კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მინისტრი და „კოზა ნოსტრა“ საზოგადოებას ბოდიშს უხდის

14 აპრილი, 2011

Humanrights.ge

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, ლადო ვარძელაშვილი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მხიარულთა და საზრიანთა გუნდი „კოზა ნოსტრა“ ბოდიშს იხდიან 2 აპრილს „იმედის“ სატელევიზიო ეთერში გაჟღერებული ანტისემიტური ფრაზის გამო.

„მხიარულთა საზრიანთა კლუბის“ კონკურსის მიმდინარეობისას კითხვაზე: „რა არის ჰიტლერის საუკეთესო ღირსება?“ „კოზა ნოსტრამ“, უპასუხა: „უფასო გაზი ყველა ებრაელის ოჯახში“. ამ ხუმრობას დამსწრე აუდიტორიის ხანგრძლივი ტაში და ოვაცია მოჰყვა, ხუთკაციანმა ჟიურიმ, კი რომლის ერთ-ერთი წევრი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლადო ვარძელაშვილი იყო, გუნდი უმაღლესი ქულით შეაფასა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ 12 აპრილს ამ ფრაზასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელა და სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, ლადო ვარძელაშვილის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვა.

http://humanrights.ge/index.php?a=main&pid=13211&lang=geo 

humanrights.ge ამ თემაზე ვრცელ სტატიას ამზადებს და მოგვიანებით შემოგთავაზებთ. მანამდე კი სრულად გთავაზობთ „კოზა ნოსტრასა“ და მინისტრ ლადო ვარძელაშვილის განცხადებებს, რომლებიც 13 აპრილს საღამოს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ვანო მაისურაძემ მოგვაწოდა და გვთხოვა, ჩვენი განცხადების პასუხად გამოგვექვეყნებინა:

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის, ვლადიმერ ვარძელაშვილის განცხადება:

მინდა გამოვეხმაურო და გავიზიარო ის წუხილი და სამართლიანი გულისწყრომა, რომელიც  მიმდინარე წლის 2 აპრილს, ტელეკომპანია  „იმედის“ ეთერში გასული შოუს  „მხიარულთა და საზრიანთა კლუბის“ მონაწილე ერთ-ერთი გუნდის მიერ გაკეთებულ რეპლიკასთან დაკავშირებით საზოგადოებამ გამოხატა.

მინდა განვმარტო ისიც, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდის “კოზა ნოსტრას” გამოსვლას, რომელიც მილიონობით ადამიანისთვის  არის შეურაცხმყოფელი, გადაცემის ჩაწერის დასრულებისთანავე  პირადად ჩემი მწვავე შეფასება მოჰყვა, თუმცა ახალგაზრდებთან ჩემი საუბარი საჯაროდ არ გაცხადებულა, რადგან მათ გრძნობებს მოვერიდე. ახალგაზრდებმა დამარწმუნეს, რომ მათ ეს ბოროტი განზრახვით არ გაუკეთებიათ და დაუფიქრებლობით მოუვიდათ.  ჩვენი საუბრის დროს ისინი საკმაოდ დათრგუნულები იყვნენ.

მსურს საჯაროდ გამოვხატო პირადად ჩემი კატეგორიული მიუღებლობა ნებისმიერი სახის ქსენოფობიური და ანტისემიტური გამოვლინებების, ასევე  კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშულის თამაზე ნებისმიერი სახის ხუმრობის მიმართ და ბოდიში მოვუხადო იმ ადამიანებს, ვისაც ახალგაზრდების გაუცნობიერებელმა რეპლიკამ შეურაცხყოფა და ტკივილი მიაყენა.

 სამინისტროს პრესსამსახური

„მხიარულთა და საზრიანთა კლუბის“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდის „კოზა ნოსტრას“ განცხადება

უპირველეს ყოვლისა,  ბოდიშს ვუხდით საზოგადოებას და ყველა იმ ადამიანს, ვისაც  აღნიშნულ გადაცემაში ჩვენმა იმპროვიზაციულმა პასუხმა ტკივილი მიაყენა და  თავი შეურაცხყოფილად იგრძნო.

გვინდა დავარწმუნოთ საქართველოს საზოგადოება, რომ ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ ამ რეპლიკის არაკორექტულ ხასიათს, რაც ბლიც-შეკითხვების ფორმატიდან გამომდინარე, დაუფიქრებლობამ და არა ბოროტმა განზრახვამ განაპირობა.

მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ეროვნული ფედერაცია,
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

ახალი ამბები