კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ექსპრემიერ ზურაბ ნოღაიდელის ყოფილი მრჩეველი ციხეში 17 წელს გაატარებს

25 თებერვალი, 2011
სალომე აჩბა

ექსპრემიერ ზურაბ ნოღაიდელის ყოფილი მრჩეველი, ზვიად ხარებავა კვლავ პატიმრობაში რჩება. სააპელაციო სასამართლომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ  გამოტანილი სასჯელი არ შეცვალა. ხარებავას 17 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

ზვიად ხარებავა თაღლითობისა და გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს, თუმცა როგორც თავად აცხადებს, ის პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია და 17 წელიც, ზურაბ ნოღაიდელის მაკომპრომატირებელი ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემდეგ მიუსაჯეს. ამ თემაზე  humanrights.ge უკვე წერდა ( humanrights.ge/index.php?a=main&pid=12944&lang=geo  ).

„ადამიანის უფლებათა ცენტრს“ დაკავებულის ძმა, გრიგოლ ხარებავა დაუკავშირდა და თავისი წერილის გამოქვეყნება სთხოვა. გთავაზობთ წერილის სრულ ტექსტს:

უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო ადამიანის უფლებათა ცენტრს თანადგომისა და მხარდაჭერისათვის, რომელიც ამჟამად ისე მჭირდება, როგორც არასდროს!

მინდა მოგახსენოთ უსამართლობაზე, რომელიც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში უკვე ჩვეულებრივი ამბავია, ამ ხელისუფლების გადამკიდე.

2009 წლის 11 დეკემბერს თაღლითობისა და გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს ჩემი ძმა ზვიად ხარებავა და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს! თაღლითობას რაც შეეხება, აუცილებელი არ არის, იურისტი იყო, რომ გააცნობიერო, რაოდენ აბსურდულია ეს ბრალდება. ძალიანაც რომ მოინდომოთ და თუნდაც პროკურატურის დაშინებული მოწმეების ჩვენებებიც გაითვალისწინოთ, მასში თაღლითობის რაიმე ნიშანსაც ვერ წააწყდებით. ჩემი ძმის ამ თითქოსდა თაღლითობაში მონაწილეობა როგორ დამტკიცდა, საიდუმლოდ დარჩება ყველასთვის, ვინც ამ საქმეს გაეცნო.

რაც  შეეხება მეორე ბრალდებას - გაფლანგვას, humanrights.ge-ს სტატიაში საუბარი მქონდა ჩემი ძმის მიერ დაშვებულ შეცდომაზე. მინდა მოგეხსენოთ, რა იყო ეს შეცდომა: ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლებმა მოამზადეს მიღება_ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვით Green Rights Georgia-ს (რომლის გენ. დირექტორი იყო ზვიად ხარებავა, ხოლო დამფუძნებელი კუვეიტელი ბიზნესმენი) გადაეცა ქეთევან წამებულის გამზირის #71_ს მიმდებარე ტერიტორია და მასზე არსებული შენობა-ნაგებობი. ჩემმა ძმამ ამას ხელი მოაწერა, როგორც ამ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, მიუხედავად იმისა, რომ ამ შენობა-ნაგებობის დიდი ნაწილი უკვე აღარ არსებობდა, ნაწილისგან ნანგრევები იყო დარჩენილი (ამას მოწმობს აეროფოტოები, რომელიც გაცილებით ადრეა გადაღებული, ვიდრე მიღება-ჩაბარების აქტი და ექსპერტიზის დასკვნა მომზადდებოდა), დანარჩენ ნაწილში კი აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეები დღემდე ცხოვრობენ. სწორედ ამ არარსებულ შენობებზე და ნანგრევებზე არის აგებული ეს ბრალდება!

რეალური მიზეზი ჩემი ძმის დაკავებისა არის ექსპრემიერ ზურაბ ნოღაიდელის პოლიტიკური მოღვაწეობა. დაკავებიდან რამდენიმე დღეში გლდანის #8 საპყრობილეში ჩემს ძმასთან მივიდნენ პროკურატურის თანამშრომლები - ზაზა ქაჩიბაია და მანუჩარ ქაჯაია, რომლებმაც მოითხოვეს ინფორმაცია ნოღაიდელის კორუფციული გარიგებების შესახებ, ასევე - საბანკო ანგარიშები უცხოურ ბანკებში, სადაც მას თითქოსდა ერიცხებოდა კორუფციული გარიგებების შედეგად მიღებული თანხები. თუმცა, დარწმუნებული ვარ, თვითონაც იცოდნენ - ჩემს ძმას ამის შესახებ ინფორმაცია ვერ ექნობოდა, რადგანაც იგი შეერთებული შტატებიდან ჩამოსვლის შემდეგ მხოლოდ დაახლოებით წელიწადნახევარი მუშაობდა ნოღაიდელის თანაშემწედ, შემდეგ კი გადავიდა კერძო სექტორში. თვითონ საქართველოს პროკურატურას შესწავლილი ჰქონდა ზურაბ ნოღაიდელის მოღვაწეობა მისი დაბადების დღიდანვე და ეტყობა, ვერაფერი ნახეს ხელმოსაჭიდი მის დასაპატიმრებლად. აქედან გამომდინარე, მათ უკვე მომზადებული ჰქონდათ ცილისმწამებლური ჩვენება (რომელიც ეხებოდა კარბონ კრედიტების პროგრამას - ერთ მილიონ ლარს, რომელიც თითქოს ჩემმა ძმამ გადასცა ზურაბ ნოღაიდელს და ა.შ.). ეს ყალბი ჩვენება ჩემს ძმას ხელმოწერით უნდა დაედასტურებინა. ხელმოწერის შემდეგ იძლეოდნენ გარანტიას, რომ მეორე დღესვე იქნებოდა სახლში და დაცვასაც მიუჩენდნენ.

ცხადია, ჩემმა ძმამ, ზვიად ხარებავამ უარი განაცხადა ცრუ ინფორმაციის  მიწოდებაზე, რასაც მოჰყვა მუქარა მანუჩარ ქაჯაიას მხრიდან, რომ დიდი ხნით გამოკეტავდნენ ციხეში, ცემდნენ ცომის გასაბრტყელებლით - ე.წ. ქართული სიცრუის დეტექტორით. დაკავებიდან მოყოლებული, ძალიან ბევჯერ ჰყავდათ კარცერში უმიზეზოდ და მსგავსი ბინძური მეთოდებით ახდენდნენ ზეწოლას პროკურატურის მზაკრული ჩანაფიქრის განხორცილებისათვის!

არ შემიძლია, არ შევეხო მოსამართლეებს - ბადრი კოჭლამაზაშვილს და გიორგი ჩემიას, რომლებიც ასე ზედმიწევნით ასრულებენ პროკურატურის დავალებებს და ხელს უწყობენ უდანაშაულო ადამიანების დასჯას.

ამ ერთი წლის განმავლობაში კარგად შევიგრძენი თუ როგორ შენდება საქართველოში დემოკრატია!

ხაზგასმით ვაცხადებ ჩემი ძმის დაკავება და დასჯა იყო პოლიტიკური დაკვეთა და ანგარიშსწორება!

ახალი ამბები