კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უნივერსიტეტები გაერთიანდა, სტუდენტების ბედი გაურკვეველია

1 თებერვალი, 2011
სოფო გეწაძე

განათლების სამინისტროს ინიციატივით, თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა და საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის უნივერსიტეტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს შეუერთდა. როგორც უნივერსიტეტებში აცხადებენ, გაერთიანების მიზანი სახელმწიფო თანხების უკეთ მობილიზება და განათლების ხარისხის ამაღლებაა.

უნივერსიტეტების გაერთიანებებისას გაჩნდა ეჭვი, რომ სტუდენტები იმ სპეციალობას ვეღარ დაეუფლებოდნენ, რაზეც ჩააბარეს ან სწავლობდნენ. არსებობს შიშის საფუძველი, რომ ამ სამი უნივერსიტეტის სპეციალობების ჩამონათვალი ერთმანეთისგან არსებითად განსხვავდება. მაგალითად, ტურიზმი, რომელიც თეუსუ-ს სასწავლო პროგრამა იყო, თსუ-ში არ არსებობს. რამდენად დაზარალდებიან ეს სტუდენტები და მოუწევთ თუ არა მათ სხვა სპეციალობებზე სწავლის გაგრძელება, პასუხი თსუ-ს ადმინისტრაციას მოვთხოვეთ.

„შემოერთების შედეგად, განსხვავებული სასწავლო პროგრამები ავტომატურად გახდა და ამჟამად არის თსუ-ს სასწვალო პროგრამა, ანუ ჩვენი საგანმანათლებლო პროცესის ორგანული და განუყოფელი ნაწილი. ტურიზმის პროგრამაც გააგრძელებს ფუნქციონირებას ყოველგვარი შეფერხების გარეშე“, - გვითხრა თსუ-ს ხარისხის სამსახურის უფროსმა, ნინო დურგლიშვილმა.

არსებობს კიდევ ერთი პრობლემა ამ უნივერსიტეტებში სტუდენტები ერთნაირ სპეციალობებზე განსხვავებულ საგნებს სწავლობდნენ. ამჟამად კი განსხვავებული საგნების შესასწავლად, შესაძლოა, მათ სემესტრის და თანხის დამატება მოუწიოთ.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ამ საკითხის გარკვევასაც შეეცადა, თუმცა ზუსტი პასუხი ვერ მიიღო. „პროგრამული აკრედიტაციის პროცესი თავისთავად გულისხმობს, რომ ერთიდაიგივე დასახელების პროგრამები ეთმანეთისგან არსებითად არ განსხვავდება და ნაკლებად სავარაუდოა, სტუდენტებს დამატებითი ფინანსური ან დროის რესურსი დასჭირდეთ“, – გვითხრეს თსუ-ში.

თბილისის ეკონომიკისა და სამართლის უნივერსიტეტში სხვა გამოსავალი იპოვეს - სტუდენტები სავალდებულო საგნებთან ერთად არჩევით საგნებსაც გადიან, ამდენად, მათ საშუალება ექნებათ, განსხვავებული საგნები არჩევით საგნებად გაიარონ.

სტუდენტების პრობლემებზე მეტ-ნაკლებად პასუხის მიღების შემდეგ პროფესორ-მასწავლებლების ბედითაც დავინტერესდით. როგორც თსუ-ს ხარისხის სამსახურის უფროსმა განგვიცხადა, არსებობს აკადემიური პერსონალის შესარჩევი კონკურსები, რომელსაც დროის სხვადასხვა მონაკვეთის შემდეგ სხვადასხვა კატეგორიის აკადემიური პერსონალი გადის და ჩვეულებრივ რეჟიმში ამ კონკურსების გავლა უხდებათ თსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებსაც: „მსგავსი კონკურსების გავლა მოუხდებათ, შესაბამისად, იმ აკადემიურ პერსონალს, რომელიც თსუ-ს აკადემიურ პერსონალად ყოფნას მოისურვებს“.

