კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გარდაცვლილი ერთი თვე ღია ცის ქვეშ ეგდო, პოლიციამ კი ვერ იპოვა

13 დეკემბერი, 2010
თეა თოფურია

17 წლის გიგა ელიზბარაშვილი ერთთვიანი ძებნის შემდეგ საკუთარ სოფელში მკვდარი იპოვეს. მისგან მხოლოდ ძვლები და ტანსაცმლის ნაფლეთებიღა იყო დარჩენილი. დნმ-ის პასუხი ჯერ ცნობილი არ არის. ასევე უცნობია, რა გახდა მოზარდის სიკვდილის მიზეზი.

გურჯაანის რაიონ სოფელ ვაჩნაძიანის მკვიდრი გიგა ელიზბარაშვილი 17 სექტემბერს დაიკარგა. საღამოს ის ბიძამისის ოჯახში, რთველში იყო გადასული. რთველის მერე სუფრა გაიშალა. სადღაც ათი საათისთვის გიგა სუფრიდან ადგა და ეზოდან გავიდა. იმ ღამეს ის არავის უძებნია. მშობლებს ეგონათ, ბიძასთან იყო, ბიძამ, პირიქით, იფიქრა, რომ ისევ საკუთარ სახლში დაბრუნდა. გიგას ძებნა მხოლოდ 18 სექტემბრის შუადღიდან დაიწყეს. მას შემდეგ თვეზე მეტი გურჯაანის პოლიცია მოზარდს უშედეგოდ ეძებდა. გვამს, სრულიად შემთხვევით, მეზობელი გადააწყდა. ძვლები და ტანსაცმლის ნარჩენები სოფლის ბოლოში მდგარი „მაგთის“ ანძის ქვეშ იყო მიმოფანტული. ნეშტი ოჯახს დალუქული ყუთით გადასცეს. ასევე დაკრძალეს კიდეც. ამჯერად მშობლები დნმ-ის ანალიზის პასუხს ელოდებიან.

თენგიზ სარიჯაშვილი, ვაჩნაძიანის მკვიდრი: ,,მეზობლისთვის შეშას ვჭრიდით მე და ნასკო (ნასყიდა). ნასკო ანძაზე ავიდა. ვუყურებდი, აბა სადამდეა ასული-მეთქი. მზემ თვალი მომჭრა და ახლა მეორე მხრიდან შემოვუარე ანძას. რომ მივდიოდი, უცებ შარვალი დავინახე, გათქერილ ბალახებში ეგდო, დაგლეჯილი. მერე მაისური შევნიშნე. ბოტასებიც აქეთ-იქით ეყარა. კიდევ ცოტა წინ წავედი და ძვლები დავინახე, ადამიანის ნეკნები. დავუძახე ხალხს. მთელი სოფელი აქ შეიკრიბა. მოგვიანებით პოლიციაც მოვიდა.

შარვალი ლურჯი ჯინსი იყო, უკან ბალთიანი, ბოტასები – თეთრი. ყველაფერი ჭუჭყიანი და დაგლეჯილი ეყარა. ძვლებიც მიმოფანტული იყო, ალბათ ნადირმა თუ ათრია. თავის ქალა სადღაც ორასი მეტრის იქით ვიპოვეთ. ძალიან მაღალი ბალახი იყო და ალბათ, მაგიტომ ვერ დაინახეს გვამი. თან ამ ადგილას ნაგავსაც ყრიან ხოლმე და სუნსაც იმას დააბრალებდნენ. პოლიცია ანძაზე არც ასულა, არც შეუმოწმებია, მანდ სადმე სისხლის კვალი იყო თუ არა“.

მომხდართან დაკავშირებით სოფელში ერთდროულად რამდენიმე ვერსია გავრცელდა. ერთ-ერთი ვარაუდით, გიგა ანძაზე ადიოდა და შემთხვევით გადმოვარდა. გამოძიებას ჯერჯერობით თავისი დასკვნა არ გაუკეთებია.

ვერიკო გოჩიაშვილი, გიგა ელიზბარაშვილის დედა: „პოლიციას არანაირი ვერსია არა აქვს, აქეთ გვეკითხებიან, თქვენ რას ფიქრობთო. მე არაფერი ვიცი. ამბობენ, ვითომ ანძიდან შეიძლება გადმოვარდნილიყოო. ანძაზე ადიოდნენ ხოლმე ბავშვები და ალბათ, ესეც ავიდაო. მაგრამ მე ამას გამოვრიცხავ. ჩემს შვილს სიმაღლის ეშინოდა, ხეზეც არ ადიოდა ხოლმე. ის ანძაზე ამსვლელი არ იყო“.
 
როგორც ადგილობრივებმა აღნიშნეს, სოფელში მართლაც ჰქონდათ ჩვევად მაგთის ანძაზე ამძვრალიყვნენ. ეს ერთგვარი გართობა იყო, ვინ უფრო მაღლა ავიდოდა. თუმცა ამ შემთხვევაში დასაფიქრებელია რამდენიმე მომენტი, რაც ეჭქვეშ აყენებს იმ ვერსიას, რომ ბავშვი მართლაც ანძიდან გადმოვარდა.

