კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოსო ცისკარიშვილი: „ცხინვალში ქართული ჯარის შეყვანის მიზანი რუსული აგრესიის გამოწვევა იყო“

9 დეკემბერი, 2010
ექსპერტთა აზრით, საქართველოს ხელისუფლებას არაადეკვატური მოლოდინი ჰქონდა, რომ რუსეთთან ომში აშშ და ნატო დაეხმარებოდა

სოფო გეწაძე

2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის თემა მსოფლიო მედიაში კვლავ აქტუალურია. ბოლო ხანს ამ თემაზე რამდენიმე სკანდალური ინფორმაცია გამოქვეყნდა ინტერნეტპორტალ „ვიკილიქსზე“, რაც მაშინვე აიტაცეს სხვადასხვა სოლიდური გამოცემების ჟურნალისტებმა და მიმომხილველებმა.  ამერიკელი და ევროპელი ანალიტიკოსები  სეპარატისტულ რეგიონებთან მიმართებაში 2005-08 წლებში საქართველოს არასწორ პოლიტიკას აკრიტიკებენ.

„ვიკილიქსის“ მიერ გამოქვეყნებული საიდუმლო დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ევროპელ და ამერიკელ ლიდერებს, 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დაწყებამდე, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან მიმართებაში საქართველოს აგრესიული პოლიტიკა აღელვებდათ.

გერმანული გაზეთი „შპიგელი“ წერს, რომ საქართველო-რუსეთის დაპირისპირების თავიდან არიდება შეიძლებოდა, რომ არა საქართველოს მხრიდან კონფლიქტის გაღვივების მცდელობა. „ვიკილიქსის“ სკანდალურ ცნობებზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები  საქართველოს ხელისუფლებასა აფხაზეთის სეპარატისტულ მთავრობას შორის მოლაპარაკების დაწყებას ცდილობდა. ამევე დროს აშშ-სგან პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოსალოდნელი ომის უარყოფით შედეგებზე წინასწარ არაერთი გაფრთხილება მიიღო. აშშ-ის წარმომადგენელი კავკასიაში, მეთიუ ბრაიზა სეპარატისტულ რეგიონებთან კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით მოსაგვარებლად მოლაპარაკებებს აწარმოებდა. შეიძლება ითქვას, რომ აშშ-მ მას სპეციალური დავალება მისცა. აგვისტოს ომამდე ცოტა ხნით ადრე ბრაიზა ჯერ სოხუმში შეხვდა სეპარატისტთა ლიდერებს, შემდეგ კი საქართველოს შს მინისტრს, ვანო მერაბიშვილს. „მერაბიშვილს აშშ-ის დიპლომატის წინადადებები არ მოეწონა. მან განაცხადა, რომ მომდევნო მოლაპარაკებებში საქართველო სამუდამოდ დაკარგავს აფხაზეთს. შეხვედრის ამერიკული ოქმის თანახმად, მერაბიშვილი ომზე არ საუბრობს, თუმცა დოკუმენტის მიხედვით, ცხადი ხდება, რომ ქართველები სამხედრო კონფლიქტის ზღვარზე დგანან“, – წერს გერმანული გამოცემა.

 „ვიკილიქსის“ მიერ სხვადასხვა ინფორმაციის გამომზეურება ქართველ ექსპერტებსაც ახალი დასკვნების გაკეთების საშუალებას აძლევს. „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი აღნიშნავს, რომ „გამოქვეყნებული მასალები რეალურია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას მკვეთრი რეაქცია მოყვებოდა მთავრობის მხრიდან“. ექსპერტი დასძენს, რომ „ვიკილიქსის“ მიერ დიპლომატთა საიდუმლო წერილების გამომზეურების შემდეგ  უფრო ნათლად გამოჩნდა 2008 წელს საქართველოს მთავრობის მიერ დაშვებული შეცდომები.

„გაუთვლელი და არასწორი პოლიტიკა, საკუთარი რესურსების არარეალური შეფასება“, - ასე აფასებს სამხრეთ ოსეთზე თბილისის სამხედრო შეტევის დაწყებას სოსო ცისკარიშვილი და მთავრობის მიერ ომის დაწყების წინ გაკეთებულ განცხადებებსაც იხსენებს: „პრესაში, ტელევიზიაში არაერთხელ გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ამერიკა-ნატოს დახმარების შედეგად, საქართველოს ისეთი ჯარი ჰყავს, რუსულ არმიასაც კი დაამარცხებსო“.
 
