კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მგზავრობის გაძვირებული ტარიფები

28 ივლისი, 2011

მარიამ იმერლიშვილი

დაპირება, რომ თბილისში მიკროავტობუსებით მგზავრობის ტარიფი უცვლელი, 50 თეთრი იქნებოდა, დაპირებად დარჩა. თბილისის მერიის მიერ სატრანსპორტო სისტემის მოსაწესრიგებლად სამარშრუტო ტაქსებზე ჩატარებული ტენდერის შედეგად გამარჯვებულმა  ოთხმა კომპანიამ-შპს „თბილქარმა,“ შპს „თბილლაინმა,“ შპს „კაპიტალ გრუპმა“ და „ფაბლიკქარმა“ ქალაქი ლოტების მიხედვით გადაინაწილეს.

აღნიშნულ კომპანიებს მონიტორინგს უწევს სატრანსპორტო კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი,“ რომელსაც აღებული ვალდებულებების თანახმად,  2012 წლის იანვრამდე ქალაქში არსებული ყველა სამარშრუტო ტაქსი ახალი მანქანით უნდა ჩაენაცვლებინა, დაესაქმებინა ყველა ის მძღოლი, რომელიც ამ სფეროში წლების განმავლობაში მუშაობს და ამასთანავე შეეთავაზებინა ისეთი პირობები, რომელიც ორივე მხარისთვის იქნებოდა ხელსაყრელი.

უმთავრესი ვალდებულება კი იყო ის, რომ არ უნდა გაზრდილიყო მიკროავტობუსით მგზავრობის საფასური. მგზავრობის ღირებულება როგორც ახალ, ისე ძველ სამარშრუტო ტაქსებზე გაიზარდა, რამაც ხელშეკრულებაში ჩადებული პირობები თავდაყირა დააყენა.

თავდაპირველად, #4 სამარშრუტო ხაზზე მოხდა ტარიფის ცვლილება, რასაც სხვა ხაზების ჯაჭვური რეაქციით გაძვირება მოჰყვა. შედეგად კი სრული ქაოსი და „მარშრუტკების“ მგზავრთა რაოდენობის საგრძნობლად შემცირება მივიღეთ. როგორც მძღოლები პირად საუბრებში აცხადებენ, ხელისუფლებამ სხვა ხაზებზე მოძრავი ძველი ტაქსების მფლობელებიც აიძულა, ფასები გაეზარდათ. გრძელ მარშრუტის ხაზებზე მგზავრობა 80 თეთრი ღირს, ე.წ. „მოკლე ხაზებზე“- 50 ან 60 თეთრი.

“გვაიძულეს გაგვეძვირებინა მგზავრობის ღირებულება ძველ „მარშრუტკებზე“, რადგან სიძვირის გამო, კომპანიის მიერ შემოყვანილი ახალი სამარშრუტო ტაქსებით არავინ სარგებლობდა. ახლა ჩვენც გამოუვალ მდგომარეობაში ვართ. ყველაზე გულდასაწყვეტი ის არის, რომ მერიაც და „თბილისის მიკროავტობუსიც“ ფასების ზრდას მძღოლებს გვაბრალებს, მაგრამ ჩვენ არაფერ შუაში ვართ“ - განაცხადა  ერთ- ერთი სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა ვახტანგ გიგინეიშვილმა. 

ხელისუფლება უარყოფს ამ პროცესში მონაწილეობას და ფასების ზრდას ძველი „მარშრუტკების“ მძღოლების თვითნებობას მიაწერს. 

მგზავრობის ღირებულების ზრდამ უკმაყოფილება გამოიწვია ქალაქში. სოციალურ ქსელში დაწყებული საპროტესტო განცხადებები აქციებში გადაიზარდა. საპროტესტო აქციები მოეწყო პარლამენტის შენობის, მერიისა და საკრებულოს წინ.

გამაფრთხილებელი აქცია მერიის წინ პარტია „მომავალი საქართველოს“ ორგანიზებით გაიმართა. მოთხოვნა ერთი იყო    -  თვითნებურად გაზრდილი ღირებულების შეცვლა ძველ ტარიფით.

