კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვარშალომიძის დაცვის უფროსმა მოქალაქე საკუთარ კაბინეტში სცემა

2 სექტემბერი, 2011

მაკა მალაყმაძე, აჭარა

აჭარის მთავრობის მეთაურის, ლევან ვარშალომიძის ყოფილი მეზობელი ლელა აბესაძე აცხადებს, რომ ვარშალომიძის დაცვის სამსახურის უფროსმა, ვახტანგ კაზაზიშვილმა აჭარის მთავრობის შენობაში სცემა. აბესაძეს ქვედა კიდურებზე რამდენიმე ადგილას ჩალურჯება და დაჟეჟილობა აქვს. საქმეს პოლიციის #3 განყოფილება იძიებს. 

ლელა აბესაძე ამბობს, რომ ინციდენტი 21 აგვისტოს აჭარის მთავრობის შენობაში, ვარშალომიძის დაცვის სამსახურის უფროსის, ვახტან კაზაზიშვილის კაბინეტში მოხდა.

„ყვიროდა და მეუბნებოდა, რომ მე მას შეურაცხვყოფდი. თან ჩემკენ მოიწევდა. მე შემეშინდა და ფანჯრისკენ წავედი. ის მუხლებზე, ბარძაყებზე მირტყამდა გამეტებით. მისმა მძღოლმა შემოიხედა და უთხრა - ეს ახლა ტყეში უნდა გაიყვანო და ხეზე დააბაო. ამ სიტყვების გაგონებაზე თავზარი დამეცა“, - ამბობს ლელა აბესაძე.

კაზაზიშვილმა ლელა აბესაძე თავისივე კაბინეტში თვითონ მიიპატიჟა: „რამდენჯერმე სამსახურში მივაკითხე და წერილები დავუტოვე დაცვას. ბოლოს, 20 აგვისტოს, 11 საათზე ვიყავი. მითხრეს, რომ კაზაზიშვილი არ იყო ადგილზე. იქიდან სახლში მივაკითხე. კარი მისმა მეუღლემ გამიღო. დავუბარე, რომ ვეძებდი. საღამოს ვარშალომიძეების სახლთან შევხვდი შემთხვევით. არც მომისმინა ბოლომდე, ისე წავიდა. 21 აგვისტოს 3 საათისთვის კი, აჭარის მთავრობის შენობასთან რომ მივედი, კაზაზიშვილი მანქანიდან გადმოდიოდა. დამინახა თუ არა, დამიძახა: მოდი, შენთან საქმე მაქვსო“.

აბესაძე მას 2007 წელს დაპირებული პირობის შერულებას სთხოვდა, ამიტომაც კაზაზიშვილს შეჰყვა მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში: „კიბეებიდან დაიწყო მუქარა - შენ რა იკადრეო. შევატყვე, რომ გაბრაზებული იყო, მაგრამ ვერ წარმომედგინა, სახელმწიფო შენობაში თუ რამეს გაბედავდა. მის კაბინეტში როგორც კი შევედით, დამიწყო ყვირილი, ჩემკენ მოიწევდა, თან მუხლს მირტყამდა. როგორც ჩანს, ხმაურის გამო ვახტანგ კაზაზიშვილის მოადგილე კახა ტუღუშმა და კაზაზიშვილის მძღოლმა (მგონი, გია ჰქვია) ოთახში რამდენჯერმე შემოიხედეს. თუმცა მალევე გაიხურეს კარი”.

ამ ფაქტამდე ლელა აბესაძემ კაზაზიშვილს ხშირად ახსენებდა დადებული პირობის შესრულებას: „რამდენიმე თვეა, კაზაზიშვილს ვუგზავნიდი განცხადებას. იმ დანაპირების შესრულებას ვთხოვდი, რომელიც 2007 წელს, ლევან ვარშალომიძის მეზობლად საკუთარი ბინა რომ დამატოვებინეს, მაშინ მომცეს. მე არ ვაშანტაჟებ ვარშალომიძეებს და არც გამომძალველი ვარ. ვითხოვ, ჩემსავე უბანში ოროთახიანი ბინა მიყიდონ. მე ბევრს არაფერს ვითხოვ, ვცხოვრობდი ქალაქის ცენტრში და დამაბრუნონ ჩემსავე უბანში“.
 
21 აგვისტოს, ვახტანგ კაზაზიშვილი ლელა აბესაძეს დაჰპირდა, რომ მას შეურაცხყოფისთვის პოლიციაში უჩივლებდა: „მითხრა, ან სამი თვით დაგიჭერენ, ან 500 ლარით დაგაჯარიმებენო. შემეშინდა, მივხვდი, რომ შეიძლება მართლა დამაკავონ. ვფიქრობდი, რა მექნა. ბოლოს მოვიფიქრე, რომ ექსპერტიზის ჩატარების მიზნით ექიმისთვის მიმემართა. მე პოლიციაში ჩივილს არ ვაპირებდი, ვიცი, იქ როგორც მომექცევიან. თუმცა, სამედიცინო ცნობა კარგი იქნებოდა, მქონოდა. ექიმმა გამსინჯა, მაგრამ ცნობა ვერ ავიღე, 20 ლარი ღირდა და ეს თანხა არ მქონდა“.
 
24 აგვისტოს ლელა აბესაძე ბათუმის პოლიციის #3 განყოფილების გამომძიებელმა ალექსანდრე როდინაძემ დაკითხა. თუმცა, ის კომენტარს არ აკეთებს. საქმეში ჯერჯერობით არ დევს ექსპერტიზის დასკვნა. როგორც ბათუმის სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში გვითხრეს, ლელა აბესაძის სხეულის დაზიანებაზე დასკვნა ჯერ მომზადებული არ არის: „15 დღიდან უვადო დრო აქვს ექიმს დასკვნის მომზადებისთვის“.

ადამიანის უფლებათა ცენტრი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის დაცვის სამსახურის უფროსს, ვახტანგ კაზაზიშვილს ტელეფონით დაუკავშირდა. მას შემდეგ, რაც თავი წარვუდგინეთ, კაზაზიშვილმა აღნიშნა, რომ ტელეფონით ხმა ცუდად ესმის. შემდეგ რამდენჯერმე ვცადეთ თავიდან დარეკვა, მაგრამ ისევ იგივეს გვიმეორებდა. ვთვლით, რომ კაზაზიშვილმა აღნიშნული კომენტარისგან ასაცილებლად მოიგონა.

ლელა აბესაძე ვარშალომიძეების ყოფილი მეზობელია. ის და კიდევ 8 ოჯახი, ვარშალომიძეებთან ერთად, იმ სახლში ცხოვრობდნენ, რომელიც ახლა მხოლოდ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ოჯახს ეკუთვნის. ლელა აბესაძე ერთადერთი მეზობელი იყო აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ოჯახისა, რომელმაც ვარშალომიძეების მხრიდან მის გასახლებასთან დაკავშირებული პირობებით უკმაყოფილება საჯაროდ გამოხატა. საბოლოოდ, ლელა აბესაძე ბათუმის ცენტრალური უბნიდან, ჭავჭავაძის ქუჩაზე 2007 წელს გადავიდა. მან თავისი 14 კვადრატული მეტრი ბინა მაშინ ვახტანგ კაზაზიშვილს გადაუფორმა. ახლა ეს ბინა ბარათაშვილის ქუჩის #20-ში, ისე როგორც სხვა 8 მეზობლის ბინაც, მთლიანობაში 539,71 კვ/მეტრი ფართობი, ვარშალომიძეების საკუთრებაა. 2003 წლამდე ამ სახლში მათ მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ბინა ჰქონდათ.

ლელა აბესაძის ბინის გადაფორმებას თან სდევდა მისი საჯარო პროტესტი. აბესაძე ორჯერ მოათავსეს პოლიციის იზოლატორში, სადაც 5-დღიანი პატიმრობის შემდეგ, ის მე-3 განყოფილებაში გადაიყვანეს. იქედან კი ფსიქიატრიულ საავადმყოფოშიც გაამწესეს: „მაშინდელი ჯანდაცვის მინისტრი მამუკა ნაკაშიძე ურეკავდა ექიმ ოლეგ ნეფედეევს და ეუბნებოდა, რომ მე შეურაცხადად გამოვეცხადებინე, მაგრამ ექიმმა კატეგორიული უარი უთხრა“.

ლელა აბესაძე კი ამბობს, რომ თავდაცვის ერთადერთი ბერკეტი ფაქტის გახმაურება დარჩა: „საჯაროდ ლაპარაკი იმიტომ გადავწყვიტე, რომ არ არის გამორიცხული, უფრო მეტ ბოროტებაზე წავიდნენ. მე ქალი ვარ. თავისი სამსახურის კაბინეტში ეს რომ გაბედა, სხვა რამეს რატომ არ გაბედავს?!“

კაზაზიშვილის მიერ მის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს, ლელა აბესაძე ბოლომდე ვარშალომიძეებს ვერ უკავშირებს: „ახლა არ ვიცი, მაგრამ მაშინ ნამდვილად დოდო პაპუნაიშვილმა, ლევან ვარშალომიძის დედამ, დააჭერინა კაზაზიშვილს ჩემი თავი. აგერ არიან ექიმები და თუ არანორმალური ვარ, შემამოწმონ, ოღონდ შეამოწმონ კაზაზიშვილიც“.

ახალი ამბები