინგს ახორციელებდა, ამბობს, რომ აპრილსა და მაისში, თემურ ბუწაშვილი და გიორგი მაჭარაშვილი სხვა ახალგაზრდებთან ერთად ღონისძიებებს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდასაჭერად ატარებდნენ. მისივე თქმით, ბუწაშვილმა და მაჭარაშვილმა განსაკუთრებით 2010 წლის 29 აპრილს იაქტიურეს, როცა გურჯაანის კულტურის ცენტრში, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიის და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარსადგენად ჩასულ პარლამენტის თავმჯდომარეს დროშების ფრიალით ასობით ახალგაზრდა დაახვედრეს.

კიდევ ერთი პროექტი რომელიც 2009 წლის პირველ საგრანტო კონკურსში დაფინანსდა „მომავალი თაობაა“. პროექტის ფარგლებში სიღნაღის რაიონის წნორის მე-3 საჯარო სკოლის მასწავლებლებისთვის ტრენინგები უნდა ჩატარებულიყო. ტრენინგების შემდეგ სკოლის პედაგოგებს ახალ უნარჩვევები უნდა შეეძინათ, შედეგად კი სკოლის განვითარებისათვის საჭირო ფინანსების მოძიებას და სასკოლო ცხოვრების გაუმჯობესებას შეძლებდნენ. პროექტი არასამთავრობო ორგანიზაციამ „ლამპარი 2009“ განახორციელა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეწარმეო რეესტრის ინფორმაციით, ორგანიზაციას 6 დამფუძნებელი ჰყავს, რომელთა უმრავლესობა სკოლის მასწავლებელია. 2009 წელს ორგანიზაციის თავმჯდომარე - სკოლის დირექტორი ლელა ფხოველიშვილი იყო.

ამავე ორგანიზაციამ 2010 წლის პირველ საგრანტო კონკურსში კიდევ ერთი პროექტი „მე მოქალაქე“ მოიგო. დაფინანსების მიღების დროისთვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი შეცვლილია და სამეწარმეო რეესტრში დირექტორად ერთ-ერთი დამფუძნებელი თინათინ ფხოველიშვილია გაფორმებული, გამგეობის ერთ-ერთ წევრად კი,  თემურ ბალარჯიშვილი. თინათინ ფხოველიშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის თანამშრომელია, კერძოდ, საკრებულოს სამანდატურო და საპროცედურო საკითხთა კომისიის სპეციალისტად მუშაობს; თემურ ბალარჯიშვილი კი სიღნაღის საგანმანათლებლო რესურს - ცენტრის უფროსია.

საკრებულომ გაუწია რეკომენდაცია ყვარლის რაიონში შექმნილ საინიციატივო ჯგუფს, რომელმაც „სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის“ პირველ საგრანტო კონკურსში მიიღო მონაწილეობა და პროექტი „ყვარლის მუნიციპალიტეტში ქართველი და არაქართველი ახალგაზრდების ინტეგრაცია“ წარადგინა. პროექტის მოგების შემდეგ საინიციატივო ჯგუფის წევრებმა არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანი ახალგაზრდული ცენტრი“ დააფუძნეს.

ზაზა დავითიძე, ცენტრის ხელმძღვანელი: „ჩემს გარდა კიდევ 7 წევრია დამფუძნებელი. პროექტის შედგენაში ნაცნობები დამეხმარნენ. რეკომენდაცია ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გაგვიწია და ამავე დროს თანადამფინანსებელიც იყო. ოფისის ფართი გამოგვიყვეს, კომუნალური გადასახადების გადახდაშიც გვეხმარებოდნენ. პროექტი იყო ექვსთვიანი. პროექტის ფარგლებში ჩავატარეთ რაიონული ჩემპიონატი მინიფეხბურთში, ფრენბურთსა და ჭიდაობაში. გვქონდა ექსკურსიებიც“.

პროექტის ფარგლებში სპორტული და კულტურული ღონისძიებები ძირითადად 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ჩატარდა. ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ალიკ ალიევი ამბობს, რომ ღონისძიებებს საკრებულოს თავმჯდომარე, გამგეობის წარმომადგენლები და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც ესწრებოდნენ, რომლებიც შეჯიბრებებში გამარჯვებულ პირებს საჩუქრებს გადასცემდნენ. „ამ პროექტს რეკომენდაცია საკრებულომ გაუწია. პროექტის დაწერაში მე ვეხმარებოდი. ოფისიც გამგეობამ გამოუყო ჭიკაანში, კულტურის სახლში. მას შემდეგ რაც პროექტი დასრულდა, ხელისუფლება ეხმარებათ“, - აღნიშნავს ალიევი.

2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ზაზა დავითიძე „ნაციონალური მოძრაობიდან“ ყვარლის საოლქო - საარჩევნო კომისიის წევრი იყო.

