კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აშშ–ის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ

11 აპრილი, 2011

სივილ ჯორჯია

ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში 2010 წელს რამდენიმე მიმართულებით მნიშვნელოვანი წარმატების მიუხედავად, ძირითად პრობლემებს შორის რჩება პატიმართა ცუდი მოპყრობის, თვითნებური დაკავებების, კანონის შერჩევითი გამოყენების და ბიზნესზე ზეწოლის შემთხვევებზე არსებული ცნობები - ნათქვამია აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 8 აპრილს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში ადამიანის უფლებების შესახებ.

„ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მნიშვნელოვან მიღწევებს“ შორის ანგარიშში ჩამოთვლილია ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ამოქმედება, რომელიც განსასჯელებს მეტ უფლებებს ანიჭებს; ასევე სახალხო დამცველის აპარატის გაძლიერება, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი ციხეების აშენება და 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი არჩევნების დროს თბილისის მერის პირდაპირი წესით პირველად არჩევა.

ანგარიშის თანახმად, პრობლემად რჩება კანონის შერჩევითი გამოყენების ტენდენცია, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლების ან მათი მხარდამჭერების მიერ ჩადენილი სავარაუდო უკანონო ქმედებების გამოძიება ნელა მიმდინარეობდა და ხშირად ბოლომდე არც მიდის, მაშინ, როცა ოპოზიციის ან მათი მხარდამჭერების მიერ ჩადენილი ქმედებების გამოძიება სწრაფად სრულდებოდა, რაც იწვევს ბრალდებებს „ხელისუფლების წარმომადგენელთა დაუსჯელობის შესახებ“.

„ასევე იყო ბრალდებები შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების  ნაკლებობის, სასამართლო სისტემაზე ხელისუფლების ზეწოლის და იმის თაობაზეც, რომ ადამიანები რჩებოდნენ პატიმრობაში პოლიტიკურად მოტივირებული მიზეზების გამო“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ არსებობდა ხელისუფლების მიმართ ბრალდებები, რომლის თანახმადაც ის ბიზნესზე ახდენდა ზეწოლას, რათა ბიზნესის მხრიდან არ მომხდარიყო ოპოზიციის და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა.

„არსებობდა სარწმუნო ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ ბიზნესებზე  ხორციელდებოდა ზეწოლა, რათა მათ მმართველი პარტიისთვის შემოწირულობები მიეცათ“, – ნათქვამია ანგარიშში.

წინა ანგარიშის მსგავსად, რომელიც 2009 წლის პერიოდს მოიცავდა, 2010 წლის ანგარიშშიც ნათქვამია, რომ „არსებობდა სარწმუნო ცნობები იმის თაობაზე, რომ ხელისუფლებამ ზღუდავდა სიტყვისა და პრესის თავისუფლებას“.

2010 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ წვრილმანი კორუფციის დონე საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდეგ შემცირდა; დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ „პოლიციაში კორუფცია დაბალი იყო საპატრულო პოლიციის დონეზე“. თუმცა, ანგარიში ასევე აღნიშნავს, რომ „მაღალი დონის კორუფცია კვლავ პრობლემად რჩება“.

„დამკვირვებლების აზრით, ოფიციალური ანტი–კორუფციული კამპანია სისხლის სამართლებრივი დევნისკენ უფროა მიმართული, ვიდრე პრევენციისკენ და ის უფრო არასტრუქტურირებულ ხასიათს ატარებს, ვიდრე სისტემურსა და ყოვლისმომცველს. შეშფოთების საგანს ასევე წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის დონე სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებაში, საკუთრების უფლებები და ელიტური კორუფცია. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ასევე გამოხატეს შეშფოთება ბიზნესთან მთავრობის კავშირების, კერძოდ კორუფციული გარიგებების გამო“, – ნათქვამია ანგარიშში.

აშშ–ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა ვიდეო მიმართვაში, რომელიც YouTube-ით გაავრცელა და რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს მიეძღვნა, განაცხადა, რომ საქართველომ „მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია, თუმცა კვლავ რჩება წინსვლის შესაძლებლობა საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების უკეთ დაცვის მიზნით“.

მისი თქმით, ანგარიშში აღწერილი ნაკლოვანებები აშშ-ის წუხილის განსაკუთრებულ საგანს იმიტომ წარმოადგენს, რომ ვაშინგტონს აღებული აქვს ვალდებულება მხარი დაუჭიროს და დაიცვას სამოქალაქო საზოგადოების და ადამიანის უფლებების დამცველები.

„მიგვაჩნია, რომ უფრო ძლიერი ქართული დემოკრატია საჭიროებს მაქსიმალურად კონკურენტულ გარემოს 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. ამიტომ საქართველოსთვის ჩვენი დახმარების დიდი ნაწილი, მათ შორის წელს ახალ ინვესტიციებად გამოყოფილი 60 მილიონი დოლარი, მიმართულია საარჩევნო რეფორმის და კანონის უზენაესობის განმტკიცების, დამოუკიდებელი მედიის და სამოქალაქო საზოგადოების დამცველი ორგანიზაციების მხარდასაჭერად“, – განაცხადა ბასმა.

მისი თქმით, აშშ–ის ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები, მათ შორის ვიცე–პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, კვლავაც გააგრძელებენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან საუბარს ამ საკითხებზე.

აშშ–საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში დემოკრატიის საკითხებზე მომუშავე ერთობლივი სამუშაო ჯგუფი შეხვედრას თბილისში აპრილის ბოლოსთვის გამართავს.  

თავის ვიდეო მიმართვაში ჯონ ბასი ასევე ახსენა ჩრდილოეთ აფრიკაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და პრეზიდენტ ობამას მიერ ლიბიის შესახებ 28 მარტს გაკეთებულ განცხადებიდან ციტატა მოიყვანა: „ამერიკის შეერთებული შტატები უნდა დადგეს მასთან, ვისაც სჯერა იგივე ძირითადი პრინციპების, რომლებითაც ჩვენ ვხელმძღვანელობდით მრავალი ქარტეხილის დროს: ჩვენი წინააღმდეგობა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გამოვლენილი ძალადობის მიმართ; ჩვენი მხარდაჭერა საყოველთაოდ აღიარებული უფლებების მიმართ, მათ შორის ხალხის ნების გამოხატვის და საკუთარი ლიდერების არჩევის თავისუფლება; ჩვენი მხარდაჭერა იმ მთავრობების მიმართ, რომლებიც საკუთარი ხალხის მისწრაფებებს გამოხატავენ“.

„მჯერა, რომ საქართველოში მრავლად არიან ისეთი ადამიანები როგორც მთავრობაში, ასევე მთავრობის მიღმა, რომლებიც ხელმძღვანელობენ იგივე პრინციპებით“, – განაცხადა ბასმა, - „დისკუსია საქართველოში კონცენტრირებულია იმის გარშემო, თუ როგორ მოხდეს მათი [ამ პრინციპების] საუკეთესო ფორმით განხორციელება საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის სასარგებლოდ. ასეთი დისკუსია უნდა იყოს ძლიერი, მაგრამ მშვიდობიანი და მოყვეს ცვლილებები ინსტიტუტების და საარჩევნო ყუთების მეშვეობით“.

წყარო: http://www.civil.ge/geo/article.php?id=23876

ახალი ამბები