კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ეკა ბესელია კოლეგებს მოუწოდებს, ნუ მოაწერენ ხელს უკანონო საპროცესო გარიგებას

22 ივლისი, 2011

ინტერპრესნიუსი

დაკავებული ფოტორეპორტიორის, გიორგი აბდალაძის ადვოკატი ეკა ბესელია კოლეგებს მოუწოდებს, ნუ მოაწერენ ხელს უკანონო საპროცესო გარიგებას.

 აღნიშნულთან დაკავშირებით ეკა ბესელიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც იგი ადვოკატებსა და უფლებადამცველებს მიმართავს. მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: „ბევრი რამ მინახავს ჩემი 12-წლიანი რთული საადვოკატო პრაქტიკის განმავლობაში, მაგრამ ფოტოკორესპონდენტების საქმე ერთ-ერთი ყველაზე დრამატულია და წყალგამყოფის ტოლფას მნიშვნელობას იძენს საზოგადოებაში, რომელმაც კიდევ ერთხელ უნდა გაიაროს გამოცდა: ძალუძს თუ არა საზოგადოებას სამართლიანობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლა.

ამ საქმეში ჩემი ჩართვა მოხდა სწორედ იმიტომ, რომ იძულებითი დუმილის სივრცეში შეეღწია საზოგადოების ხმას და იმ სივრციდან სიმართლეს გამოეღწია საზოგადოებისთვის, რომელსაც აქვს უფლება, იცოდეს, რა ხდება მის ქვეყანაში, რა ხდება იმ ციხეში, რომლის მინისტრსაც და დარაჯსაც თავად უხდის ხელფასს, რა ხდება იმ საგამოძიებო უწყებაში, რომლის უფროსსაც და რიგითსაც ასევე თავად უხდის ხელფასს. დიახ, საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს სიმართლე და სოლიდარობის ამ მასშტაბის დემონსტრირებამ წონასწორობა დააკარგვინა ხელისუფლებას. დაუშვა ზედიზედ გამოუსწორებელი შეცდომები და მე ვხედავ ბოლო დღეები როგორ ვჯობნით ჩვენ ყველა ერთად ამ უსამართლო, მოძალადე ხელისუფლებას სიმართლედატანილი გონებით და როგორ გვჯობნის ის ძალის დემონსტრირებით.

ადამიანურად სულისშემძვრელია ჩემთვის, როდესაც ვუყურებ თავისუფლებისა და სიმართლისთვის მებრძოლ ჟურნალისტ გიორგი აბდალაძეს, რომელიც მზად იყო თუნდაც სიცოცხლის ფასად საკუთარი და პროფესიის ღირსება დაეცვა და რამდენიმე დღეში როგორ სცადა სახელმწიფო მანქანამ კრიმინალური მეთოდებით მორალურად გაეტეხა იგი. ამის შემყურემ, უფრო მეტად გამიმყარა რწმენა, რომ აქ უკან დახევა არ შეიძლება და გიორგი აბდალაძის თხოვნას, რომ სიმართლე არ ვილაპარაკო, ვერ შევასრულებ... როგორ შეიძლება დუმილით შევხვდე, როდესაც ჩემს თვალწინ ვხედავ შედეგს, როგორი დაუნდობელი და სასტიკი სისტემა ჩამოყალიბდა, რომელიც ანადგურებს ყველას და ყველაფერს, რაც კი ღირებულია... მე თუ არ ვილაპარაკებ ამ უკანონობებზე, ამით ხომ ამ მოძალადე რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედების მონაწილე ვხდები. იგივე როლში აღმოჩდება ყველა იურისტი, რომელიც ხელს მოაწერს უკანონო გარიგებებს და დაადასტურებს თავსმოხვეულ ძალადობას.
მივმართავ პირველ რიგში ჩემს კოლეგებს, უფლებადამცველებსა და ადვოკატებს: ადვოკატის პროფესია და მისი ღირსება მაღალი ღირებულების მატარებელია. ადვოკატის პროფესიული ღირსება თითოეული ასეთი საქმის დროს გადადგმული ნაბიჯით იზომება და ჩვენი პრინციპებისადმი ერთგულებით გადარჩება. ჩვენ არ გვაქვს უფლება, ვიყოთ უკანონო გარიგების მონაწილენი და ამით ხელი შევუწყოთ დანაშაულებრივი სისტემის გამყარებას. უკანონო საპროცესო გარიგებაა ყველა ისეთი ე.წ შეთანხმება, როდესაც ვიცით, რომ დაპატიმრებული პირები იძულებულები არიან, დაიბრალონ დანაშაული. როდესაც მათ თავისუფალი ნების გამოვლენა არ ძალუძთ. ასეთი გარიგების ხელმოწერა უკანონო და დანაშაულებრივი ქმედებაა. თუკი ქვეყანაში არ აღმოჩდება არც ერთი ადვოკატი, რომელიც ხელს მოაწერს უკანონო საპროცესო გარიგებას, ამით ჩვენ შევაჩერებთ დანაშაულებრივ სერიალს, რომლის ნაწილი გახლავთ ფოტორეპორტიორების საქმე.

მოგმართავთ მე, თქვენი კოლეგა, ადვოკატთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ადვოკატთა ეთიკის კოდექსის თანაავტორი და ეთიკის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, სულით ხორცამდე ადვოკატი, რომელმაც ყველაზე საყვარელ პროფესიაზე დროებით მხოლოდ იმიტომ ვთქვი უარი, რომ დაგვებრუნებინა სამართლიანი და დამოუკიდებელი სასამართლო ადამიანებისთვის, გვებრძოლა სამართლიანობის აღსადგენად. ამისთვის ჩვენ დღეს, ერთი დიდი ლოდის დადება შეგვიძლია, თუ ვაჩვენებთ ხელისუფლებას, რომ ფოტოკორესპოდენტების საქმეში არც ერთი თავმოყვარე ადვოკატი არ დათანხმდება საპროცესო შეთანხმების გაფორმებას.

ნუ მოაწერთ ხელს უკანონო გარიგებას კოლეგებო, ნუ დამალავთ სიმართლეს. ამით თქვენ გადაარჩენთ ფოტოკორესპონდენტებს ჯაშუშობის ცრუ განაჩენისგან და ამით გადაარჩენთ პროფესიულ ღირსებას“, - აღნიშნულია ეკა ბესელიას მიმართვაში.

როგორც ცნობილია, გიორგი აბდალაძის არც ერთმა ადვოკატმა 21 ივლისს ხელი არ მოაწერა აბდალაძის განცხადებას საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით. ადვოკატები აცხადებენ, რომ უდანაშაულო ფოტორეპორტიორების გამამტყუნებელ განაჩენს ხელს არ მოაწერენ.

ახალი ამბები