კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სად იყო გაუჩინარებული აფხაზი ტყვე?

18 ნოემბერი, 2010
მარი ოთარაშვილი, გაზეთი „რეზონანსი“

უგზო-უკვლოდ დაკარგული აფხაზი გარი ჯოპუა რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა. როგორც აფხაზეთის დე ფაქტო მმართველები ირწმუნებიან, ის ქართულ მხარეს ჰყავდა ტყვედ და ახლა სასტიკად ნაცემი და ნაწამები გულრიფშის საავადმყოფოში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. სოხუმში აცხადებენ, რომ საქართველოში საიდუმლო ციხეებია, სადაც აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან გატაცებულ მოქალაქეებს მალავენ.
 
ჯოპუას არათუ ტყვეობიდან გათავისუფლებას, საერთოდ, მისი დაკავების ფაქტს კატეგორიულად უარყოფს როგორც აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ეს უწყებები დე ფაქტო მმართველებს შანტაჟშიც კი ადანაშაულებენ. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კი ჯოპუას გამოჩენას აფხაზური მხარის მიერ 2 ნოემბერს ჭუბურხინჯში ხუთმხრივი შეხვედრის ჩაშლას უკავშირებს. ამ შეხვედრაზე აფხაზური დელეგაციის წარმომადგენელმა რაულ ქიშმარიამ სწორედ ჯოპუას დაკარგვის საკითხი დააყენა.

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ ღვინჯიამ გულრიფშის ჰოსპიტალში ტყვეობიდან გათავისუფლებული, სასტიკად ნაცემი გარი ჯოპუა მოინახულა. როგორც ღვინჯია ამბობს, ის ქართული მხარის ტყვეობაში იყო. დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ჯოპუას ტყვეობაში აწამებდნენ და სცემდნენ, რაზეც მის სხეულზე აღმოჩენილი სხვადასხვა სახის მოტეხილობები და დაზიანებები მოწმობს.

ღვინჯიას თქმით, 21-ე საუკუნეში ტყვესთან მსგავსი მოქცევა დაუშვებელია და ამ ფაქტს აუცილებლად ადეკვატური შეფასება უნდა მიეცეს.

„ჩვენ ქართული მხარის მსგავს ქმედებებს არ მოვითმენთ! არ შეიძლება, ასე მოექცე აფხაზეთის მოქალაქეს მხოლოდ იმიტომ, რომ ის აფხაზეთიდანაა. მსგავსი სისასტიკე მიმართულია, პირველ რიგში, აფხაზეთის მოქალაქეების შეშინებისკენ, მეორე მხრივ კი აფხაზეთთან მიმართებაში საქართველოს აგრესიულ ზრახვებზე მეტყველებს“, - აცხადებს ღვინჯია ადგილობრივ პრესასთან საუბრისას.

აფხაზური მედიის ცნობით, ქართულმა მხარემ  გარი ჯოპუა ერთთვიანი ტყვეობის შემდეგ რამდენიმე დღის წინ რუსულ საგუშაგომდე მიიყვანა და გაუშვა. მისივე მტკიცებით, ყოფილი ტყვე დღემდე ზომბირებულია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მას ტყვეობაში საშინლად ექცეოდნენ.

გარდა ამისა, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ირწმუნება, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს საიდუმლო ციხეები, სადაც პერიოდულად აფხაზეთიდან გატაცებული მოქალაქეები ხვდებიან. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი, რაულ ქიშმარიაც საუბრობდა: „ამ ციხეში არა მარტო აფხაზი მოქალაქეები, არამედ გატაცებულები სამხრეთ ოსეთიდანაც არიან. ჩვენ ვიცით ადამიანთა უკვალოდ დაკარგვის ბევრი ფაქტი, რომელთა სამწუხარო ბედიც შემდეგ თანდათან გახდა ცნობილი. ამის შესახებ ქართულ მხარესთან ლაპარაკი ძალიან ძნელია. ჩვენ მივმართეთ ევროპულ სადამკვირვებლო მისიას საქართველოში, ასევე - გაეროს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს. ისინი თითქოს რაღაცა ღონისძიებებს მიმართავენ, მაგრამ საბოლოო ჯამში, ჩვენს მიმართვას უგულვებელყოფენ. მაშინ კი, როცა საქართველოს მოქალაქის დაკარგვაზეა საუბარი, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია აქტიურობს, ყველა მხრიდან იწყება რეკვები და თხოვნები. ყველასთვის ცნობილია ის ფაქტი, როცა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნები პირადად ჩამოვიდა აქ იმისათვის, რომ ეშველათ აქ დაკავებული ქართველი დამნაშავეებისთვის“.

აფხაზურმა მხარემ საერთაშორისო ორგანიზაციებს ქართული ციხეების მონიტორინგისკენ მოუწოდა, რათა ბოლოს და ბოლოს გაირკვეს, სად იმყოფება აფხაზეთის მოქალაქე დავით სიგუა და სად იმყოფებოდა გარი ჯოპუა.