ლია ხუროშვილი, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის ოფისის იურისტი: „რეგიონებში ხელისუფლების სატელიტი არასამთავრობოების შექმნას რამდენიმე მიზეზი აქვს. ბოლო პერიოდში ამ ორგანიზაციების წარმომადგენლები სხვადასხვა შეხვედრებში მონაწილეობენ და როცა ჩვენ ვიტყვით, რომ ადამიანის უფლებები ირღვევა, მოქალაქეებს საკუთრებას ართმევენ, ადმინისტრაციული ორგანოები საჯარო ინფორმაციას ბლოკავენ და ა.შ, ისინი საწინააღმდეგოს დამტკიცებას ცდილობენ და ხელისუფლების პოზიციებს იცავენ. გარდა ამისა, მომავალ არჩევნებში ამ ადგილობრივი ორგანიზაციების ეგიდით სახელისუფლებო პარტია საარჩევნო უბნებში იმდენ დამკვირვებელს გაუშვებს, რამდენიც უნდა“.

ფონდის პოზიცია

„სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის“ ვებგვერდზე მითითებულია, რომ ფონდში გადაწყვეტილებების მიღება ხდება მმართველი ორგანოს - სამეთვალყურეო საბჭოს მიერ. სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარეა დავით აფრასიძე - ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი. აფრასიძე 2008 წელს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე გადაცემა „დღის კომენტარი“-ს წამყვანი იყო. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან - ნათია ანასტასიადი (დიმიტრი შაშკინის ყოფილი პრესმდივანი), მაგდალინა ანიკაშვილი (ქრისტიან დემოკრატიული პარტია, პარლამენტის წევრი), ჩიორა თაქთაქიშვილი (ნაციონალური მოძრაობა, პარლამენტის წევრი), ირაკლი ყიფშიძე (განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე).

-რატომ გასცემს ფონდი გრანტებს ხელისუფლების ნდობით აღჭურვილ საინიციატივო ჯგუფებზე, რომლებიც შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებს აფუძნებენ?

„მე საიდან უნდა ვიცოდე, რომ განმცხადებელი არის, მაგალითად, გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსის შვილი ან საკრებულოს თანამშრომელი? ხომ ვერ მოვთხოვ შემსრულებელ პირებს, რომ წარმოადგინონ დოკუმენტი ვისი შვილები არიან? საკრებულოს თანამშრომელს ისევე შეუძლია განახორციელოს პროექტი, როგორც მასწავლებელს. თუმცა, გასარკვევია, ჰქონდა თუ არა საკრებულოს თანამშრომელს ავტობიოგრაფიაში აღნიშნული საჯარო სამსახურში მუშაობის შესახებ. ჩვენ გრანტს არ გავცემთ მხოლოდ იმ განმცხადებლებზე, რომლებიც საჯარო მოხელეები არიან. ჩვენი ფონდი ხელს უწყობს პროექტებს, რომლითაც სამთავრობო და არასამთავრობო სექტორების თანამშრომლობა ხდება“,- აცხადებს „სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე დავით აფრასიძე.

- მოცემულ სამ შემთხვევაში პროექტები განხორციელდა წინასაარჩევნო პერიოდში და მთელი რიგი ღონისძიებები ტარდებოდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობით და მათ მხარდასაჭერად. თუ ფონდის მიზანი არასამთავრობო სექტორის განვითარებაა, რატომ არ ამოწმებს ფონდი რაში იხარჯება საბიუჯეტო თანხები? პროექტის დასრულების შემდეგ რა შედეგებია მიღებული და რატომ არ დევს მონიტორინგის შედეგები ვებგვერდზე?

- არ გამოვრიცხავ რომ მსგავსი მომენტები იყო, მათ შორის სხვა პარტიებთან მიმართებაშიც, მითუმეტეს, რომ საგრანტო კონკურსი წინასაარჩევნო პერიოდში განხორციელდა. მთავარია, რომ ფონდმა უნდა განახორციელოს მონიტორინგი და სამეთვალყურეო საბჭოს რა ინფორმაციაც მოგვდის, ფონდის თანამშრომლები მონიტორინგს ახორციელებენ. მონიტორინგის ანგარიშის მომზადების პერიოდი როცა იქნება, ეს საკითხები დაისმება“.


სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში: „ჟურნალისტთა საგამოძიებო ჯგუფი კახეთში“ - რომელსაც აფინანსებს  ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში „საქართველოში მედიის როგორც მაკონტროლებელი ინსტიტუტის როლის გაძლიერება“. სტატიის შინაარსი არ გამოხატავს ევროკავშირისა და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოსაზრებებს და შეხედულებებს. მასზე მთლიანად პასუხისმგებელია კახეთის საინფორმაციო ცენტრი.

ახალი ამბები