 ,,ხალხს უჭირს ძალიან, ჩვენ თბილისელები არ ვართ დასაქმებულები და როგორ უნდა გადავიხადოთ გასვლა-მოსვლაში 1,60 როცა პურის ფულიც კი არა გვაქვს?! რა ქნან პენსიონერებმა და სოციალურად დაუცველებმა?! იქნებ, გაითვალისწინოს ხელისუფლებამ ჩვენი მდგომარეობა და მგზავრობის ღირებულება დაუბრუნდეს ძველ ფასს“ - აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ნათელა მშვენიერაძემ.

აქციის მონაწილეებს სურდათ ქალაქის მერთან გიგი უგულავასთან შეხვედრა, თუმცა ეს არ მოხერხდა, მის ნაცვლად მერიის წინ შეკრებილ ხალხს  პრეს-სპიკერი ბაჩო დოლიძე გაესაუბრა. მან ასეთი განმარტება მისცა იქ შეკრებილთ:  ,, ჩვენ თვითონ ამ ბაზარს ვერ ვარეგულირებთ, ვერც მერია და ვერც საკრებულო. ჩვენი ძირითადი ამოცანაა, რომ კონკურენცია გავუწიოთ მეტროსა და ავტობუსების საშუალებით აღნიშნულ ტარიფებს“.

მოგვიანებით აქციის ორგანიზატორებმა საკრებულოში, პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეების მიერ მიღებული  რეზოლუციაც შეიტანეს მიხეილ სააკაშვილის, გიგი უგულავასა და ზაალ სამადაშვილის სახელზე. აქციის ორგანიზატორის ბექა კემულარიას განცხადებით, მათი ძირითადი მოთხოვნა შემდეგია: „ ხელისუფლების მხრიდან გაზიარებულ იქნას ჩვენი, როგორც მომხმარებლების ინტერესები და სამარშრუტო ტაქსებზე, კომპანია „თბილისის მიკოროავტობუსის“ მიერ თვითნებურად გაზრდილი მგზავრობის ღირებულება დაუბრუნდეს 15 ივლისამდე არსებულ მდგომარეობას. ხელისუფლების მხრიდან შეწყდეს სამარშრუტო ტაქსის მძღოლებზე ზეწოლა. ტენდერის პირობების თანახმად, კომპანია „თბილისის ავტობუსს“ დაევალოს ძველი მარშრუტკების ახლით შეცვლა. ამისთვის კი მან უნდა განახორციელოს ინვესტიცია და ახალი სამარშრუტო ტაქსების ღირებულება მოსახლეობიდან არ უნდა ამოიღოს. ეს ყველაფერი განხორციელდეს მგზავრობის საფასურის 50 თეთრზე შენარჩუნების პირობებში. მოვითხოვთ, ქალაქ თბილისში უკვე არსებულ საავტობუსო ხაზებში ავტობუსების რაოდენობის გაზრდას, არსებული მანძილების დაგრძელებას ან ძველი ხაზების აღდგენას”.

გაწბილებულია მძღოლთა ის ნაწილიც, რომელთაც, პირობის თანახმად სურვილის შემთხვევაში,  სამუშაო ადგილს  შეუნარჩუნებდნენ, ხოლო მათი დღიური გადასახადი 10 ლარი იქნებოდა. დღეს კი ირკვევა, რომ ხელშეკრულების პირობები, რომლის გაფორმებასაც კომპანია  „თბილისის მიკროავტობუსი“ მძღოლებთან გეგმავს, სრულიად განსხვავებულია. ამ პირობების თანახმად, მძღოლები კომპანიისგან იჯარით აიღებენ მანქანებს და თვეში 463 ევროს გადაიხდიან, ამასთან, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ  მათ კომპანიის ანგარიშზე უნდა შეიტანონ საგარანტიო თანხა  500 ევრო. გარდა ამისა, მძღოლს შვიდი წლის შემდეგ (!) გადაეცემა სამარშრუტო ტაქსი, რომელშიც დაახლოებით 50 000 ევრო ექნება გადახდილი მაშინ, როცა მიკროავტობუსის ღირებულება 18 000 ევროს არ აღემატება. 

მერიამ ტარიფის გაძვირებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა მოიხსნა და  კომპანია „თბილისის მიკროავტობუსს“ გადააბარა. ადამიანის უფლებათა ცენტრმა სცადა აღნიშნულ კომპანიასთან დაკავშირება, მაგრამ მისი პიარ-მენეჯერის, თეონა ნიორაძის ტელეფონი მუდმივად გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან.

ახალი ამბები