„აფსნი.პრესის“ ცნობით, გარი ჯოპუა 2010 წლის 9 ოქტომბერს საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფელ ხურჩასთან დააკავეს. აწ უკვე ყოფილი ტყვე ამ დროისთვის „ზომბირებულია“ და საკუთარ ნათესავებსაც კი ვერ ცნობს. ის ამ დროისთვის მკურნალობას აფხაზეთში არსებულ საავადმყოფოში გადის.

„არ არის გამორიცხული, რომ საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც დააკავეს ჯოპუა, მის მიმართ ფსიქოტროპული საშუალებები გამოიყენეს“, - ვარაუდობს „აფსნი.პრესი“.

დავით სიგუას შესახებ კი, რომელიც გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის თანამშრომელი იყო, დღემდე არაფერია ცნობილი. სოხუმის ხელისუფლების მონაცემებით, 2007 წლის თებერვალში გალიდან საკუთარ სახლში ყოფნის დროს გაიტაცეს.

„საერთაშორისო ორგანიზაციებისგან მოვითხოვთ, ამაზე რამენაირი რეაგირება მოახდინოს“, - განაცხადა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო საქმეების უფროსმა ლანა აგრბამ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გარი ჯოპუას დაკავების ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.

საგულისხმოა, რომ აფხაზური მხარე აღნიშნული ტყვეების შესახებ მკვეთრი განცხადებებით 2 ნოემბერს გამოვიდა. ამ დღეს ინციდენტების პრევენციებისა და მათზე რეაგირების ფარგლებში გალში ხუთმხრივი შეხვედრა იმართებოდა.

როგორც აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა რუსლან ქიშმარიამ და დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო საქმეების უფროსმა ლანა აგრბამ სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, საერთაშორისო ორგანიზაციებმა მათი მიმართვა საქართველოს ტერიტორიაზე აფხაზეთის მოქალაქეების დაკარგვის შესახებ არაფრად ჩააგდეს. შედეგად, განაწყენებულმა აფხაზებმა გაეროს ეგიდით გამართული ხუთმხრივი შეხვედრა გალში ჩაშალეს.

ქიშმარია გარი ჯოპუას დაკარგვის ამბავს ნოემბრის დასაწყისში  ასე ყვებოდა: „ჯოპუა 2010 წლის 9 ოქტომბერს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში (გალის რაიონიოს სოფელ ნაბაკევთან ახლოს) წავიდა.  ეს იყო დილას 9 საათზე. ადგილობრივ მოსახლეობას შორის არსებობენ მოწმეები, რომლებიც ამბობენ, რომ რუსულ ნომრებიან „გაზელის“ მარკის მანქანასთან, რომელსაც მართავდა ჯოპუა, მივიდნენ ქართველი პოლიციელები. ერთ-ერთი მათგანი მანქანაშიც კი ჩაჯდა და ჯოპუას ელაპარაკებოდა. ამის შემდეგ გარი ჯოპუა დაიკარგა. მეორე დღესვე, 10 ოქტომბერს, მივმართეთ ქართულ მხარეს. შევხვდი ზუგდიდის სამხარეო პოლიციის უფროსს და ზუგდიდის პოლიციის უფროსს. მათ მითხრეს, რომ ჯოპუა მათ არ დაუკავებიათ. ანუ, მიუხედავად იმისა, რომ არსებობენ მოწმეები, ქართული მხარე ამას კატეგორიულად უარყოფს. ასეთი პასუხი მათგან ჩვენს დაკარგულ მოქალაქეზე არაერთხელ გვსმენია. ყველა, მათ შორის ევროპული მონიტორინგის ჯგუფი, აღიარებს, რომ ჯოპუას მანქანა რამდენიმე დღეს სოფელ ხურჩაში იდგა. ეს კი მოწმობს, რომ ეს ადამიანი იქ მისულა და იქვე დაიკარგა“.

მისივე თქმით, ხუთმხრივ შეხვედრაზე აფხაზურმა მხარემ ყველა  მონაწილეს სთხოვა, გამოაქვეყნონ იმ პოლიციელების სია, რომლებიც 9 ოქტომბერს ხურჩაში პოსტზე იდგნენ. „ჩვენ კი ჩვენი მხრიდან დავასახელებთ იმ პოლიციელს, ვინც მონაწილეობდა ჯოპუას გატაცებაში. ამაზე ქართულმა მხარემ კატეგორიული უარი გვითხრა იმ მიზეზით, რომ ეს საიდუმლოა. აქ არაფერია საიდუმლო, მაგრამ მათ შეეშინდათ, რომ ჩვენ კონკრეტულ პირსა და მოწმეს დავასახელებდით“, - განაცხადა ქიშმარიამ.

მაშინ, როცა ტყვეების შესახებ არის ხოლმე საუბარი, ქართული მხარე აფხაზებთან დემურ გოგოხიას ახსენებს, რომელიც, ქართული მხარის ცნობით, 27 თებერვალს აფხაზეთში არსებულ დრანდის ციხეში გარდაიცვალა.

