კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქალი, რომელიც საფრთხეს არავის უქმნიდა, ფსიქიატრიულში ძალის გამოყენებით მოათავსეს

8 სექტემბერი, 2011

ნათია დანელიშვილი, კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ადამიანის უფლებათა ცენტრი 45 წლის ნ. კ-ძის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოთავსებას აპროტესტებს. ქალბატონი, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი აქვს, თუმცა საფრთხეს არავის უქმნიდა, პოლიციამ ფსიქიატრიულში, მის ბინაში შესახლებული პირების განცხადების საფუძველზე, ძალის გამოყენებით გადაიყვანა.

ნ. კ-ძის მეზობლების თქმით, ამავე სოფლის მკვიდრი, გოჩა რ-შვილი ნ. კ-ძის ბინაში საცხოვრებლად, ოჯახით, 5 წლის წინ გადავიდა, რის გამოც ბინის მესაკუთრეს მათთან მუდმივი კონფლიქტი ჰქონდა.

„ნ. კ-ძემ 17 წლის ასაკში სტრესი გადაიტანა, რის გამოც ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა, მაგრამ არავის არაფერს უშავებდა. ბევრჯერ მშიერი ყოფილა, თუმცა არავინ შეუწუხებია. ბინა რუსთავშიც აქვს და ძირითადად იქ იყო ხოლმე. სოფელში სახლი რამდენჯერმე გაუქურდეს, ამიტომ მისმა ძმამ, რომელიც წლებია საზღვარგარეთ ცხოვრობს, სრულიად უცხო ადამიანი, გოჩა რ-შვილი ოჯახით ნ. კ-ძესთან შეასახლა. რაც მდგმურები მის სახლში გადავიდნენ, სულ კონფლიქტი ჰქონდათ. ნ. ითხოვდა, რომ მდგმურები მისი სახლიდან წასულიყვნენ, რადგან სახლს უნადგურებდნენ, სისუფთავეს ვერ იცავდა. არ უნდოდა ვიღაცეებს მის სახლში ეცხოვრათ და მართალიც არის. თან მდგმურებს სულ სტუმრიანობა აქვთ. გოჩასთან ძმაკაცები მოდიან, სხვამენ, ხმაურობენ, რასაც ნ. ვერ ეგუებოდა. კატეგორიულად ითხოვდა, რომ მდგმურები მისი სახლიდან წასულიყვნენ. პოლიციას არაერთხელ მიმართა, მაგრამ ყურადღება არავინ მიაქცია. ბოლოს გოჩამ აჯობა. პოლიციაში განცხადება დაწერა და ხუთ მეზობელს, თავის ძმაკაცებს ხელი მოაწერინა. ნ, კ-ძე გიჟია, საფრთხეს გვიქმნის და საგიჟეთში წაიყვანეთო“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ნ. კ-ძის ერთ-ერთმა მეზობელმა.

ნ. კ-ძე გურჯაანის პოლიციის თანამშრომლებმა სახლიდან ფიზიკური ძალის გამოყენებით წაიყვანეს.

„წასვლა არ უნდოდა. პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია. ეუბნებოდათ, გიჟი არ ვარ, მაგათ უნდათ რომ თავიდან მომიშორონ და ბინა დარჩეთო, მაგრამ მანქანაში ძალით ჩასვეს. ავადმყოფი კი არის, მაგრამ საფრთხეს არავის უქმნის. არასოდეს არავისთვის არაფერი დაუშავებია. მეზობლებთან მოდიოდა, ვსაუბრობდით, საქმეში გვეხმარებოდა. ჩემთან ყოველდღე გამოდიოდა. გოჩას იმიტომ ეჩხუბებოდა, რომ ყველაფერს ანგრევს და ანადგურებს. ის კიდევ პოლიციას იძახებდა ხოლმე, მომაშორეთო. სად წაიყვანეს, არ ვიცით“, - აღნიშნა ნ. კ-ძის მეზობელმა თამარ ს-შვილმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი იმ ადამიანებსაც დაუკავშირდა, რომლებმაც ფსიქიატრიულში ნ. კ-ძის იძულებით გადაყვანის შესახებ განცხადებას ხელი მოაწერეს.

„ფიზიკურად არასდროს არავის შეხებია. ჩვენს ოჯახთანაც არანაირი კონფლიქტი არ ჰქონია, მაგრამ კარგია რომ წაიყვანეს, დამშვიდდება, ენერგიას მოიკრებს. რაც შეეხება მის სახლში მცხოვრებ ოჯახს, გოჩა არ არის ცუდი ადამიანი. ეს სახლი დანგრეული იყო და მან მოაწესრიგა,“ - ამბობს ნინო ლ-შვილი.

„უბრალოდ გვთხოვეს და მოვაწერეთ ხელი, თორემ პირადად ჩვენთვის არაფერი დაუშავებია. არც სხვებს უშავებდა რამეს. მკურნალობა სჭირდება, მაგრამ საშიში არ არის. ერთხელ სკოლაშიც შევიდა და ბავშვებს შეეშინდათ, ამის გამო ამბავი ატეხეს, მაგრამ არავის არაფერი დაუშავა“, - აღნიშნავს თამაზ დ-შვილი.

თავად გოჩა რ-შვილი კი დაჟინებით ამბობს, რომ ნ. კ-ძე მას და მისი ოჯახის წევრებს საფრთხეს უქმნიდა. „სანამ კაცს მოკლავდა ან რამეს არ დაუშავებდა მანამდე არ  უნდა წაეყვანათ? სულ გვემუქრებოდა, ხან დანით, ხან დუბინკით, თუმცა ჯერჯერობით არავისთვის არაფერი დაუშავებია. იყო დღე, რომ ვიტყოდით, ეს ნ-აა თუ ჩამოყალიბებული პიროვნებაო, მეორე დღეს კიდევ გაჰკიოდა წადით, მოშორდითო. აქ რომ მოვედი ტყე იყო, გალავანიც არ ჰქონდა სახლს და მე გავაკეთე“,- ამბობს გოჩა რ-შვილი.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ნ. კ-ძის იძულებით გადაყვანასთან დაკავშირებით შს გურჯაანის სამმართველოსაც მიმართა. გურჯაანის პოლიციის უფროსის მოადგილემ გოჩა სიბაშვილმა კომენტარზე უარი განაცხადა. არადა, ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისში აღნიშნეს, რომ გადაყვანამდე 2 დღით ადრე სწორედ სიბაშვილმა უთხრა მათ, რომ ნ. კ-ძის ფსიქიატრიულში გადაყვანა არ იგეგმებოდა.

უფლებადაცვითი ორგანიზაციის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, როდესაც პირი არ არის თანახმა იმკურნალოს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, გამოიყენება კანონი „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“, პირის სტაციონარში მოთავსების წესი კი განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-7 პრიმა მუხლის მე-4 თავით.

აღნიშნული თავის თანახმად, იმ ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია, რომელშიც პაციენტია მოთავსებული, არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ ბრძანების გამოცემის თხოვნით მაგისტრატ მოსამართლეს ან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს, პაციენტის სტაციონარში მოთავსებიდან 48 საათის ვადაში მიმართავს, რის შედეგადაც მოსამართლეს შესაბამისი გადაწყვეტილება გამოაქვს.

თელავის და გურჯაანის სასამართლოებში აღნიშნეს, რომ ასეთ საქმეებზე ბრძანება პერსონალურ მონაცემებს შეიცავს და საჯარო არ არის.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს, დაინტერესდნენ აღნიშნული საქმით და შშმპ-ის უფლებები დაიცვან.

ორიგინალი

ახალი ამბები