საპატრულო პოლიცია გურჯაანის რაიონში გლეხებს ცენტრალური ავტომაგისტრალის პირას ატმის რეალიზაციას უკრძალავს. როგორც სოფელ ჩუმლაყიდან გლეხებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობეს, სამართალდამცავები მათ დაჯარიმებით და ატმის ჩამორთმევით დაემუქრნენ.
„გუშინ, საღამოს გზის პირას, საკუთარი ეზოს კარებთან, ატამი გვქონდა გამოტანილი გასაყიდად. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აგვყარეს და გაგვაფრთხილეს, რომ თუ იგივეს კიდევ გავიმეორებთ, დაგვაჯარიმებენ. ჯარიმა 100 ლარიდან იწყებაო“, - აღნიშნეს სოფელ ჩუმლაყის მაცხოვრებლებმა.
საპატრულო პოლიციის კახეთის სამმართველოში განმარტეს, რომ გზის პირას ატმის გაყიდვა გარევაჭრობად ითვლება, რაც კანონდარღვევაა. „ასევე, გლეხები გზაზე მანქანების მოძრაობას აფერხებენ და აკრძალვაც ამან გამოიწვია“, - აღნიშნეს სამმართველოში.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი