კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უზენაესი სასამართლოს წინ საპროტესტო აქცია პოლიციამ დაშალა, აქტივისტები დაპატიმრებულები არიან

5 აპრილი, 2011

სალომე აჩბა

4 აპრილს უზენაეს სასამართლოსთან ინციდენტით დასრულდა საპროტესტო აქცია „მე(ც) პატიმარი ვარ!“ სამართალდამცველებმა „წინააღმდეგობის მოძრაობისა“ და „დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის“ წევრები დააკავეს.

ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა უზენაესი სასამართლოს შენობას კვერცხები დაუშინეს. მომიტინგეებმა უზენაესი სასამართლოს კართან ჩამოკიდეს გვირგვინი, წარწერით - „დავტირით სასამართლოს“.

უზენაეს სასამართლოსთან მომხდარი ინციდენტის დროს სამართალდამცველებმა ასევე დააკავეს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, აფხაზეთის უზენაესი საბჭოს დეპუტატი, ადა მარშანია და „ქართული პარტიის“ წევრი ქეთინო გოგინაშვილი.

„კონსერვატიული პარტიის“ ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულების ხელმძღვანელის, ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, ქეთინო გოგინაშვილი პოლიტპატიმარ შალვა გოგინაშვილის დაა.

უზენაესი სასამართლოს წინ მომხდარი ინციდენტის შემდეგ აქცია - „მე(ც) პატიმარი ვარ!“ დასრულდა. დაკავებულები, პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. მათთვის ადმინისტრაციული სასჯელის შეფარდებაზე, ბოლო დროს დამკვირდებული ტრადიციისამებრ, სასამართლომ შუაღამეზე იმსჯელა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა პროცესი ღამის 00:00 საათის შემდეგ დაიწყო. საქმე მოსამართლე კობა გოცირიძემ განიხილა.

სასამართლოში მიიყვანეს აფხაზეთის უზენაესი საბჭოს დეპუტატი ადა მარშანია, „წინააღმდეგობის მოძრაობის“ წევრი შოთა გლურჯიძე, „ქართული პარტიის“ წევრები ქეთევან გოგინაშვილი და თენგიზ ღლონტი, „დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის“ წარმომადგენლები გენადი კეკელია და ირაკლი ციკოლია, ასევე, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი გოჩა ჩხაიძე, აქციის სხვა მონაწილეები - მადონა გოგუა, დავით კოჩიევი და ექსპრემიერ ზურაბ ნოღიაიდელის, ყოფილი თანაშემწის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი  ზვიად ხარებავას ძმა, გრიგოლ ხარებავა.

ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბრისას გრიგოლ ხარებავას მეუღლემ, ნანა ნაჭყებიას განაცხადა, რომ მისი ქმრის მხრიდან აქციაზე არანირ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ადგილი არ ჰქონია: „სრულიად უმიზეზოდ დააკავეს. ჩვენ გვაქვს მიტინგის ამსახველი ფოტომასალა, სადაც ნათლად ჩანს, რომ გრიგოლ ხარებავას მხრიდან რაიმე კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია. მე ვიცნობ ჩემ მეუღლეს და ვისი ის რისი გამკეთებელია და რისი არა, ის სასამართლოს შენობისთვის არც კვერცხების დაშენას დაიწყებდა და არც რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ჩაიდენდა“, - აცხადებს  ნანა ნაჭყებია, გრიგოლ ხარებავას მეუღლე.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, მედიაკავშირ „ობიექტივის“ ხელმძღვანელის, ირმა ინაშვილის თქმით, აქცია სანქცირებული იყო და მონაწილეების მხრიდან არანაირ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია.

„აქციის პირველი ნაწილი რუსთაველის ძეგლთან გაიმართა, სადაც 2 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. შემდეგ დავიძარით უზენაესი სასამართლოსკენ. სასამართლოს წინ  ჩატარდა ძალიან მოკლე საინფორმაციო აქცია. სწორედ იმ დროს, როცა აქცია დასრულდა და სასამართლოს კარი ახალგაზრდულმა მოძრაობებმა სამგლოვიარო გვირგვინით შეამკეს, უცებ მოქმედება დაიწყო საპატრულო პოლიციამ, რომელიც მობილიზებული იყო ტელეკომპანია „ალანიას“ ოფისთან. შემდეგ პატრულის თანამშრომლები სასამართლოზე ამტკიცებდნენ, რომ იქვე მცხოვრები მოსახლეობა პროტესტს გამოთქვამდა აქციის მიმდინარეობის გამო. ეს არის სიცრუე. მოსახლეობას არანაირი პროტესტი არ გამოუხატავს, პირიქით უერთდებოდა მომიტინგეთა საპროტესო განწყობას. მიტინგის მონაწილეები მშვიდობიანი ფორმით გამოხატავდნენ პროტესტს. რაც შეეხება სასამართლო შენობისთვის კვერცხების სროლის თაობაზე წაყენებულ ბრალდებას, მხოლოდ 2010 წელს, საპატიმროებში წამებით მოკლულია 142 პატიმარი! ამ ფონზე, განა შეიძლება საუბარი იმაზე, ესროლა თუ არა კვერცხი ამ მოკლული პატიმრების მშობლებმა სასამართლო შენობას?! ამ სტატისტიკის ფონზე კვერცხების სროლაზე უნდა ვლაპარაკობდეთ?!“ - განაცხადა ირმა ინაშვილმა ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბრისას.

დაკავებულთა მხარდასაჭერად სასამართლოსთან შეიკრიბნენ „წინააღმდეგობის მოძრაობის“ წევრები, ასევე, ოპოზიციონერი ლიდერები: ნინო ბურჯანაძე, ირაკლი ბათიაშვილი, ბიძინა გეგიძე, ლაშა ჩხარტიშვილი, მომღერალი გიორგი გაჩეჩილაძე („უცნობი“) და სხვები.

„წინააღმდეგობის მოძრაობა“ უზენაეს სასამართლოსთან გამართული აქციის მონაწილეების დაკავებას ხელისუფლების მხრიდან გამოწვევად აფასებს. ამის შესახებ მოძრაობის მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებაშია ნათქვამი.

„ჩვენ, წინააღმდეგობის მოძრაობის წარმომადგენლები ვაცხადებით, რომ არც ერთი მოთხოვნა არ მოიხსნება დღის წესრიგიდან და განვაგრძობთ საპროტესტო აქციებს, რომლებსაც სულ უფრო მეტი და მეტი ადამიანი შემოუერთდება. მშვიდობიანი მომიტინგეების დღევანდელი დარბევა-დაპატიმრება არის ხელისუფლების გამოწვევა, რომელიც ჩვენ მივიღეთ. არ იქნება უკან დახევა! ბრძოლა გაგრძელდება გამარჯვებამდე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მათივე მტკიცებით, უზენაეს სასამართლოსთან აქცია მშვიდობიანი იყო, საპატრულო პოლიციამ კი შვიდობიან მანიფესტანტებს ალყა შემოარტყა და მიზანმიმართულად დაიწყო აქციის მონაწილეებს დაპატიმრება.

„მაშინ, როცა ნაციონალური არხები სისტემატურად აშუქებენ მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე აქციებს, რომელთა მონაწილეებიც ამსხვრევენ ვიტრინებს, წვავენ და აფეთქებენ შენობებს, ფიზიკურად უსწორდებიან პოლიციას, საქართველოს სამართალდამცველი ორგანოები ცდილობენ მშვიდობიანი მომიტინგეების ღია პროვოცირებას და შემდგომ მათ დაპატიმრებას“, - აცხადებენ „წინააღმდეგობის მოძრაობაში“.

თბილისის საქალაქო სასამართლომ უზენაეს სასამართლოსთან დაკავებული ათი პირიდან ოთხს ადმინისტრაციული პატიმრობა, ექვსს კი ჯარიმა შეუფარდა.

„დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის“ წარმომადგენელს გენადი კეკელიას - 25-დღიანი პატიმრობა, ამავე მოძრაობის წევრს ირაკლი ციკოლიას კი 20-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. 20-დღიანი პატიმრობა შეეფარდა ექსპრემიერ ზურაბ ნოღაიდელის ყოფილი თანაშემწოს, ზვიად ხარებავას ძმას, გრიგოლ ხარებავას და „ქართული პარტიის“ წარმომადგენელს დავით კოჩიევს.

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს დეპუტატს ადა მარშანიას, „წინააღმდეგობის მოძრაობის“ წევრს შოთა გლურჯიძეს, „ქართული პარტიის“ წევრებს - ქეთევან გოგინაშვილს და თენგიზ ღლონტს, „თავისუფალი დემოკრატების“ აქტივისტს გოჩა ჩხაიძეს და აქციის კიდევ ერთ მონაწილეს, მადონა გოგუას 400-ლარიანი ჯარიმა შეეფარდათ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გოჩა ჩხაიძის ადვოკატმა შალვა შავგულიძემ განუცხადა, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი გამთენიისას, 04:00 საათზე დასრულდა. მისივე თქმით, მოსამართლემ უარი თქვა ვიდეომასალის გამოკვლევაზე და მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებს დაეყრდნო.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ლაშა ჩხარტიშვილი კი ამბობს, რომ ამ ვიდეოფირზე  ნათლად არის ასახული, აქციის მონაწილე რამდენიმე პირი პოლიციამ როგორ დააკავა აქციის ადგილიდან საკმაოდ შორს: „სასამართლოზე მოვითხოვეთ აქციის ჩატარების ადგილთან ახლოს მდებარე ლომბარდთან არსებული გარემეთვალყურეობის კამერის ვიდეოჩანაწერის განხილვა, რაც არ დაკმაყოფილდა. ამ ვიდეოფირზე ნათლად გამოჩნდებოდა, მაგალითად, ქალბატონი ადა მარშანია როგორ დააკავეს არა აქციაზე, არამედ აქციის ადგილიდან დაახლოებით კილომეტრნახევით შორს - „კინო სახლის“ სიახლოვეს. ასევე, აქციის კიდევ სამი მონაწილე დააკავეს რუსთაველზე,  მაღაზია „გარდერობთან“ და არა უშუალოდ აქციაზე, როგორც ამას სამართალდამცავები ამტკიცებდნენ. ეს ნათლად იქნებოდა ასახული გარემეთვალყურეობის კამერის ფირზე, რომლის გამოკვლევასაც ვთხოვდით სასამართლოს. თუმცა, ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა“, - განუცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა ადამიანის უფლებათა ცენტრს.

დაკავებულები მოსამართლემ ადმინისტრაციულ კანონდამრღვევებად ცნო წვრილმან ხულიგნობაში და პოლიციის მუშაკის მოთხოვნის დაუმორჩილებლობაში.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები