კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმის მერიამ გაჭირვებულები უფასო სადილის გარეშე დატოვა

30 მარტი, 2011

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ბათუმის მერიამ სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა უფასო სადილით სარგებლობის ქულა 70 000-დან 57 000-მდე შეამცირა. შედეგად, ასზე მეტი ოჯახი სადილის გარეშე დარჩა. ერთ-ერთმა - ვლადიმერ ჯღარკავას ოჯახმა ადამიანის უფლებათა ცენტრის აჭარის ოფისს მიმართა.

ჯღარკავების ხუთსულიანი ოჯახი ბათუმში, რურუას #3-ში ცხოვრობს. სოციალურად დაუცველ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახს 58 170 ქულა აქვს მინიჭებული. ჯღარკავების ოჯახის შემოსავალი მხოლოდ 80 წლის ვლადიმერ ჯღარკავას პენსიაა.

ვლადიმერ ჯღარკავა: „ჩვენ ვერც ფულად სოციალურ დახმარებას ვიღებთ, რადგან სოცაგენტმა 58 170 ქულა მოგვანიჭა. რითი უნდა ვიყიდოთ თუნდაც პური, არ ვიცი. გუშინ მივედი სადილისთვის სასადილოში და მითხრეს, რომ შემდეგში ვეღარ ვისადილებდი“.

ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, უფასო სადილის უფლებით ვეღარც სტეფან გაპოიანი და დარიკო სარჯველაძე ისარგებლებენ.

სტეფან გაპოიანი: „I ჯგუფის ინვალიდი ვარ. უფასო სასადილოში ვჭამდი. ახლა ამბობენ, შენ დიდი ქულები გაქვს და უფასო სადილი აღარ გეკუთვნისო. ეს ლუკმაც წაგვართვეს“.

დარიკო სარჯველაძე: „არ გვყოფნის ეს საკვვები. ჩვენ სამი სული ვართ. შაბათ-კვირას კვება საერთოდ არ გვაქვს. ორი ავადმყოფი მყავს სახლში, რომლებისთვისაც სადილი მიმაქვს. ამას რომ მომიხსნიან, არ ვიცი, რა უნდა ვქნა“.
 
ბათუმის მერიის ჯანდაცვის სამსახურის უფროსი სოფო მიქელაძე აღნიშნავს, რომ ისინი უპირატესობას იმ ოჯახებს ანიჭებენ, ვისაც უფრო დაბალი ქულები აქვს.

„წელს პროგრამა გათვლილია 0-დან 57 000 ქულის ჩათვლით მქონე ოჯახებზე. ეს არის ის ოჯახები, რომლებსაც პირველ რიგში ესაჭიროებათ დახმარება. მაღალი ქულის მქონეები ორი თვის წინ გავაფრთხილეთ. განთავსებული იყო განცხადება, რომ 57 000-ზე მეტი ქულის მფლობელი ოჯახებს უფასო სასადილოებით სარგელობა შეუჩერდებოდათ. მათ შეეძლოთ, ამ ხნის განმავლობაში მიემართად სოციალური მომსახურეობის სააგენტოსათვის თავიდან შესამოწმებლად. ასევე, მათ შეუძლიათ გააპროტესტონ“. 

მერიის ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, ოჯახი თუკი სოციალურად შეჭირვებულია, შეისწავლიან და თუკი ქულა 57 000 იქნება, ფულად დახმარებასთან ერთად უფასო სასადილოთიც ისარგებლებენ.

აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ სოციალური მომსახურეობის სააგენტო ოჯახებს წელიწადში მხოლოდ ერთხელ ამოწმებს ქულების თავიდან მისანიჭებლად. გამონაკლისი დაიშვება იმ შემთხვევაში, თუკი ოჯახს წევრი დაემატება ან გამოაკლდება, ან საცხოვრებელ მისამართს შეიცვლის. ანუ, უფასო სასადილოთი სარგებლობის უფლების გაუქმების მიზეზის გამო, სოცაგენტს ოჯახის შემოწმების უფლება არა აქვს. გამოდის, რომ ის მოქალაქეები, ვისაც უფასო სასადილოთი სარგებლობის უფლება ჩამოერთვათ, უფასო სადილის გარეშე ერთი წლით მაინც დარჩნენ.  

ბათუმში, უფასო სასადილოს პროგრამა 2005 წლიდან მოქმედებს. მოქალაქეები უფასო სადილით შაბათ-კვირას ვერ სარგებლობენ. წელს თითო ბენეფიციარის სადილისთვის ბათუმის მერიამ 1.50 ლარი გამოყო. მერია მხოლოდ 1 400 სოციალურად დაუცველის სადილით გამოკვებას აპირებს და ამისთვის 641 900 ლარი გამოყო.    

ბათუმის მერიის ჯანდაცვის სამსახურს ზუსტი ციფრი არა აქვს, თუ რამდენი სოციალურად გაჭირვებული დარჩა უფასო სადილის გარეშე ქულების ოდენობის 70 000-დან 57 000-მდე შემცირების შემდეგ.

ახალი ამბები