კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საეჭვო რევიზია „მედიაპალიტრაში“ - შემოსავლების სამსახური მედია-სახლის 6 სტრუქტურას ერთდროულად ამოწმებს

8 ივნისი, 2011

შემოსავლების სამსახურმა 7 მაისს „მედიაპალიტრის“ ექვს სტრუქტურაში შემოწმება ერთდროულად დაიწყო. დაილუქა პრესის გავრცელების სამსახურის, გამომცემლობა „პალიტრა-L“-ის, ქაღალდის საწყობის, სტამბის, წიგნების მაღაზიათა ქსელის და სხვა სტრუქტურების საწყობები.

„შემოსავლების სამსახურის მტკიცებით, „მედიაპალიტრის“ ფუნქციობა არ შეფერხებულა და არც შეფერხდება, თუ რამე დარღვევას არ აღმოაჩენენ“, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით: საეჭვო რევიზია „მედიაპალიტრაში“ - დალუქულია გამომცემლობა და საწყობები / შემოსავლების სამსახური მედია-სახლის ექვს სტრუქტურას ერთდროულად ამოწმებს.

„დალუქულია მხოლოდ საწყობები. შემოწმება ერთდროულად შევიდა 6 ობიექტზე. წინ არ ვუსწრებთ მოვლენებს. ერთადერთი, რაც შემიძლია, გითხრათ - შეიძლება, ეჭვი გაგიჩნდეს, როცა შემოდიან მედიაკორპორაციაში, გვერდს უვლიან საინფორმაციო საშუალებებს და შედიან დამოუკიდებელ შპს-ებში და იწყებენ ერთდროულად ექვსი ობიექტის შემოწმებას. მართალია, ექვსივე ობიექტი „მედიაპალიტრის“ ნაწილია, მაგრამ მათ ჰყავთ ცალკე დირექტორები, ცალკე ბუღალტერია და ყველაფერი დამოუკიდებლად აქვთ. შესულები არიან გავრცელების სამსახურებში, წიგნების გამომცემლობებში, წიგნების მაღაზიებში. ეს არ გამოიწვევდა ეჭვს, რომ დავუშვათ, მარტში შესულიყვნენ მაღაზია „ბიბლუსში“, მაისში - გავრცელების სამსახურ „ელვაში“ - ეს ლოგიკური იქნებოდა, მაგრამ ის, რომ 6 ობიექტზე ერთდროულად შედიან, კითხვებს აჩენს - ეს შეიძლება ირიბ გაფრთხილებადაც აღვიქვათ“, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მედიასახლ „პალიტრის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მარიკა დარჩია.

„რეზონანსის“ შეკითხვას: „სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ეს ყველაფერი შესაძლოა, უკავშირდებოდეს „მედიაპალიტრის“ მიერ 26 მაისის დარბევის ობიექტურად გაშუქებას. თქვენ თუ უკავშირებთ ამას?“ მარიკა დარჩია პასუხობს: „ვერაფერს გამოვრიცხავ. ასეთი აზრი აუცილებლად მოგივა ადამიანს თავში. „პალიტრა“ ყოველთვის ცდილობს, იყოს ობიექტური და რაც ხდება, იმაზე თვალს ვერ დახუჭავს. ჯერჯერობით პირდაპირ კავშირზე 26 მაისის აქციის დარბევასთან ვერ ვილაპარაკებთ, მაგრამ ეჭვის საფუძველს ვხედავთ“.

შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლის ნუგზარ წულუკიძის განმარტებით, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შემოწმება-ინვენტარიზაცია წინასწარ შეტყობინებას არ ითვალისწინებს.

„რაც შეეხება დოკუმენტურ რევიზიას, ამის შესახებ შეტყობინება უკვე გაკეთებულია ეს შეგიძლიათ გადაამოწმოთ ყველგან. ზოგადად, მიმდინარეობს შემოწმებები და არა მხოლოდ „მედიაპალიტრის“ შემთხვევაში“, - დასძინა წულუკიძემ, რომლის მტკიცებით, „მედიაპალიტრის“ ნებისმიერ საწყობს მაშინვე მიეცემა მუშაობის საშუალება, როგორც კი ამის სურვილი ექნებათ.

„ეს არ არის დალუქვა“ - ხაზგასმით აცხადებს წულუკიძე და განმარტავს, რომ საწყობები დროებით დაიხურა იმ დრომდე, რა დროიდანაც მისი ფუნქციობა იქნება საჭირო. წულუკიძის მტკიცებით, დაკეტილი ობიექტები უახლოეს მომავალში გაიღება - „ეს არის გეგმური შემოწმება“ და როგორც კი წარმოდგენილი იქნება ბუღალტრული ნაშთი, ნაშთის მონაცემები, ობიექტი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას“, - აღნიშნავს გაზეთი „რეზონანსი“.

გამოცემის ცნობით, ჟურნალისტმა ია ანთაძემ რადიო „პალიტრის“ ეთერით გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, რომ „მედიაპალიტრაში“ შემოსავლების სამსახურის მიერ არაგეგმური შემოწმების დაწყება მოულოდნელი არ ყოფილა. მისი თქმით, მსგავსი დარტყმის ქვეშ არის ყველა მედიასაშუალება, რომელიც ისეთ ალტერნატიულ ინფორმაციას ავრცელებს, რაც ხელისუფლებისთვის მოსაწონი არ არის.

როგორც ია ანთაძემ აღნიშნა, პრობლემა ის კი არ არის, რომ შემოსავლების სამსახური დოკუმენტაციას ამოწმებს, პრობლემაა, რამდენად ობიექტურად ამოწმებს. ამგვარი ნაბიჯები არაერთი გვინახავს, რაც ხშირ შემთხვევაში, კითხვებს აჩენს.

ახალი ამბები