1.    გვამი იპოვეს ისეთ ადგილას, სადაც ის მხოლოდ მაშინ მოხვდებოდა, თუკი ადამიანი ზედ ანძის კოშკურიდან გადმოვარდებოდა. კოშკურამდე კი დაახლოებით 40 მეტრია.
2.    გიგა ელიზბარაშვილი დაიკარდა ღამის 10 საათისთვის. თუ ის მართლა ანძიდან გადმოვარდა, გამოდის, რომ ღამე სიბნელეში დააპირა მასზე ასვლა.
3.    ადგილი, სადაც ანძა დგას, მართალია, სოფლის ბოლოა, მაგრამ - არც ისე უკაცრიელი. იქვე გზა გადის. ამ ადგილას ხშირად დადიოდნენ და შეშასაც ჭრიდნენ კიდეც. უცნაურია, რომ მთელი თვის განმავლობაში გვამი ვერავინ დაინახა. თუმცა სოფლის მცხოვრებლები ბავშვს ყველაგან ეძებდნენ, მათ შორის ანძის მიმდებარე ტერიტორიაზეც.

ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა გიგა ელიზბარაშვილი ანძიდან თვითმკვლელობის მიზნითაც გადმოხტა. თუმცა, ვერიკო გოჩიაშვილი ამბობს, რომ მას შვილისთვის დეპრესია არ შეუმჩნევია. 

ვერიკო გოჩიაშვილი: „არ ვიცი, ვინმეს რომ ხელი დავადო, როგორ დავადო. მაგრამ მე გამოვრიცხავ, გიგა იმ ანძაზე ასულიყო. პოლიციაც რანაირად ეძებდა?! ბიჭები, გიგას ამხანაგები (ვისთანაც მთელი დღე იყო) აქვე ჩემს სახლში დაკითხეს ყველა ერთად“.
 
დაკარგვის დღეს, გარდა იმისა, რომ რთველში იყო, გიგამ რაღაც დრო ამხანაგებთან ერთადაც გაატარა. იმ დღეს მეგობრები სასაფლაოზე საჭმელადაც ასულან. არ არის გამორიცხული, მოზარდებს შორის კონფლიქტიც მომხდარიყო, თუმცა თავად ისინი ამ ვერსიას უარყოფენ.

ლევან ცაცაბაშვილი, გიგას მეგობარი: „ძმაკაცებთან ერთად ვიყავით სასაფლაოზე, ლუდი დავლიეთ. იქ არაფერი მომხდარა. გიგას კონფლიქტი არავისთან ჰქონია. ეჭვი არავიზე გვაქვს. არც რამე პრობლემა ჰქონდა, რომ ანძიდან გადმომხტარიყო. არც შეყვარებული არ ყოფილა.

ერთხელ მე და გიგა მართლა ავედით იმ ანძაზე, სულ ბოლომდე ავერდით. მაგრამ მე ისე შემეშინდა, დავიფიცე, მეორედ ფეხს არ ამოვადგავ-მეთქი. გიგა მანდ მარტო არ ავიდოდა. რომც ასულიყო, ბიძამისის სახლიდან ანძამდე ქუჩა უნდა გაეარა. მაგ დროს ქუჩაში ყოველთვის არის ხალხი, ვინმე დაინახავდა. შეიძლება იმიტომ ვერ დაინახეს, რომ ვინმეს მანქანაში იჯდა და იმით ავიდა“.
 
სანამ გარდაცვლილის ცხედარი არ იპოვეს, ოჯახს იმედი ჰქონდა, რომ გიგა ცოცხალი იყო.

ვერიკო გოჩიაშვილი: „პოლიცია გვაიმედებდა, ბავშვებმა ამ ასაკში იციან სახლიდან წასვლა. ნუ გეშინიათ, ცუდი ამბავი რომ იყოს, უკვე გავიგებდითო. მაგრამ მე მაინც ვგრძნობდი, რომ ასე არ იყო“.

თუ რა სამძებრო ღონისძიებები განახორციელა პოლიციამ, ამასთან დაკავშირებით შსს-მ ჟურნალისტებთან დალაპარაკება არ ისურვა.  თუმცა ფაქტია, რომ პოლიციამ ვერ იპოვა გვამი, რომელიც იქვე სოფელში, მთელი თვე ღია ცის ქვეშ ეგდო. 

კანონმდებლობის მიხედვით, გამოძიების დასრულებამდე საქმის მასალების უმეტესი ნაწილი თავად დაზარალებულებისთვისაც არაა ხელმისაწვდომი. ადამიანის უფლებათა ცენტრმა შსს მიმართა ოფიციალური წერილით, რათა მოეწოდებინათ საქმესთან დაკავშირებით არსებული ყველა საჯარო ინფორმაცია. თუმცა, სამინისტრომ წერილი უპასუხოდ დატოვა. შესაბამისად, ჩვენთვის უცნობია, რა ვერსიებზე მუშაობს პოლიცია გიგა ელიზბარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში: „იძულებით გაუჩინარების ფაქტების გამოძიება საქართველოში“,  რომელსაც აფინანსებს  ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში „საქართველოში მედიის როგორც მაკონტროლებელი ინსტიტუტის როლის გაძლიერება“. სტატიის შინაარსი არ გამოხატავს ევროკავშირისა და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოსაზრებებს და შეხედულებებს. მასზე მთლიანად პასუხისმგებელია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“

ახალი ამბები