ცისკარიშვილი ეთანხმება „ვიკილიქსის“ ცნობებზე დაყრდნობით უცხოელი ჟურნალისტების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ამერიკა-ნატოსგან გადაჭარბებული და არასწორი მოლოდინი ჰქონდა, როცა ეთნოკონფლიქტების იარაღის ძალით გადაჭრაზე და სამხრეთ ოსეთზე შეტევაზე ფიქრობდა. ამავე დროს, ცისკარიშვილი ცხინვალზე იერიშის მიტანის მთავარ მიზეზად რუსული აგრესიის გამოწვევას ახელებს: „ქართული სოფლების მიმართულებით სროლები იყო, მაგრამ არა ისეთი, როგორიც ადრე ყოფილა. ამავე დროს, ეს სოფლები ჯერ კიდევ ქართული მხარის კონტროლის ქვეშ იყო და პრეზიდენტს შეეძლო ქართული ჯარის ამ სოფლებში შეყვანა და მოსახლეობის დაცვა. ცხინვალში ქართული ჯარის შესვლა დემონსტრაციული ნაბიჯი იყო - სპეციალურად გაკეთებული რუსული აგრესიის გამოსაწვევად.  ხელისუფლებაში არსებობდა არასწორი მოლოდინი, რომ საქართველოს რუსეთთან ომში აშშ დაეხმარებოდა“.
 
გოგი ხუციშვილი არასწორი პოლიტიკის მთავარ მიზეზად მთავრობაში გადაწყვეტილების მიღების არასწორ ტენდენციას ასახელებს. მისი თქმით, მთავრობა სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს თითქმის ყოველთვის დახურულ კაბინეტში, ვიწრო შიდა წრეში იღებს. ამ შიდა წრეში კი, გამორიცხული არაა, რუსეთის აგენტებიც იყვნენ.

საქართველოს პრეზიდენტის გარემოცვაში რუსი აგენტების თემას „ვიკილიქსიც“ განიხილავს. საიტი ავრცელებს ინფორმაციას პოლონეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსის, ფრანტიშეკ გონგორას წერილს. პოლონელი გენერალი შეშფოთებული იყო საქართველოს აგრესიული პოლიტიკით კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებაში. „სამხრეთ ოსეთზე შეტევის დაწყებით [სააკაშვილმა] მიიღო უკიდურესად არასწორი გადაწყვეტილება, რამაც მხოლოდ რუსეთის  წისქვილზე დაასხა წყალი, რაც აფიქრებინებთ, რომ  სააკაშვილით რუსი აგენტები მანიპულირებდნენ (შესაძლოა მის  გარემოცვაშიც), რათა  მთავრობის დესტაბილიზაციის მიზნით საქართველოში სამხედრო მოქმედებები დაწყებულიყო“, - აღნიშნულია პოლონეთში აშშ-ს საელჩოს საიდუმლო წერილში, რომელიც ფრანტიშეკ გონგორას ანალიზს ეფუძნება.

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ეთანხმება მოსაზრებას პრეზიდენტის გარემოცვაში რუსეთის აგენტების არსებობის შესახებ: „სააკაშვილის გარემოცვაში რუსეთის აგენტების არსებობა იმ ფაქტითაც დასტურდება, რომ პრეზიდენტს არარეალური, არაადეკვატური ინფორმაცია მიეწოდებოდა. სააკაშვილმა იცოდა სამხრეთ ოსეთში რუსების მიერ ჯარების შეყვანის ფაქტი. თუმცა, პრეზიდენტი რატომღაც დარწმუნებული იყო, რომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას არ განახორციელებდა“. მისივე თქმით, სააკაშვილმა ცხონვალზე იერიშის მიტანა სწორედ ასეთ არარეალურ ინფორმაციებზე დაყრდნობით გადაწყვიტა.

„შპიგელის“ სტატია იხილეთ: http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=12628&lang=geo


ახალი ამბები