ქართული მხარე ირწმუნება, რომ მისი სიკვდილის მიზეზი ცემა იყო. აფხაზები კი ამას არ ადასტურებენ, რაშიც სოხუმში არსებულ აგუძერის სავადმყოფოს ექიმის გურამ შოუას მიერ გაცემულ ცნობას იმოწმებენ. ცნობის მიხედვით, გოგოხია დრანდის ციხეში თირკმელების უკმარისობის გამო გარდაიცვალა.

აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება არათუ ჯოპუას ტყვეობიდან გათავისუფლებას, საერთოდ, მისი დაკავების ფაქტსაც კი კატეგორიულად უარყოფს.

თორნიკე კილანავა, აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენელი სამეგრელო-ზემოსვანეთში: „რის საფუძველზე აკეთებენ ამ განცხადებებს ღვინჯია და ქიშმარია, წარმოდგენა არ გვაქვს. ჩვენ ვიცით ის, რომ ქართულ მხარეს გარი ჯოპუა დაკავებული არ ჰყოლია და, ასევე, უცნობია, სად იყო ეს ადამიანი დაკარგული. ის, რომ ქართულ მხარეს გარი ჯოპუა ტყვეობაში ჰყავდა, არის შანტაჟი და პროვოკაცია აფხაზური მხრიდან, რადგან ის დაკავებული ქართული მხარის მიერ არ ყოფილა“.

იმავეს ამბობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, შოთა უტიაშვილი: „გარი ჯოპუა ქართულ მხარეს დაკავებული საერთოდ არ ჰყოლია. ჯოპუა დაიკარგა სადღაც მდინარე ენგურთან. მერე აფხაზებმა გამოაცხადეს, თითქოს, ის მოკლეს ქართველმა სპეცრაზმელებმა.  შემდეგ ეს გამოიყენეს აფხაზებმა იმის მიზეზად, რომ შეხვედრა გალში ჩაშალეს. ერთ დღესაც ჯოპუა გამოჩნდა და რამდენადაც აფხაზები უკვე ვეღარ იტყოდნენ, ქრთველებმა მოკლესო, ისღა დარჩენიათ ეთქვათ, აწამესო. დაკარგვისას სად იყო, არ ვიცი. ქართულ მხარეს კი დაკავებული ნამდვილად არ ჰყოლია“.

რაც შეეხება დავით სიგუას, უტიაშვილი ამბობს, რომ ეს პიროვნება მართალც დაიკარგა და დღემდე მის კვალს ვერავინ მიაგნო. „მის შესახებ საგამოძიებო საქმე აღძრულია, მაგრამ ჯერ არაფერია ცნობილი“, - აცხადებს „რეზონანსთან“ საუბრისას შოთა უტიაშვილი.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კი იმ ამბებს იხსენებს, ქართულ მხარეს 5 ოსი მოქალაქე - პავლიკ და იაკობ ტეხოვები, ვლადიმირ ელოევი, იბრაგიმ ლალიევი და ლავრენტი კაზიევი რომ ჰყავდა ტყვედ და ამას დაჟინებით უარყოფდა. ევროსაბჭოს კომისრის, თომას ჰამარბერგის საქმეში ჩარევის შემდეგ კი ისინი გამოაჩინეს და გაათავისუფლეს კიდეც.

პაატა ზაქარეიშვილი: „მახსოვს, როგორ მალავდა გორის პოლიცია ტყვეებს. ოსური მხარის მოთხოვნისას კი ამას კატეგორიულად უარყოფდა. ასეთი ფაქტებია ცნობილი აფხაზ ტყვეებზეც. თუნდაც შეგვიძლია ვახსენოთ დავით სიგუას გაუჩინაურება, რომლის ასავალ-დასავალი დღემდე უცნობია. ქართულმა მხარემ ორივე საქმე გამოიძიოს, თუკი მართლაც უნდა იმის დამტკიცება, რომ ის არაფერ შუაშია როგორც ჯოპუას, ასევე სიგუას გაუჩინარებასთან დაკავშირებით“.

ზაქარეიშვილის თქმით, ჯოპუას გათავისუფლება ჭუბურხინჯში გამართული ხუთმხრივი შეხვედრის ჩაშლას რომ მოჰყვა, ეს შემთხვევითი არ უნდა იყოს: „ჭუბურხინჯში გამართული შეხვედრა აფხაზურმა მხარემ სწორედ ჯოპუას გამო პროტესტით დატოვა. ქიშმარიამ პირდაპირ განაცხადა, რომ ვიდრე ჯოპუა არ გამოჩნდება, მანამდე არანაირ შეხვედრებში მონაწილეობას არ მივიღებთო. სწორედ ამის შემდეგ გამოჩნდა ჯოპუა. დარწმუნებით თქმა არ შემიძლია, მაგრამ ეს, ჩემი აზრით, ეს შემთხვევითი არ უნდა იყოს“.

ახალი ამბები