კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აზერბაიჯანში ქართულენოვანი სასკოლო წიგნების შეტანა აკრძალულია

27 სექტემბერი, 2011

გელა მთივლიშვილი, კახეთი

26 სექტემბერს, დილით, ლაგოდეხთან, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ინციდენტი მოხდა. ზაქათალის რაიონის სოფელ ალიაბადის პირველი საშუალო სკოლის ქართული სექტორის დაწყებითი კლასების მასწავლებელს ელინათა საფაროვას, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ქართული სახელმძღვანელოები ჩამოართვეს.

აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა პედაგოგს მეორე კლასის ქართული სახელმძღვანელოები, მათემატიკის სახელმძღვანელოს 54 ეგზემპლარი და ქართული სამუშაო რვეულები წაართვეს. მასწავლებლის თქმით, აღნიშნული ქმედება მიმართულია ქართული სექტორების დახურვისკენ იმ საბაბით, რომ ქართულ ენაზე სახელმძღვანელოები არ არსებობს.

მომხდარს გუშინვე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ლორთქიფანიძე. დეპუტატმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან სასწრაფო რეაგირება მოითხოვა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ კი განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ სამინისტრო ინფორმაციას არ ფლობს. „აუცილებლად დავინტერესდებით ამ საკითხით, რადგან საქართველოს მოქალაქის უფლებების დაცვა ყველა სახელმწიფო სტრუქტურის, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოვალეობაა. ჩვენ შესაბამისი სტრუქტურები მოგვაწვდიან დამატებით ინფორმაციას და რეაგირებაც იქნება შესაბამისი“, - განაცხადა ჯალაღანიამ.

ცნობისათვის, კახის და ზაქათალის რაიონებში მცხოვრები ჰერების უმრავლესობას საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს.

საზღვარზე ქართულენოვანი სახელმძღვანელოების ჩამორთმევის ფაქტს, გუშინვე, კახის და ზაქათალის ქართული სექტორის სკოლებში ჩხრეკა მოჰყვა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტი იუწყება საინგილოდან, ჩხრეკის შედეგად უშიშროების თანამშრომლებმა 200-ზე მეტი ქართული სახელმძღვანელო ამოიღეს.

„ჩხრეკა სკოლებში დილის 11:00 საათზე დაიწყო. სკოლის დირექტორების თანდასწრებით საკლასო ოთახებში ჩამოიარეს და ქართული წიგნები ჩანთებიდან ამოიღეს. ჩხრეკის შემდეგ სკოლის დირექტორები უშიშროების განყოფილებაში დაიბარეს“, - იტყობინება კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტი საინგილოდან.

მისივე ცნობით, ის კახის რაიონის სოფელ კახინგილოს საშუალო სკოლის დირექციას დაუკავშირდა, სადაც ჩხრეკის ფაქტი უარყვეს. თუმცა, აზერბაიჯანელი სამართალდამცავების მიერ ბავშვებისთვის ქართული სახელმძღვანელოების ჩამორთმევა მოსწავლეების მშობლებმა დაადასტურეს. „ეს პირველი შემთხვევა არ არის. რამდენიმე დღის წინაც იყვნენ სკოლაში და მაშინ ქართულის წიგნი წაართვეს ჩემს ბავშვს. ეს წიგნები ისედაც ძლივს გადმოგვაქვს საზღვარზე, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები გვიშლიან და თუ ნახეს, გვართმევენ. ამაზე საქართველოს განათლების სამინისტროსაც მივაწოდეთ ინფორმაცია და აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოსაც, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია“, - აღნიშნა ერთ-ერთმა მშობელმა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ნინო პროტჟებსკაიას თქმით, აზერბაიჯანელი სამართალდამცავების მიერ საინგილოს ქართულ სკოლებში ქართული სახელმძღვანელოების ამოღების შესახებ სამინისტროს ინფორმაცია არ აქვს. „საინგილოს ქართული სექტორის სკოლები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს არ ექვემდებარება. ისინი ქართულ სახელმძღვანელოებს თავად იძენენ და თვითონვე გადააქვთ აზერბაიჯანში. ამ პროცესში ჩვენ ჩართულები არ ვართ“, - აღნიშნა პროტჟებსკაიამ. მისივე თქმით, სამინისტროს არც დღეს, გუშინ, ლაგოდეხთან, მომხდარი ფაქტის შესახებ აქვს ინფორმაცია.

არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველო ჩემი სამშობლოა“ ხელმძღვანელი ალი ბაბაევი ამბობს, გაზეთ „რეზონანსთან“ საუბარში ამბობს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმების თანახმად, სასკოლო წიგნების საზღვარზე გადატანა და აზერბაიჯანის ქართული სექტორის სკოლებში ამ სახელმძღვანელოებით სწავლება არ შეიძლება.

მისი თქმით, მინისტრების მოლაპარაკებების შედეგად ქართულმა და აზერბაიჯანულმა მხარეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არც აზერბაიჯანიდან შემოვიდეს აზერბაიჯანულენოვანი სასკოლო წიგნები და არც კახის და ზაქათალის ქართულ სკოლებში შევიდეს საქართველოდან ქართულენოვანი სახელმძღვანელოები.

„ახლა აზერბაიჯანმა ქართულად თავად თარგმნა სახელმძღვანელოები და ამარაგებს იქაურ ქართულ სკოლებს. შემოტანა კი აღარ შეიძლება. საქართველოში დაბეჭდილი წიგნები აზერბაიჯანის განათლების სისტემის შესაბამისი არ არის და ამიტომაც გაცემულია განკარგულება, რომ ამ წიგნების შეტანა არ შეიძლება. აზერბაიჯანის მხარემ უკვე თარგმნა სასკოლო სახელმძღვანელოები ქართულად და მოსწავლეებიც ამ წიგნებით ისწავლიან, თუმცა პრობლემა საქართველოში არსებულ აზერბაჯანულ სკოლებს აქვთ, რადგანაც საქართველო წელს აზერბაიჯანული წიგნებით აზერბაიჯანულენოვან სკოლებს ვერ მოამარაგებს და ამ თემაზე ბაქოშიც მექნება საუბარი“, - განაცხადა ალი ბაბაევმა.

ახალი ამბები