პროფესორ-მასწავლებლებისგან განსხვავებით, გაურკვეველია  თსუ-ს მიერთებული სასწავლებლების რექტორების ბედი. როგორც აღმოჩნდა, თანამდებობების დკაგვის მიუხედავად, ისინი გაერთიანებას მაინც დადებითად აფასებენ.

„მე ვფიქრობ, თსუ-ში მეტი გაცვლითი პროგრამები იქნება და მეტი შესაძლებლობები ექნებათ სტუდენტებსაც. რამდენიმე წელიწადში გაიხსნება საზღვრები, ევროკავშირის წევრიც გავხდებით და თუ ეს განათლების სისტემა ნელ-ნელა თუ არ გავხადეთ ადეკვატური, გაგვიჭირდება“, – აღნიშნავს თეუსუ-ს ყოფილი რექტორი, ავთანდილ ჩუთლაშვილი.

გაერთიანებას უარყოფითად აფასებს თეუსუ-ს სუდენტების დიდი ნაწილი და უნივერსიტეტებს მათი უფლებების შელახვაში ადანაშაულებს.

გიორგი ჩუხუა: „უკამყოფილო იმიტომ ვარ, რომ  თეუსუ-ს სისტემა მომწონდა. თეუსუ-ს სისტემისთვის ჩავაბარე ამ უნივერსიტეტში და ისე მოხდა, რომ დაუკითხავად, ყოველგვარი წინასწარ საქმის კურსში ჩაყენების გარეშე, გადაგვიყვანეს ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში, რაც აბსოლუტურად არ მაძლევს ხელს. მე ასე არ გამითვლია და არ დამიგეგმია. ისე გამოვიდა, რომ ჩვენ აზრს არავინ გვეკითხება“.

თინათინ რევაზიშვილი: „პატივს ვცემ, რა თქმა უნდა, ჯავახიშვილის უნივერსიტეტს და ვიცი, რომ ყველანაირად არის ისეთი, როგორიც საჭიროა. სახელი დღემდე აქვს შენარჩუნებული და ის ტრადიციებიც, რას მას ჰქონდა, მაგრამ მაინც აქაური დისციპლინა და პროგრამა სხვა იყო. აქ ყველაფერი მაკმაყოფილებდა და ახლა ჩვენი გადაყვანა მაინც გარკვეულწილად პრობლემებთანაა დაკავშირებული. თუნდაც - იმიტომ, რომ დამამთავრებელ კურსზე ვართ და არის ფორმალობები, რაც ჩვენთვის ცოტა დამაბრკოლებელია“.

თორნიკე მდივნიშვილი:  „ამ გადაწყვეტილებას ორი მხარე აქვს - დადებითი და უარყოფითი. დადებითი – ახალი შესაძლებლობები გვექნება. როგორც თსუ-ს რექტორმა შეხვედრის დროს გვითხრა, იქნება ძალიან ბევრი გაცვლითი პროექტი. თსუ-ს თვითმმართველობას უფრო მეტი დაფინანსებაა აქვს, ვიდრე ჩვენს სასწავლებელს მთლიანად. უარყოფითი კი, ჩემი აზრით, ის არის, რომ ჩვენს სასწავლებელში უფრო ოჯახური გარემო იყო შექმნილი. ამაზე გურამ თავართქილაძე ზრუნავდა. თუმცა, ნელ-ნელა ეს ოჯახური გარემოც ირღვეოდა და ამიტომ გაერთიანებას უფრო დადებითს ვაფასებ“.

მარიამ ქევხიშვილი: „ძალიან ბევრი განსხვავებული საგნები გვაქვს და არის საფრთხე, რომ შესაძლოა, სემესტრი დაგვემატოს. ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ზუსტ პასუხს ვერ ვიღებთ“.
   
დაბოლოს, საჯარო ინფორმაცია გაერთიანების და მისი თანმდევი პრობლემების შესახებ, რა თქმა უნდა, განათლების სამინისტროდანაც გამოვითხოვეთ. ორკვირიანი უშედეგო ლოდინის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ სამინისტროს თანამშრომლებს ამ თემაზე კომენტარის გასაკეთებლადაც კი არ სცალიათ.

ახალი ამბები