17:53, Thursday, 21.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

18 მილიონი „პირველი კავკასიურისთვის“

28.09.2011

netgazeti.ge

საქართველოს მთვარობამ ახალი გადაწყვეტილებებით ბიუჯეტი შეუმცირა საზოგადოებრივ მაუწყებელს, ხოლო რუსულენოვან „პირველ კავკასიურს“ (პიკ) მაუწყებლობისთვის დამატებითი თანხები გამოუყო.

მთავრობის 26 აგვისტოს განკარგულების საფუძველზე ფინანსთა სამინისტრომ 4.900.000 (ოთხი მილიონ ცხრაასი ათასი) ლარით უნდა შეუმციროს საზოგადოებრივ მაუწყებელს ბიუჯეტი და ეს თანხა მთავრობის სარეზერვო ფონდში მიიმართოს. სარეზერვო ფონდიდან ერთი მილიონი ლარი კი ისევ საზოგადოებრივ მაუწყებელს დაუბრუნდება მთავრობის იმავე დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, ოღონდ კონკრეტული მიზნით - შპს „ქეი 1“ სთვის გადასაცემად.

ეს ის კომპანიაა, რომელიც მაუწყებლის მესამე რუსულენოვან არხ „პირველ კავკასიურს“ მართავს. შპს „ქეი 1“-ს ერთ თვეზე მეტია, ამოეწურა ხელშეკრულების ვადა, რომლის მიხედვითაც ის „პიკს“ მართავდა. ამის მიუხედავად, არხის მენეჯმენტს კვლავ „ქეი 1“ აგრძელებს და უკვე მიმართა საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს ხელშეკრლების 16 იანვრამდე გაგრძელების თხოვნით. ხელშეკრულების გაგრძელების გარდა, დაწყებული პროექტების დასასრულებლად „ქეი 1“-მა დამატებით არა უმეტეს სამი მილიონი ლარის გამოყოფა თხოვა.

შეგახსენებთ, „ქეი 1“-ის გამოჩენას სამაუწყებლო ბაზარზე საზოგადოებაში დისკუსია მოყვა.

ამ კომპანიის 60%–ს ფლობს რობერტ პარსონსი, რომელიც მართვის უფლების გადაცემასთან ერთად გახდა „პიკის“ გენერალური დირექტორი.   მეორე მესაკუთრე, 40% წილის მფლობელი, ეკატერინე კოტრიკაძე არხის საინფორმაციო სამსახურს ჩაუდგა სათავეში.

კოტრიკაძე მანამდე ტელეკომპანია „ალანიას“ წამყვანი იყო, ასევე RTVi–ის და „ეხო მასკვის“ კორესპონდენტი. ცოტა ხნის წინ საზოგადოების ყურადღების ცენტრში რუსეთის პრეზიდენტ მედვედევთან ჩაწერილი ინტერვიუს გამო მოექცა. ბრიტანეთის მოქალაქე ჯეიმს უილიამ რობერტ პარსონსი კი სხვადასხვა დროს მუშაობდა „ბიბისის“ რუსულენოვან  და სხვა საერთაშორისო სამსახურებში, ასევე, იყო France 24 TV–ს საერთაშორისო ამბების რედაქტორი და მუშაობდა რადიო „თავისუფლების“ ქართულ სამსახურშიც.

ცნობილი არ არის კოტრიკაძის და პარსონსის ადრინდელი თანამშრომლობის შესახებ– ისინი საზოგადოების ინტერესის სფეროში ამ ერთი წლის წინ მოექცნენ, როცა  მოულოდნელად ცნობილი გახდა „პირველი კავკასიურის“ მართვის უფლებით შპს „ქეი 1“ –თვის გადაცემის შესახებ. ეს კომპანია კოტრიკაძემ და პარსონსმა (წილები 40%–60%) 2010 წლის 6 ივლისს დააფუძნეს (ორგანიზაციის იურიდიული მისამართი კოტრიკაძის საცხოვრებელია) და რამდენიმე დღეში, 12 ივლისს, სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ წინადადებით მიმართეს შპს „ქეი 1“-თვის მესამე არხის მართვის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით.  ახალდაფუძნებულმა კომპანიამ მთავრობის და მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებებით მართვის უფლება მარტივად მიიღო. 2010 წელს შპს „ქეი 1“-ს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი 7 მილიონი ლარი გადაეცა.

ახლახანს, 2011 წლის 29 აგვისტოს, სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მაუწყებლის დირექტორს უფლება  მისცა, გაუგრძელოს “ქეი 1”-ს ხელშეკრულება იმ შემთხვევაში, თუკი მთავრობა სარეზერვო ფონდიდან „პიკისთვის“ სამ მილიონ ლარს გამოყოფს. ლევან გახელაძე, მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ რამდენიმე დღეში მაუწყებელი კვლავ გააგრძელებს კონტრაქტს „ქეი 1“-თან.

ეს იმას ნიშნავს, რომ „პირველი კავკასიურის“ ბიუჯეტი 2011 წელს სულ 18 მილიონი ლარი იქნება. სწორედ ეს თანხაა მითითებული სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებულ კორექტირებულ ბიუჯეტში. მაუწყებლის ბიუჯეტის მანამდელ ვერსიაში „პიკისთვის“ 15 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული.

„ქეი 1“- მა მართვის უფლებების მიღებასთან ერთად ხელშეკრულებით აიღო  ვალდებულება, რომ კვარტალში ერთხელ სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ წარუდგინოს სრული ანგარიში (თანდართული შესაბამისი დოკუმენტაციით) მის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ (რაც მოიაზრებს თანხების ხარჯვას, განხორციელებულ შესყიდვებს და ა.შ.).

„ამდენად, შპს „ქეი 1“-ის საქმიანობა იქნება გამჭვირვალე საზოგადოებისთვის, რაც გამორიცხავს ყოველგვარი ეჭვის საფუძველს ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 2010 წელს, როცა საბჭო, მაუწყებელი და მთავრობა კრიტიკის ობიექტი გახდა იმის გამო, რომ  „ქეი 1“-ს მართვის უფლება ტენდერის გარეშე გადასცეს.

თუმცა ჯერჯერობით საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არაა არც ერთი ანგარიში, რომელშიც ასახული იქნებოდა „პირველი კავკასიურის“ ხარჯები.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2011 წლიდან შპს „ქეი 1“  საქართველოს ბანკის კრედიტორია. კომპანიას დაგირავებული აქვს არსებული და სამომავლო მთელი მოძრავი ქონება.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC