პოლიციამ ქუთაისის ქართულ-ინდური მეტალურგიული საწარმო „ჰერკულესის“ სამი თანამშრომელი ირაკლი იობიძე, ემილო გუმბერიძე და მალხაზ გოგიავა დააკავა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" საქართველოს პროფკავშირებიდან აცნობეს.
პროფკავშირების ცნობით, დაკავებულები აქტიურად თანამშრომლობდნენ პროფკავშირებთან. ისინი პოლიციის მიერ მეტალურგთა აქციის დაშლასთან დაკავშირებით სასამართლო სარჩელის მოსამზადებლად, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის მიზნით 19 სექტემბერს თბილისში უნდა ჩამოსულიყვნენ, თუმცა 18 სექტემბერს 22.45 საათზე, ცნობილი გახდა, რომ სამივე აქტივისტი იმერეთის სამხარეო პოლიციის განყოფილებაში ჰყავთ დაკავებული.
პროფკავშირების ცნობით, სამართალდამცავებმა დაკავებულების ნათესავებს განუცხადეს, რომ ირაკლი იობიძის, ემილო გუმბერიძის და მალხაზ გოგიავას სასამართლო პროცესი დილით გაიმართებოდა, თუმცა დაკავების მიზეზი არ განუმარტავთ.
საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი აცხადებს, რომ თუ დღეს სამივე მეტალურგს არ გაათავისუფლებენ, თავად დაიწყებს უვადო შიმშილობას.
„გამომდინარე იქიდან, რომ ამ ქვეყანაში კანონი არ კანონობს და აგონიაში მყოფი ხელისუფლება უვნებელ პროტესტსაც რეპრესიებით პასუხობს, მე მივიღე გადაწყვეტილება, გამოვაცხადო უვადო შიმშლობა, თუ დღეს დაკავებულები არ გათავისუფლდებიან. ვთხოვ საერთაშორისო თანამეგობრობას, სამოქალაქო საზოგადოებას, დაუდგეს გვერდით ამ ბიჭებს, რადგან, გამორიცხული არ არის, ხვალ დანარჩენი აქტივისტებიც დააკავონ“, -განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.
შპს „ევრაზიანსთილსის“ ქარხანა „ჰერკულესის“ 100-მდე მუშა-მოსამსახურე შრომითი პირობების გაუმჯობესებისა და სამსახურიდან გათავისუფლებული 17 თანამშრომლის აღდგენის მოთხოვნით, 13 სექტემბერს გაიფიცა. ოთხმა მეტალურგმა შიმშილობა გამოაცხადა.
აქცია პოლიციამ ძალის გამოყენებით 15 სექტემბერს დაშალა და 40-მდე გაფიცული დააკავა. ისინი მოგვიანებით გაათავისუფლეს. პროფკავშირების ინფორმაციით, პოლიციაში დაკავებულებს დააწერინეს ხელწერილი, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილეობას არ მიიღებდნენ და სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებოდნენ.
ინტერპრესნიუსი